Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის გადადებული სიტყვა საპროტესტო აქციის ფონზე


მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

8 თებერვალს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მისი სიტყვით გამოსვლა იყო დაგეგმილი, არ მისულა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე უარი განაცხადა, გადაწყდა, რომ მედიის, დიპლომატიური წარმომადგენლებისა და უმცირესობის წევრების თანდასწრებით ის საზოგადოებას სიტყვით სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავდა, თუმცა ბიბლიოთეკასთან გამართული ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მათი თანამოაზრეების ხმაურიანი აქციის გამო პრეზიდენტის იქ მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა და საზოგადოებისათვის პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიემართა.

პოლიტიკურად დაძაბული დღის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაცვლად პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიემართა:

”დიდი შეშფოთება და გულისტკივილი მინდა გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. ჩვენ არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და, მით უმეტეს, შეტაკება”.

სააკაშვილმა თქვა, რომ 8 თებერვალს 2 საათზე დაგეგმილი იყო მისი გამოსვლა პარლამენტში, სადაც მას დაუსვამდნენ მწვავე კითხვებსაც, რისთვისაც ის მზად იყო და რაზეც პარლამენტმა უარი განაცხადა. მან ისიც თქვა, რომ არ აპირებდა მთავრობის დათხოვნას, რადგან ეს იქნებოდა დამანგრეველი პოლიტიკური პროცესებისათვის, შემდეგ კი ის არგუმენტები დაასახელა, თუ რატომ არ ეთანხმება ის და მისი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებს:
პირველი, საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამაზე არ ვკამათობთ, - რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი და ვალდებულება...

”რეალურად ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილების შეზღუდვა, რაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არც არის. პირველი, რაც მათ სურთ, ეს არის საქართველოს პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები - მთავრობას უნდა კარგად აკონტროლოს პარლამენტი. როდესაც მე და ჩემი მეგობრები (წინასაპარლამენტო უმრავლესობა) გამოვედით ინიციატივით, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, მთავარი მოტივაცია ამის იყო სწორედ ეს, რომ მთავრობა უნდა იყოს ცალკე, რომ პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი და არ იყოს მთავრობის წნეხის ქვეშ. მეორე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით კატეგორიულად, არის ის, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაუქმდეს”.

მოკლე შეფასებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ის სიტყვა წარმოთქვა, რომლით გამოსვლასაც გეგმავდა პარლამენტში და რომლითაც
მან ახალ მთავრობას რეალური კოჰაბიტაციისაკენ მოუწოდა და ამისათვის 4 იდეა შესთავაზა:

”პირველი, საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამაზე არ ვკამათობთ, - რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი და ვალდებულება; მეორე, საქართველო უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, სადაც ხალხის ნებას დავემორჩილებით და კანონს პარტიასა და ლიდერებზე მაღლა დავაყენებთ; მესამე, საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში; მეოთხე, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს. ეს არის ნაციონალური იდეები და, თუ ჩვენ ამ იდეების მხარდამჭერები ვიქნებით, მაინც საკმარისი ადგილი დაგვრჩება ჩვენს განსხვავებებზე სადავოდ და თან ისე, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა”.

სააკაშვილის 45 წუთიანი სიტყვის დასრულების შემდეგ გაიმართა შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო უკვე დაწყებულია გამოძიება.
პარლამენტის სახელით მივმართავ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ ჩვენთვის მოცემული ხმა უქმდება, ბათილდება მაშინვე, როგორც კი ეს მოქალაქეები ჩაერთვებიან რაიმე ტიპის ძალადობრივ მოქმედებებში...

რაც შეეხება მომხდარს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ხალხმა მობილიზება დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო. საღამოს ექვსი საათისათვის კი, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოჩენილიყო, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებით იყო სავსე. ბლოკირებული იყო ბიბლიოთეკის ყველა შესასვლელი. აქციაზე მისული ყველა ადამიანი აცხადებდა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ არც სააკაშვილისა და არც მისი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ასეც მოხდა: შენობაში შესვლა უმცირესობის მხოლოდ რამდენიმე წევრმა შეძლო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმრავლესობა და მათთან ერთად ქალაქის მერი გიგი უგულავა ხალხმა ბიბლიოთეკაში არ შეუშვა. კოლონა იძულებული გახდა უკან დაეხია. რამდენჯერმე ვითარება ისე დაიძაბა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

ამის შემდეგ პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად მიწვეულმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მედიამ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლა.

მომხდარის შემდეგ მთელი საღამოს განმავლობაში კეთდებოდა შეფასებები როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ლიდერებისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტს სურდა ვითარება ასე არ დაძაბულიყო, მას შეეძლო დაგეგმილი სიტყვით თავიდანვე რეზიდენციიდან მიემართა საზოგადოებისათვის.

უსუფაშვილმა ისიც თქვა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პარლამენტარზე ხელი აღმართა ( როგორც ცნობილია, შეხლა-შემოხლის დროს დაზიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი) და, ამავე დროს, ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობისგან:

”პარლამენტის სახელით მივმართავ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ ჩვენთვის მოცემული ხმა უქმდება, ბათილდება მაშინვე, როგორც კი ეს მოქალაქეები ჩაერთვებიან რაიმე ტიპის ძალადობრივ მოქმედებებში”.

”ეს იყო წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია” - ასე შეაფასა 8 თებერვლის მოვლენები უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე მოქმედ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG