Accessibility links

logo-print

სააკაშვილი მზადაა გადადგეს, თუ რუსეთი ჯარებს გაიყვანს


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი მედვედევის განცხადებაზე კომენტარი 26 აპრილს რუსთავში ახალი ავტოდრომის გამოცდისას შემდეგ გააკეთა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი მედვედევის განცხადებაზე კომენტარი 26 აპრილს რუსთავში ახალი ავტოდრომის გამოცდისას შემდეგ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთის ხელისუფლება მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს საქართველოსთან სააკაშვილის გარდა, ნებისმიერი სხვა ლიდერის მმართველობის პირობებში, და საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი, თვით სააკაშვილი დღესვე გაემგზავრებოდა და ხელს მოაწერდა შესაბამის ხელშეკრულებას. „მზად ვარ, ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი და ჩემი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს, რუსთავში სტუმრობისას. ამ განცხადებებით ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ინტერვიუს, რომელშიც ის საქართველოსაც შეეხო. „ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია“, განაცხადა მედვედევმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში და გამოთქვა მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სურვილი - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავა მიხეილ სააკაშვილი. „სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნული. ადრე თუ გვიან, ის დატოვებს პოლიტიკის ისტორიას და ჩვენ მზად ვართ, დავამყაროთ ურთიერთობა ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. მისივე შეფასებით, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა - რეალურ წინსვლას მიაღწია სამოქალაქო თავისუფლების კუთხით. მოსალოდნელია, რომ დმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრად დაინიშნება მას შემდეგ, რაც 7 მაისს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით შეუდგება მუშაობას ვლადიმირ პუტინი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG