Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ეცნობება თავად მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა მიეცემა, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. იგი განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ 30 ოქტომბრიდან იწყებს. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, როცა ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური ვალდებულია დაიწყოს საქმის წარმოება და მოამზადოს დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება:

“2015 წლის 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია ქართულ მედიაში, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქოება. ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოსი მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა. თუმცა მოგვიანებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა განსხვავებული განცხადება და თქვა: „ გავაფორმე ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ პროცესი დროში ჭიანურდება“. ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური“.

როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, იმისათვის რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად პროცედურის დაწყებით არ დარღვეულიყო საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს მოქალაქე არ დარჩენილიყო საერთოდ მოქალაქეობის გარეშე, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა უკრაინის შესაბამისი სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უკრაინიდან მიიღო 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტით, რომმიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს იქნა მიღებული. სწორედ ამ ნოტის საფუძველზე დაიწყო იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება. კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი პროცედურების ამ ქრონოლოგიაში სამართლებრივი ნორმების თანმიმდევრულად დაცვას ხედავს, თუმცა, იმავდროულად, ფიქრობს, რომ მთავრობამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვითაც იმოქმედა და ეს კონკრეტული პროცედურა აამოქმედა სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო საჭიროდ მიიჩნია:

“გამართლება, რომ ამ ფაქტის დაზუსტება მიმდინარეობდა და ისინი ელოდებოდნენ, ვთქვათ, უკრაინის ოფიციალური ორგანოებიდან ამ პასუხს, შეიძლება ჩაითვალოს გამართლებად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამართლებრივი საფუძველი არსებობს, წინა განცხადებებში თავად იუსტიციის მინისტრიც ამბობდა, რომ ამ პროცედურების, ასე ვთქვათ, ამ დისკრეციის გამოყენება დამოკიდებული იყო, მათ შორის, პოლიტიკურ ფაქტორებზეც. ანუ მას ეს არ დაუმალავს, რომ რამდენად ხანგრძლივი ან რამდენად შეზღუდული იქნებოდა დროში ეს პროცედურა დამოკიდებული იყო, მათ შორის, იმაზე, თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით როგორ გადაწყვეტდა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი განმარტავს კონტექსტს, რომელშიც საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ გაუჩნდა ინტერესი. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ხდება ორ შემთხვევაში: ერთი, როდესაც მოქალაქეობა მოქალაქეობიდან გასვლით წყდება და, მეორე, როდესაც მოქალაქეობა წყდება მოქალაქეობის დაკარგვით. ანა ნაცვლიშვილი აბობს, რომ, დღეს არსებული კონტექსტით, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მოქალაქეობის დაკარგვის შესახებსაუბარი ზოგიერთმა დაუკავშირა „რუსთავი 2“-ის თობაზე ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს. ანა ნაცვლიშვილი ამ ორ საკითხს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს და ამბობს:

“ფაქტობრივი მდგომარეობა გვაქვს ისეთი, რომ თუ მოქალაქეობა მოიპოვა სხვა ქვეყნის მიხეილ სააკაშვილმა და ამ შემთხვევაში, რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუბარია უკრაინის მოქალაქეობაზე და თუ ეს შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება და ამის საფუძველზე ამას გულისხმობს მინისტრი, მაშინ ეს სწორი განმარტებაა, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ გუშინდელი ჩანაწერის გამო განიხილება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, მაშინ ამას კანონი არ ითვალისწინებს და ეს არ იქნება სწორი“.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, სამართლებრივად მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს, გამოძიება კი გაგრძელდეს.

თუმცა, თუ იუსტიციის მინისტრის განცხადებას დავუბრუნდებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისპროცედურების დაწყება ფარული მოსმენების საქმეს არ უკავშირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG