Accessibility links

ექს-პრეზიდენტის ხარჯები და ელიტური კორუფციის ნიშნები


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის საქმეზე. მასთან ერთად პასუხისგებაშია მიცემული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. გამოძიებით დგინდება, რომ ექს-პრეზიდენტმა სახელმწიფო ფული დახარჯა როგორც პირადი, ასევე თანაგუნდელების - ”ნაციონალური მოძრაობის” - არაერთი ლიდერის დასვენებისა თუ გართობისთვის. მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ერთ დროს საიდუმლო ინფორმაცია კვლავაც პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე ხდება. არასამთავრობო სექტორი ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობს.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის თებერვალში საქართველოში მოიწვია ძვირად ღირებული მასაჟისტი დოროთი შტეინი (იგივე დოქტორ დოტი) და ეს ამბავი ინტერნეტსივრცეს უხერხული ეჭვების თანხლებით მოედო, მთავარი პროკურატურის განცხადებით, შესაბამისად გადაწყდა, რომ პრეზიდენტის შემდგომი ხარჯები გასაიდუმლოებულიყო. თუკი მანამდე პრეზიდენტის ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“ საჯაროდ განაგებდა, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მისი ხარჯების დაფინანსება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა და ეს პროცესი ”საიდუმლო” გრიფით წარიმართა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია ჩაუდგა სათავეში. შედეგად, გამოძიების თანახმად, 2009-2013 წლებში თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა თუ სტუმრებისთვის მიხეილ სააკაშვილმა თითქმის 9 მილიონი ლარი გაფლანგა.

პრეზიდენტი მინისტრებთან, დეპუტატებთან, სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად - მეც ვყოფილვარ იქ ნახსენები - იყო აქა და აქ, სადაც გაჩერდნენ სასტუმროში, რომელშიც გადახდილი იყო ამდენი... იმგზავრეს თვითმფრინავით, რომელშიც დაიხარჯა ამდენი... ხელი დაიბანეს, როცა დაიხარჯა საპონი... ეს არის არასერიოზული, სულელური ბრალდებები...

მასალების მიხედვით, მაგალითად, კოსმეტიკური პროცედურებისთვის გაწეული ხარჯი 673 260 ლარს შეადგენს, ხოლო ”ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი”. ასევე მასალებით ირკვევა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირებისთვის საზღვარგარეთ ავიალაინერის, ვერტმფრენის, იახტის, ავტომობილისა თუ ველოსიპედის დაქირავება სხვადასხვა დროს 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. დიდ ბრიტანეთში სააკაშვილისათვის ნაყიდი 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს ფასი 49 499 ლარს შეადგენს, ხოლო ხელით შეკერილი 2 კოსტუმისთვის გადახდილია 7 994 84 ლარი. ასევე საგამოძიებო მასალების თანახმად, მაგალითად, სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის შრომის ანაზღაურებისათვის, ბინისთვის, მზარეულის თარჯიმნის ხელფასისა და მზარეულის მგზავრობისათვის დახარჯულია 191 643 ლარი; პირადი სტილისტის სასტუმროს მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთებისთვის გადახდილია 75 181 ლარი.

განცხადებაში, რომელიც 13 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ წაიკითხა, დაფინანსებულთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ფიგურირებენ:

”გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი ... ტაილანდის კურორტ ფხუკეთში მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა”.

მეგობრებისთვის, პოლიტიკური პარტნიორებისთვის, პირადი ხარჯების გაწევისთვის ბიუჯეტის თანხებს ასე ფლანგავდა და ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა, თუ როგორ ზრუნავდა ქვეყანაზე და მოსახლეობაზე, ბუნებრივია, შემზარავია...

დაფინანსებულ პირთა ჩამონათვალში მოხსენიებული გოკა გაბაშვილი პრეზიდენტის მიერ საბიუჯეტო ფულის დახარჯვაში უცნაურსა და უკანონოს ვერაფერს ხედავს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა უთხრა 13 აგვისტოს ჟურნალისტებს, ასეთი ხარჯი ნებისმიერ და, მათ შორის, ამჟამინდელ მთავრობასაც აქვს:

”პრეზიდენტი მინისტრებთან, დეპუტატებთან, სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად - მეც ვყოფილვარ იქ ნახსენები - იყო აქა და აქ, სადაც გაჩერდნენ სასტუმროში, რომელშიც გადახდილი იყო ამდენი... იმგზავრეს თვითმფრინავით, რომელშიც დაიხარჯა ამდენი... ხელი დაიბანეს, როცა დაიხარჯა საპონი... ეს არის არასერიოზული, სულელური ბრალდებები”.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში თვლიან, რომ ხარჯი ადეკვატურია იმ პროგრესისა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიური მმართველობის პირობებში განიცადა საქართველომ და რომ საქმე კვლავაც პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს. თუმცა იმას, რაც ცრუ ბრალდება და აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა აზრით, შემზარავსა და გამაოგნებელს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობდა და იგნორირებას უკეთებდა იმხანად ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემასა და გასაჭირს:

”ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი თავს უფლებას აძლევდა და 50 ათას ლარს იხდიდა თავის პიჯაკებში - ბიუჯეტის თანხებს... ბუნებრივია, ეს ფაქტები, როდესაც პირადი საჩუქრებისთვის, მეგობრებისთვის, პოლიტიკური პარტნიორებისთვის, პირადი ხარჯების გაწევისთვის ბიუჯეტის თანხებს ასე ფლანგავდა და ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა, თუ როგორ ზრუნავდა ქვეყანაზე და მოსახლეობაზე, ბუნებრივია, შემზარავია”.

ცხადია, საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას, მაგრამ, 13 აგვისტოს გამოძიების მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, საკმაოდ არასახარბიელო შთაბეჭდილება დარჩა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთია, როცა პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ საქართველოს ტიპის ქვეყნის პრეზიდენტი ძვირად ღირებული სერვისით არ უნდა სარგებლობდეს და თავს ზედმეტი ფუფუნების უფლებას არ უნდა აძლევდეს:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

”თუკი მას არა აქვს სათუთი დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, მაშინ რა შეიძლება მან მოსთხოვოს სხვა სახელმწიფო მოხელეს. სწორი მაგალითი, ალბათ, პირველ რიგში, პირველმა პირმა უნდა ანახვოს სხვა მოხელეებს, რომ მათ არ წაუცდეთ ხელი და არამიზნობრივად არ დახარჯონ ბიუჯეტის თანხები. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან იაფიანი ტანსაცმლით არ უნდა ჩანდეს ქვეყნის პირველი პირი, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოს, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია, რომ ერთ პიჯაკში რამდენიმე ათასი ლარი დახარჯოს, ესეც საკითხავია”.

ეკა გიგაურის აზრით, თუკი სასამართლომ 13 აგვისტოს გახმაურებული ბრალდება დაამტკიცა, ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი ელიტური კორუფციისა, რომლის არსებობაზეც წლების განმავლობაში ლაპარაკობდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. ეკა გიგაური შეგვახსენებს, რომ კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღებას არ ნიშნავს. კორუფციაა, როცა, მაგალითად, არჩეული თანამდებობის პირი მდგომარეობას პირადი სარგებლისთვის გამოიყენებს. ამასთან, ის ფაქტი, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ჭირდა პრეზიდენტის ხარჯებზე ინფორმაციის მოძიება და კონტროლის პალატა (ამჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) სათანადოდ არ ამოწმებდა ამ ხარჯებს, ეკა გიგაურისთვის იმის მანიშნებელია, რომ თვითონ სისტემა იყო მომართული ელიტური კორუფციის ხელშესაწყობად.

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ”აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ - 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის”.

XS
SM
MD
LG