Accessibility links

logo-print

29 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალის დადგენილება გადასცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს. გაირკვა, რომ ექს-პრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ ჩვენება მიცემული აქვთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ვასილ მაღლაფერიძესა და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომელი დიანა ტრაპაიძე შვიდი წელი ელოდებოდა დაზარალებულად ცნობას „7 ნოემბრის საქმის“ იმ ნაწილში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასა და დახურვას შეეხება. დიანა ტრაპაიძემ პროკურატურის გამომძიებელს ჩვენება რამდენიმე თვის წინ მისცა, სულ ახლახან კი უწყებაც მიიღო:

„სადაც საუბარია, რომ მე პროკურატურამ მცნო დაზარალებულად „იმედის“ თემაზე და ხელმწერით დავადასტურე ეს ფაქტი. 7 წელია თავს მივიჩნევ დაზარალებულად ბევრ ჩემს კოლეგასთან ერთად. უბრალოდ, ახლა დაემთხვა ის, რომ პროკურატურამ ამ მიმართულებით დაიწყო საქმის წარმოება“.

პროკურატურამ საქმის წარმოება ექს-პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრების, მათ შორის ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ტელეკომპანია „იმედიც“ დაარბია. აი, როგორ იხსენებს დიანა ტრაპაიძე შვიდიწლისწინანდელ ამბებს:

ამ დოკუმენტში საუბარია ერთი დღით ადრე, ანუ 4 ნოემბერს, გამართული თათბირის შესახებ, სადაც დაიგეგმა ამ მომიტინგეების ცემა და დაშინება, რომ მათ სამომავლოდ პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოეჩინათ. ვფიქრობ, რომ ორი აზრი არ არის: ეს იყო უკიდურესად კრიმინალური ხასიათის თათბირი...

„სულ ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო მეორე დღე, ანუ 8 ნოემბერი, როცა გათენდა და აღმოჩნდა რომ არც სამსახური გვაქვს, დარბეულები და დასტრესილები ვართ... ჩემთვის, როგორც იმ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად ვინმემ ამაზე აგოს პასუხი. თუ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები და მართლა სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდით, მაშინ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. ასეთი ამბები ასე უბრალოდ არ უნდა ქრებოდეს“, უთხრა დიანა ტრაპაიძემ რადიო თავისუფლებას.

7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურისათვის ჩვენება მიცემული აქვს მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ვასილ მაღლაფერიძესაც. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ გამოძიება დაინტერესდა მისი იმ ჩვენებით, რომელიც 2007 წლის 5 ნოემბერს წერილობით მისცა მაშინდელ სახალხო დამცველს:

„ამ დოკუმენტში საუბარია ერთი დღით ადრე, ანუ 4 ნოემბერს, გამართული თათბირის შესახებ, სადაც დაიგეგმა ამ მომიტინგეების ცემა და დაშინება, რომ მათ სამომავლოდ პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოეჩინათ. ვფიქრობ, რომ ორი აზრი არ არის: ეს იყო უკიდურესად კრიმინალური ხასიათის თათბირი, რომელშიც მონაწილეობდა შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური პროკურორი, დაზვერვა და კონტრდაზვერვა... მეტი არც არავინ დარჩა სახელმწიფოში. ამიტომ ჩავთვალე, რომ ერთადერთ სანდო ინსტიტუციას - ომბუდსმენს - უნდა სცოდნოდა ეს ამბავი, რათა საერთაშორისო რეაგირება მოეხდინა“.

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მისი ჩვენების დეტალები შევიდა სახალხო დამცველის ანგარიშში, შინაარსი კი გადაეგზავნა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მაღლაფერიძის თქმით, გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. პროკურატურის წარმომადგენელ კოკა კაციტაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის წარმომადგენლების უკანონო ქმედებების გამო დაირღვა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება. და კიდევ:

„ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის“. - ეს განცხადება მთავარმა პროკურატურამ 28 ივლისს გააკეთა, 29 ივლისს კი ბრალის დადგენილება გადაეცა ბრალდებულთა ადვოკატებს, რომელთა შორის იყო ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი:

ისინი დავობენ, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში ჯოზეფ კეიმ კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო ეს წილები, მაშინ როცა ერთი კვირის წინ პროკურატურა მის მიერ წარმოდგენილი მოწმით, ჯოზეფ კეითი ამტკიცებდა, რომ კეი კეთილსინდისიერი შემძენი იყო ამ ქონების...

„ბრალის დადგენილება აბსოლუტურად იდენტურია იმ ნარატივისა, რომელიც პროკურატურამ წაუკითხა ჟურნალისტებს. არანაირი განსხვავება არ არის. ანუ ეს არის მოთხრობა, რომელიც, გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა. და სანამ ამ მტკიცებულებებს არ ვნახავთ, ძნელია რამეზე საუბარი“.

კიდევ ერთი ადვოკატი, ვისაც ბრალის დადგენილება გადასცეს, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ადვოკატი ბექა ბასილაიაა. მისი თქმითაც, აშკარა შეუსაბამო და ერთმანეთის გამომრიცხავია ბრალდების არგუმენტები „იმედის“ გასხვისების საქმეებში:

„ბრალდების შესახებ დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ წესდების მოთხოვნათა დარღვევით გადააფორმებინეს პატარკაციშვილების ქონება ჯოზეფ კეიზე, ანუ ისინი დავობენ, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში ჯოზეფ კეიმ კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო ეს წილები, მაშინ როცა ერთი კვირის წინ პროკურატურა მის მიერ წარმოდგენილი მოწმით, ჯოზეფ კეითი ამტკიცებდა, რომ კეი კეთილსინდისიერი შემძენი იყო ამ ქონების და მისგან მოხდა ამ ქონების არაკეთილსინდისიერად დათმობა, ანუ, საბოლოო ჯამში, ბრალდების მხარეს მოუწევს აირჩიოს ერთი რომელიმე პოზიცია“.

პროკურატურის არგუმენტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორიც. პოლიტიკური შემადგენლის გამორიცხვის მიზნით, აუცილებელია, რომ პროკურატურამ წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი და მისი მთავრობის წევრები პირადად იყვნენ ჩართული სისხლის სამართლის დანაშაულში. ასე ფიქრობს საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი:

„როცა საუბარია უმაღლეს თანამდებობის პირებზე, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტზე, რომელიც გარკვეულწილად სიმპათიით სარგებლობს ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკოსების ნაწილში, აუცილებლად უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს პროკურატურა, რათა კითხვები არ გაჩნდეს ბრალთან დაკავშირებით. ეს არის პირველი საქმე, რომელიც გამოკვეთა პროკურატურამ სისტემური დანაშაულის ნიშნებით“.

XS
SM
MD
LG