Accessibility links

logo-print

პრეზიდენტისა და პროკურატურის საჯარო დავა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ორი დღეა, საჯარო სივრცეში აქტიურად კამათობენ: პრეზიდენტი პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების უკანონოდ გასაჯაროებაში ადანაშაულებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებულია. მათ მიერ დღეს, ცხრა აგვისტოს, გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს არღვევს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე არაეფექტურად რეაგირებს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ რვა აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც უწყება პრეზიდენტისგან ითხოვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ ინფორმაციისათვის მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქმეს გრიფი აღარ ადევს, ვინაიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არსებობს, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფი “საიდუმლო” არასწორად ჰქონდა დადებული. ამ ეტაპზე “საიდუმლო” გრიფი რჩება მცირე ნაწილზე...“

პროკურატურის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტებს გრიფი “საიდუმლო” მოხსნა, თუმცა ამავე დროს შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა. ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ „პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმოწერის შესახებ“, რის გამოც პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციის განცხადებას მალევე უპასუხა. როგორც სამინისტრო ირწმუნება, პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით:

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთვალყურეობს პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევისთვის აუცილებელი პირობაა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რვა აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურაც. როგორც უწყება აღნიშნავდა, გრიფი „საიდუმლო“ ედო იმ დოკუმენტებს, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009-2013 წლებში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. პროკურატურის განცხადებით: „ამ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოებასთან არ გვაქვს საქმე, რადგან „საიდუმლო“ გრიფი თავის დროზე კანონის დარღვევით იყო მინიჭებული გარკვეული ინფორმაციისათვის, რომ იგი საზოგადოებისათვის დამალული ყოფილიყო“.

ამ განცხადებების პასუხად დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რვა აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი პროკურატურასთან მიმოწერის ნაწილობრივ გასაჯაროებაზე მიუთითებდნენ:

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები პროკურატურის მიერ გაიგზავნა 2-ჯერ - ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს. ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი "საიდუმლო". ე.ი., კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან…

შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია". აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სოფო ჭარელი ამბობს, რომ პროკურატურას ამ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია, „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება იყო ძალიან ზოგადი და არ შეიცავდა არანაირ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ისაუბრებდა სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციაზე - შეეხებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რაღაც ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. ეს იყო ძალიან ზოგადი ხასიათის ინფორმაცია და ვთვლით, რომ ამ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით არანაირი სახელმწიფო საიდუმლოება არ გამჟღავნებულა“.

XS
SM
MD
LG