Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით


გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ, დაკითხვის დასრულების შემდეგ.
გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ, დაკითხვის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რომელიც 24 ოქტომბერს გავრცელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე. ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ე.წ. „უკრაინულ ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული სტენოგრამა-დიალოგი, სათაურით „სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში“. გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად 24-საათიანი პატრულირება და ვიდეომონიტორინგი დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა უდევს საფუძვლად გამოძიების დაწყებას, როგორ აფასებენ ამ პროცესს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებასა და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს. ამის შესახებ 24 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, ბრიფინგზე განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ:

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები".

ამ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები".

პრეზიდენტ სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები და საუბრები. ახლა კი არა, რეგულარულად. ასე რომ, ვერც კი ვხვდები, რა არის აქ აღსანიშნავი, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, რაც მოვისმინე...
გიგა ბოკერია

განცხადება იყო 30-წამიანი, დამატებითი განმარტებების გარეშე. ლევან იზორიას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია მიიღო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, არაფერი უთქვამს მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის თაობაზე, რაც გამოძიების დაწყების საბაბი გახდა. თუმცა გამოითქმის ვარაუდები, რომ მან იგულისხმა 23 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდ "wikileaks.center"-ზე გამოქვეყნებული სტენოგრამა რუსულ და ქართულ ენებზე, რომლის სათაურიცაა: „სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში“. „უკრაინული ვიკილიქსი“ მიმდინარე წლის მაისში მოსკოვშია რეგისტრირებული, 8 აგვისტოს კი მოხდა მისი განახლება. საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამა დიალოგის ხასიათისაა. ვებგვერდის მიხედვით, დიალოგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მიმდინარეობს სტამბოლში, ათა-თურქის აეროპორტის ვიაიპი დარბაზში, რომელიც 22 ოქტომბერს, დილის ექვს საათზე, შედგა. საიტზე არ არის გამოქვეყნებული საუბრის აუდიოჩანაწერი. სტენოგრამას თან ერთვის ორი ფოტო. ერთზე მიხეილ სააკაშვილია აღბეჭდილი, მეორეზე გიგა ბოკერია, თუმცა ფოტოებს არ ახლავს მინაწერი იმის შესახებ, თუ სად და რა დროს არის ეს ფოტოები გადაღებული. საიტზე გამოქვეყნებული დიალოგის შინაარსის მიხედვით, იგეგმება თავდასხმა, რომლის დროსაც მცირედ უნდა დაზარალდეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ასევე კარგი იქნება, რომ თავდასხმას ემსხვერპლოს ვინმე ახალგაზრდა დედა, „რაც საქართველოს ფეხზე დააყენებს“.

გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებით ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გადაფარვას. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის თქმით, ეს არის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა:

„პრეზიდენტ სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები და საუბრები. ახლა კი არა, რეგულარულად. ასე რომ, ვერც კი ვხვდები, რა არის აქ აღსანიშნავი, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, რაც მოვისმინე. და მე თუ არ ვცდები, ეს სააგენტო, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, აფილირებულია შსს-სთან“.

მე მაინტერესებს, რაში მდგომარეობს ეს ოპერატიული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ შემდეგ. ამ შემთხვევაში „ვიკილიქსს“ სერიოზულად არ ვეპყრობი...
მამუკა კაციტაძე

გამოძიების დაწყებას გამოეხმაურნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თვლის, რომ ინფორმაცია, რომელიც მედისაშუალებებით გავრცელდა, სერიოზულ ფაქტებს შეიცავს და ქვეყნის მოსახლეობის სიმშვიდისთვის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს მისი სანდოობა. დეპუტატის თქმით, გამოძიების დაწყება მოცემულ სიტუაციაში რელევანტურია. არასერიოზულად მიაჩნია ე.წ. „უკრაინულ ვიკილიქსზე“ დაყრნობით გამოძიების დაწყება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერ მამუკა კაციტაძეს, თუმცა, ამასთანავე, ის ყურადღებას ამახვილებს ლევან იზორიას მიერ ნახსენები ოპერატიული ინფორმაციის არსებობაზე:

„მე მაინტერესებს, რაში მდგომარეობს ეს ოპერატიული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ შემდეგ. ამ შემთხვევაში „ვიკილიქსს“ სერიოზულად არ ვეპყრობი. და იმედი მაქვს, რომ ამჟამადაც არ იქნება პოლიტიკური ანგაჟირება გამოყენებული ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს:

„ნათელია, რომ საქმე გვაქვს ერთიან კონტექსტთან, რომელიც, მათ შორის, ძალიან დიდწილად უკავშირდება მედიის თავისუფლებას. ამიტომ ველოდებით, რომ ამ პროცესში უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ზოგადად არ გამოირჩევა განსაკუთრებული გამჭვირვალობით, იქნება გახსნილი, ღია და საზოგადოებას მიაწვდის საკმარის ინფორმაციას, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რასთან გვაქვს საქმე, ვინ დგას ამის უკან და როგორ წარიმართება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG