Accessibility links

logo-print
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველო ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთთან. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ღიაა როგორც რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე რუსი ტურისტებისა და კაპიტალისათვის. ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმი ასევე ცალმხრივად გაამარტივა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისათვის. რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა და რას ფიქრობენ მის შესახებ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები?

საქართველოს პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ 28 თებერვალს, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო მჭიდრო კავშირს კრავს დასავლეთთან, მაგრამ, იმავდროულად, მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც ცდილობს:

„მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ინიციატივით, ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან.“

მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო შეძლებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ამისათვის მეზობელი ქვეყნის მთავრობას მოუწევს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ეპატიჟება როგორც ტურისტებს, ასევე ბიზნესმენებს:

„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.“

პრეზიდენტის ინიციატივას, ცალმხრივად გააუქმოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი, პოლიტიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი „კარგი და ეფექტიანი სვლის“ შეფესებას აძლევს. ბაკურ კვაშილავაც, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგა:

„ამ სვლით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გაუგზავნა გამოწვევა და ამით აცნობა, თუკი თქვენ ამბობთ, რომ ქართველი ხალხი თქვენი მტერი არაა, მაშინ თქვენ გააკეთეთ რამე ისევე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ რუსი ხალხისათვის. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსი ხალხი არის ჩვენი მეგობარი, ამიტომ ვაუქმებთ ვიზებს თქვენთან და ეს არის საქმით დამტკიცებული პოლიტიკა, ახლა კი ჯერი თქვენზეაო.“

ბაკურ კვაშილავს თქმით, სააკაშვილის ინიციატივის სულისკვეთება თვისებრივად განსხვავდება რუსი პოლიტიკოსების განცხადებებისგან. მაგალითისათვის გამოდგება პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული შემდეგი განცხადება:

„მინდა გითხრათ, რომ არასოდეს ვაიგივებდით საქართველოს ხელმძღვანელობას ქართველ ხალხთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მართლაცდა მოძმე ერი, როგორც კულტურით, ასევე რწმენით, გააცნობიერებს, რომ რუსეთი მისი მტერი კი არა, მეგობარია და საქართველოსთან ურთიერთობაც აღდგება.“

ცხადია, ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებაში ჩამოყალიბებულია რუსეთის ხელისუფლების უცვლელი პოზიცია საქართველოს მიმართ, თუმცა არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ რუსეთში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები და, შედეგად, პუტინის ლეგიტიმურობის კლება, მომავალ პრეზიდენტს აიძულებს შესწორებები შეიტანოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში.

„ამ კონტექსტში შესაძლოა სააკაშვილის ინიციატივამ ერთგვარად ხელი შეუწყოს რუსეთიდან რაიმე სახის შემხვედრ ნაბიჯს (პირდაპირსა და ირიბს). ეს შემხვედრი ნაბიჯი, ალბათ, არ იქნება ზუსტად ეკვივალენტური, - რუსეთი არ გააუქმებს სავიზო რეჟიმს, - მაგრამ შესაძლოა გარკვეული ნაბიჯები მაინც გადაიდგას“, უთხრა არჩილ გეგეშიძემ რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნული ინტერესების საზიანო ელემენტებს შეიცავს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე საფრთხედ მიიჩნევს რუსული კაპიტალის ექსპანსიისათვის ხელისშეწყობას და, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებას მოითხოვს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ექსპერტთა ნაწილი რუსული კაპიტალისათვის ბაზრის გახსნაში სახიფათოსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მიხეილ თავხელიძე, წარმომადგენელი კოალიციისა „ევროპული საქართველოსთვის“, მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მხრიდან პოტენციური საფრთხეების კონტროლი სამართალდამცავი ორგანოების საქმეა და მხოლოდ კაპიტალის წარმომავლობა ქვეყანას პრობლემებს ვერ შეუქმნის:

„ინვესტიციებს, რომელთაც აქვთ არა ბიზნესინტერესი, არამედ ამოძრავებთ სხვა მიზნები, მათ საქმიანობას აზრი არ აქვს, რადგანაც არაფერი გამოვა. სახელმწიფო ძლიერია, თავის უსაფრთხოებას აკონტროლებს ძალიან კარგად, ამიტომ რამე საფრთხეს ვერ ვხედავ. ნებისმიერ ბიზნესს, როგორი მსხვილიც უნდა იყოს, არ შესწევს იმის უნარი, რომ საქართველოს შეაცვლევინოს პოლიტიკური კურსი ან ორიენტაცია ისე, როგორც ეს იქნებოდა ამ ორი წლის წინ.“

სწორედ ათი-თორმეტი წლის წინ გაუარესდა ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, როცა მოსკოვმა 2000 წლის დეკემბერში საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, მოგვიანებით კი, 2006 წელს, საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზარი დახურა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG