Accessibility links

logo-print

სააკაშვილის თანაგუნდელების წასვლა მარგველაშვილის მოსვლის წინ


გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილეები, გუბერნატორები თუ პრესსპიკერი - წარმავალი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი პირები, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პოსტებს მშვიდად, პოლიტიკური ბრალდებების გარეშე ტოვებენ. თუმცა ”ქართული ოცნება” უშიშროების საბჭოს მდივანსა და გუბერნატორებთან მიმართებით გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

”ნაციონალური მოძრაობა” ლოგიკურად და ადეკვატურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და გუბერნატორები პოსტებს ტოვებენ. ასეთი მიდგომა აქვს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატს, აკაკი მინაშვილს, რომელიც ხაზს უსვამს მნიშვნელოვან განსხვავებას ძველი პრეზიდენტის გუნდისა და ახალი პრეზიდენტის ხედვებს შორის:

”მოდის სხვა პოლიტიკური გუნდი. ჩვენი ხედვები ახლად არჩეული პრეზიდენტის, მისი გუნდის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული ძალიან ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის - საგარეო საკითხებთან მიმართებაში. და არ არის საკვირველი ის, რომ გიგა ბოკერიამ და გუბერნატორებმა გააკეთეს განცხადება წასვლაზე”.

კოჰაბიტაცია დასრულდა და, აქედან გამომდინარე, საკადრო ცვლილებების პროცესიც ბუნებრივია - ასე თვლიან ”ქართულ ოცნებაშიც”. თუკი, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მოვუსმენთ, პოლიტიკური ძალა, რომლის იდეოლოგიც გიგა ბოკერია იყო და არის, საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისად შეაფასეს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა საგანელიძეს იმედი აქვს, რომ პროცესი ამით არ დასრულებულა და რომ ბევრ რამეს მომავალი გაარკვევს:

პროკურატურაში უამრავი გამოძიებაა. გამოძიებაა მათ რიცხვში ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონის ლობისტებზე გაცემასთან დაკავშირებით. და იქიდან, როგორ წარმოგიდგენიათ, 300 ათასი დოლარი, 400 ათასი დოლარი ნაღდი ანგარიშით არის გაცემული, ელჩებზეც - მათ რიცხვში...
”დრო კიდევ უფრო უკეთ შეისწავლის და შეაფასებს, ბოკერია და მისი ჯგუფი ქვეყნისთვის რას აკეთებდნენ და რა სიკეთე აქვთ გაკეთებული და რა ბოროტება”.

ამგვარი შეფასება შინაარსობრივად აშკარად ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ არაერთხელ გაკეთებულ მინიშნებას იმის თაობაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გულისხმობს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მისი მდივნის გიგა ბოკერიას საქმიანობის შესწავლასაც და რომ ხალხისთვის წართმეულ და ლობისტებისთვის მიცემულ მილიონებთან დაკავშირებით თავის სიტყვას გამოძიება იტყვის. ერთი ასეთი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 17 ოქტომბრის პრესკონფერენციაზეც გააკეთა:

”პროკურატურაში უამრავი გამოძიებაა. გამოძიებაა მათ რიცხვში ბოკერიას სამსახურის მიერ 16 მილიონის ლობისტებზე გაცემასთან დაკავშირებით. და იქიდან, როგორ წარმოგიდგენიათ, 300 ათასი დოლარი, 400 ათასი დოლარი ნაღდი ანგარიშით არის გაცემული, ელჩებზეც - მათ რიცხვში. ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევთ მათ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას”.

პრემიერ-მინისტრის ამგვარ განცხადებებს ყოვლად უსაფუძვლოდ და აბსურდულად მიიჩნევს თავად გიგა ბოკერია, ხოლო მის მომხრეებში სიცრუის ლობირებისთვის, ევროპელებისა და ამერიკელების მოსატყუებლად უცხოელებისთვის უკანონოდ მიცემული ფულის თემა ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, სიცილსაც კი იწვევს. თუმცა, კონკრეტული მაჩვენებლების დასახელების გარეშე, რადიო თავისუფლებას 15 ნოემბერს დაუდასტურეს მთავარ პროკურატურაში, რომ მიმდინარეობს გამოძიება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალ მდივანს, ამ პოსტზე უკვე დასახელებულია ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირინა იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. საქმიანობას ის ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.

პირველ რიგში, ხელს უწყობდნენ არჩევნების გაყალბებას რეგიონებში, რაიონებზე გაწერილი თანხების კონტროლს ახდენდნენ, ყველა ტენდერში რეგიონებში ამ ადამიანებისგან ხდებოდა ყველანაირი ”ატკატების” კეთება და მთელი ის უბედურება, რაც ხდებოდა...
ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე. კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს.

თუკი ბრალდებების თემას გავაგრძელებთ, უნდა ითქვას, რომ ”ქართული ოცნების” ბრალდებები პოსტების დამტოვებელ გუბერნატორებსაც უკავშირდება. კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ ამის შესახებ კვლავ უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ლაპარაკობს:

”პირველ რიგში, ხელს უწყობდნენ არჩევნების გაყალბებას რეგიონებში, რაიონებზე გაწერილი თანხების კონტროლს ახდენდნენ, ყველა ტენდერში რეგიონებში ამ ადამიანებისგან ხდებოდა ყველანაირი ”ატკატების” კეთება და მთელი ის უბედურება, რაც ხდებოდა. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ რეგიონში მათი საქმიანობა შესასწავლი იქნება აუცილებლად შესაბამისი ორგანოების მიერ”.

ამგვარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ მთავარ პროკურატურაში. გავიხსენოთ, რომ ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა კახეთის აწ უკვე ექს-გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ ხორციელდება, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის ექს-გუბერნატორი თენგიზ გუნავა საპატიმროდან პრეზიდენტმა იხსნა, შეიწყალა და ნასამართლეობაც მოუხსნა. ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს პროცესები არაერთხელ შეფასდა პოლიტიკურ დევნად. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, პოსტიდან გადამდგარ გუბერნატორთა უმრავლესობა პოლიტიკაში და, ცხადია, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში აპირებს დარჩენას.

როდესაც დამნიშვნელი პოსტიდან მიდის, მას დანიშნულებიც რომ მიჰყვებიან - საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამის ამ პროცესს აბსოლუტურად ლოგიკურად და გასაგებად მიიჩნევს ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე. როგორც მან 15 ნოემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ გუბერნატორი არჩევითი თანამდებობა არ არის, ის ხალხზე მეტად ანგარიშვალდებულია დამნიშვნელის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მტკიცე დემოკრატიისთვის გუბერნატორების არჩევითობას თავადაც ისურვებდა, დავით ლოსაბერიძე მიიჩნევს, რომ ეს იოლად გადასაწყვეტი საქმე არ არის:

”ეს არ არის ორგანული კანონის საქმე. ამის განმსაზღვრელია საქართველოს კონსტიტუცია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იქმნება და რომელიც ამაზე იმუშავებს, ერთი წლის შემდეგ, როგორც ამბობენ, დადებს შესაბამის რედაქციას და შესაბამისი განხილვისთვის გამოიტანს პროექტს, სადაც ეს საკითხიც იქნება ასახული”.

შესაბამისად, დავით ლოსაბერიძეს არ უკვირს, რომ გუბერნატორის არჩევითობის პრინციპს არ ითვალისწინებს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ კანონპროექტი, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტში განიხილავენ. ასე რომ, თუკი მანამდე გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავდა, ამიერიდან მათ მთავრობა დანიშნავს.

დაბოლოს, პოსტი დატოვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც. საგანგებო ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა ყოფილ თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაყობს მიხეილ სააკაშვილთან მუშაობით.
XS
SM
MD
LG