Accessibility links

logo-print

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მორიგი ბრალდება 9 წლის წინანდელ ამბავს - დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს - უკავშირდება. 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა მათ ”დანაშაულის ორგანიზატორებად” ასახელებს. ”ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს, რაც აბსურდია ”ქართული ოცნებისთვის”. ოპონენტების კამათი ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.

ქალა-ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა - ასეთი შედეგით დასრულდა 2005 წლის 14 ივლისს თავდასხმა იმჟამინდელ და ამჟამინდელ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე, რომელიც, ექიმების მტკიცებით, სასწაულის ძალით გადაურჩა სიკვდილს. თავდასხმა თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაბლოკეს ვალერი გელაშვილის ავტომანქანა, რის შემდეგაც, მათ ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს მიწაზე და იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა...

გამოძიების თანახმად, თავდასხმა იმჟამინდელი სოდის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა განახორციელეს - ისინი დანაშაულის ორგანიზატორების, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის, სურვილისამებრ მოქმედებდნენ. მასალების თანახმად, იმჟამინდელი პრეზიდენტი გაზეთ „რეზონანსში“ 2005 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულმა სტატიამ განარისხა. საუბარია ვალერი გელაშვილის სტატიაზე, სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში დეპუტატი გამოთქვამდა უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიმართ, რომ მას წაართვეს ქონება და ფული არ გადაუხადეს. გამოძიების თანახმად, ამ სტატიაში იყო შეურაცხმყოფელი ფორმით საუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პირადი ცხოვრების შესახებ.

”აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
დავალების მიღების შემდეგ, ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება”, - ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდასხმის წინა დღეებში დამირეკეს და დამემუქრნენ. დამემუქრნენ ხელისუფლების სახელით. თავდასხმის დროს კი იმ პიროვნებამ, ვინც კონდახი ჩამარტყა, მითხრა: ხომ გითხარი, შეგხვდებიო...

პროკურატურის მიერ შესრულებულმა სამუშაომ ძალიან კმაყოფილი დატოვა თავად ვალერი გელაშვილი. მთელი ამ წლების განმავლობაში ის მუდამ დარწმუნებული იყო და 5 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის სასტიკი შურისძიების სამიზნე გახდა:

”თავდასხმის წინა დღეებში დამირეკეს და დამემუქრნენ. დამემუქრნენ ხელისუფლების სახელით. თავდასხმის დროს კი იმ პიროვნებამ, ვინც კონდახი ჩამარტყა, მითხრა: ხომ გითხარი, შეგხვდებიო... და ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვეღარ ილაპარაკებო. შუა ქალაქში რომ სპეცნაზი დაგხვდება, ამაზე დიდი ფაქტი რა უნდა ყოფილიყო. ვინ გაბედავდა ამას, რომ სპეცნაზი დაგახვედროს. წინა ღამით მანქანა გამიფუჭეს, დაჯავშნილი მანქანა გამიფუჭეს. ასეთ სპეცოპერაციას მხოლოდ სპეცსამსახური თუ შეძლებდა, სხვა ვერავინ”.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მანამდე, კერძოდ, აპრილში, პასუხისგებაში უკვე მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე. მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა. მიხეილ სააკაშვილისა და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 8 წლამდე ვადით.

თავად დაზარალებულისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ბრალდებულად გამოცხადებას, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მანამდე დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის კვალდაკვალ, პოლიტიკური ანგარიშსწორების გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს ”ნაციონალური მოძრაობა”. ამასთან, ის თვლის, რომ ”ქართული ოცნების” მთავრობა იგნორირებას უკეთებს დასავლეთის მითითებებს. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი გია ნოდიაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დიპლომატიური ენით მიმართავს თბილისს და გამგებმა უნდა გაიგოს:

თუ სახელმწიფომ ვერ მოაგროვა მტკიცე სამხილები, შეიძლება ეს მთლიანად მოუბრუნდეს მთავრობას და სახელმწიფოს. ნუ დაგვავიწყდება - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი...

”ვისაც შეუძლია, ასე თუ ისე, ამ დიპლომატიური ენის აღქმა და წაკითხვა, სრულიად ცალსახაა, რომ ხელისუფლებას ეუბნებიან: არ გინდათ. ბევრჯერ გაუფრთხილებიათ მანამდეც, კონკრეტულად პრეზიდენტზე. არც, ვთქვათ, მერაბიშვილის და უგულავას დაპატიმრება მოსწონდათ, მაგრამ, აი, პრეზიდენტი მაინც წითელი ხაზია. ეს ფაქტობრივად არის გარკვეული ხარისხით დასავლეთთან დაპირისპირება”.

თუკი გამოძიება ძლიერი, დასავლეთისთვის დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენას შეძლებს, ასეთ შემთხვევაში დასავლეთთან დამოკიდებულებაში პრობლემებს აღარ მოელის პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, საქმე ცუდად წავა:

”თუ სახელმწიფომ ვერ მოაგროვა მტკიცე სამხილები, შეიძლება ეს მთლიანად მოუბრუნდეს მთავრობას და სახელმწიფოს. ნუ დაგვავიწყდება - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და, ასევე, უახლოეს ხანში ნატოს სამიტია უელსში. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა რამდენჯერმე, არ უნდა ჩათვალოს საქართველოს ხელისუფლებამ და არ უნდა მოდუნდეს, რომ ყველაფერი მიღწეულია და აწი რასაც უნდა, იმას გააკეთებს”.

ამჟამინდელ მთავრობას სჯერა, რომ გამოძიება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს და რომ შეკითხვები და ეჭვებიც თანდათან გაქრება, ხოლო ვინც დასასჯელია, აუცილებლად დაისჯება.

XS
SM
MD
LG