Accessibility links

logo-print

დიალოგი კოჰაბიტაციის სახელით


დავით უსუფაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე.

დავით უსუფაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე.

საათზე მეტ ხანს გაგრძელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. როგორც დაგეგმილი იყო, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, კერძოდ კი, პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება. როგორც შეხვედრიდან გამოსული მხარეები აცხადებენ, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში კვლავაც გაგრძელდება. მათი თქმით, ეს შეხვედრები არ ატარებს მხოლოდ პიარხასიათს და სჯერათ, რომ ამ შეხვედრებს პოზიტიური პერსპექტივა აქვს. შეხვედრიდან გამოსულმა მხარეებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც დისკუსიაში გადაიზარდა.

”ტელე-დებატებში ვართ?” - კითხულობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ”დიახ, ტელედებატებში ვართ”, - უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს მცირე გაურკვევლობა, დაძაბულობა თუ წაკამათება მიხეილ სააკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ასე ვთქვათ, შეხვედრის შესახებ საუბრიდან ”გადახვევას” მოჰყვა. ანუ, რომ განვმარტოთ, პრეზიდენტმა უმცირესობის წევრი დეპუტატების ხელების გადაგრეხასა და ამით მათი ხმების მოპოვებაზე არცთუ ისე ცოტა ისაუბრა, მანვე გაიხსენა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გავითარებული მოვლენები, იქ შეკრებილი ხალხი კრიმინალებად მოიხსენია, განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ისიც დააყოლა, ასეთ სიტუაციაში ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრიც უნდა მოდიოდესო:

მიხეილ სააკაშვილი: ”ამ ხალხმა მოაწყო ცემა-ტყეპა საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც მოდიოდა ჩვეულებრივ საჯარო ღონისძიებაზე. დღეს მოვისმინე განმარტება, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა განეხორციელებინა ქუჩაში წესრიგის დაცვა. მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს წესრიგს".

დავით უსუფაშვილი: "ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ?!”

მიხეილ სააკაშვილი: ”ბოდიში, ბოდიში. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, რომ ასეთ საგანგებო სიტუაციაში მოვიდეს პრეზიდენტთან შეხვედრებზე”.

დავით უსუფაშვილი: ”თქვენ ბრძანებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო აქ?”

მიხეილ სააკაშვილი: ”იმედია, რომ მომავალში მოვა”.

დავით უსუფაშვილი: ”კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოვა”.
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ ქუჩიდან პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს...

ამ დისკუსიამდე საათ-ნახევრით ადრე ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეიკრიბნენ. შეკრების ინსპირატორი, შეიძლება ითქვას, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები იყო. სწორედ საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა, ერთმანეთის მიყოლებით, მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უნდა შედგეს. საქმიანი დილოგი რომ შედგა და 11 თებერვალს გამართულ შეხვედრას უახლოეს დღეებში კიდევ რომ მოჰყვება შემდგომი შეხვედრები, ამის შესახებ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რეზიდენციის შუშის გუმბათიან დარბაზში შეატყობინეს:

”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ ქუჩიდან პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. - ”ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ ნაბიჯებამდე ნახევარი ნაბიჯია და აღარასდროს არ უნდა მივიდეთ იმ ზღვარზე, სადაც საქართველო იყო 90-იან წლებში. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება დისკუსია. მთავარია, რომ შევთანხმდით, რომ ასეთი თემები უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პროცესს უპერსპექტივოს ვერ დავარქმევ...

დიალოგის გზით კი უნდა გაგრძელდეს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც კონსტიტუციაში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეხება - იმ ცვლილებებს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის ერთადერთი ადგილსამყოფელი, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავს მთავრობას. როგორც დაგეგმილი იყო, შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, 11 თებერვალს გამართული მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იყო საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციურად დაფიქსირებაც, რათა, მისივე სიტყვებით, საქართველო არ ჩამოშორდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და არ მოხდეს მისი პოსტსაბჭოთა სივრცეში გაერთიანება.

”შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პროცესს უპერსპექტივოს ვერ დავარქმევ” - ეს სიტყვები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრიდან გამოსულ მომლაპარაკებლებს - პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს - შეხვედრის დეტალებზე ბევრი არაფერი უთქვამთ, თუმცა დავით უსუფაშვილმა ერთ მოსალოდნელ კონსტიტუციურ ცვლილებაზე მაინც გაამახვილა ყურადღება:

მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი

მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი

”ჩვენ, კოალიცია „ქართული ოცნება“, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს მოვახსენეთ, პრეზიდენტსაც, რომ იმ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება მთავრობის ფორმირების ნაწილში, ეს არის სწორედ გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმების, გადაწყვეტილების მიღებისა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენას საკანონმდებლო ორგანოში, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტს ქვეყნის პირველი პირისთვის მოსმენაზე უარი არ უთქვამს. მისი თქმით, ეს პროცესი გადაიდო, და ისიც დაამატა, რომ დაწყებული მოლაპარაკებების კვალდაკვალ პარლამენტი მზად იქნება მოუსმინოს პრეზიდენტს და თავისი პოზიციაც გააცნოს. პრეზიდენტი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქართველოს პარლამენტს დ, ამასთანავე, გაგრძელდეს დიალოგი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

”შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრმა რეაქციამ განაპირობა”, - ასე უყურებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს არაერთი უცხოელი მაღალჩინოსნის მკაცრი შეფასება მოჰყვა - მათ შორის იყვნენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. მათ მხარეებს მოუწოდეს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ძალადობისაგან. სოსო ცინცაძე მიხეილ სააკაშვილისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრისგან, მისივე სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ”გარღვევას” არ ელის. დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია, უკან დახევას კი არც ერთი მხარე არ აპირებს, ამბობს ის:
მთავარი მიზანი და ამოცანა ის უნდა იყოს, რომ აღარ მოხდეს შემდგომი გამწვავება. ეს დონე, რაც არის ახლა, ის შევინარჩუნოთ...

”მთავარი მიზანი და ამოცანა ის უნდა იყოს, რომ აღარ მოხდეს შემდგომი გამწვავება. ეს დონე, რაც არის ახლა, ის შევინარჩუნოთ, რადგან საშინელმა სცენებმა საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩვენ დაგვარწმუნა იმაში, რომ არც ერთი ძალა არ აპირებს უკან დახევას. ერთი მხარე გამარჯვებულია დ გამარჯვებული უკან არ იხევს, მეორე დამარცხებულია, მაგრამ არ არის მზად, რომ ბოლომდე შეეგუოს დამარცხებას”, - ამბობს სოსო ცინცაძე.

”კოჰაბიტაციის მიღწევა შეუძლებელია”, - ასე მიაჩნია გოგი ხუციშვილს, ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ ეტაპზე რისი მიღწევაც შეიძლება, ეს არის ე.წ. კოჰაბიტაციის ილუზიის შექმნა გარესამყაროსთვის. როგორც გოგი ხუციშვილი ამბობს, ამ პროცესში მკაფიო შეცდომებს უშვებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია:

„’ნაციონალური მოძრაობა’ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის კოჰაბიტაციისთვის იბრძვის, მაგრამ, ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც გააკეთეს თავის მმართველობის განმავლობაში, იყო სწორი. პრეზიდენტის და მისი გუნდის ყველა გამოსვლა იმაში მდგომარეობს, რომ ესენი წავლენ, ჩვენ ისევ მოვალთ და ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებდით”.

გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ მხარეების მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით ცხადი გახდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა არეულობის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, უმრავლესობამ მაშინაც დაუშვა შეცდომა, როდესაც პრეზიდენტს 8 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG