Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო ახალ წელს


ახალ წელს და ახალი წლის დადგომის შემდეგ კიდევ ორიოდე დასვენების დღის განმავლობაში დროის გატარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია სმა მანამ, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტატისტიკაში არ აისახები როგორც გადამეტებული ალკოჰოლის მოხმარების გამო სასწრაფოდ დასახმარებელი. სიმართლე გითხრათ, ასეთი გართობა დიდად არ მიზიდავს. უფრო სწორად, მერე არ მიყვარს წუწუნი, რომ „დილით ცუდად ვარ“ და „ეს რა დამემართა“ და ა.შ. ამიტომ ახალ წელს ძირითადად ვისვენებ ხოლმე, დასვენების დღეებსაც ვიყენებ და სახლში თბილად ვზივარ. აი, მაშინ კი, როცა სახლში თბილად ზიხარ და იცი, რომ მეორე დღესაც ასევე თბილად იჯდები და ირგვლივ ყველაფერი ახალი წლის დადგომაზე მიანიშნებს, იდეალური დროა უყურო ფილმებს, რომლებსაც მხოლოდ ახალ წელს შეიძლება უყურო.

არის კატეგორია ფილმებისა, რომლებიც ძალიან მიყვარს და რომლებსაც ზუსტად მხოლოდ საახალწლო არდადეგებზე ვუყურებ ხოლმე. 2014 წელსაც ასე შევხვდი: მე და ჩემი მეგობარი გოგო ვუყურებდით ფილმს „მარტო სახლში“. მერე ჩაგვეძინა, მერე გაგვეღვიძა და ისევ ფილმის ყურება გავაგრძელეთ. დღევანდელი პროგრამა სწორედ ასეთ ფილმებს შეეხება, ანუ ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გენახათ 1-2 იანვარს, თუმცა თუკი რომელიმე ჯერ არ გინახავთ, არც ახლაა გვიან.

როცა გადავწყვიტე, ასეთი სია შემედგინა ჩემი პროგრამისთვის, ამის შესახებ ფეისბუკზე დავწერე. ვიფიქრე, რამე ფილმი არ გამომრჩეს-მეთქი, საბოლოოდ კი, ჩემმა „ფრენდებმა“ რამდენიმე ძალიან კარგი ფილმი გამახსენეს. ჩემი მხრივ ამ „ფრენდებს“ შევთავაზე თვითონაც შეედგინათ პატარა, სამფილმიანი სია, რომლებსაც ახლავე გაგაცნობთ.

ია ვეკუა ახალგაზრდული პროგრამის სტუმარი ერთხელ უკვე იყო, როცა პროგრამა „იქს ბოქსის“ და „ფლეი სთეიშენის“ შედარებას მიეძღვნა. საერთოდ, როცა საქმე ფილმებს და კომპიუტერულ თამაშებს ეხება, იას თვალდახუჭული უნდა ენდო. მან ასეთი სია შემოგთავაზათ: პირველი სიაში არის “Love Actually”, პატარა ისტორიებისგან შემდგარი დიდი სადღესასწაული ისტორია. როგორც იამ მიაწერა თავის სიას, „ამ ფილმში თითქოს პატარა რეცეპტებია მოცემული, თუ როგორ შეგიძლია თავი იგრძნო უფრო უკეთესად ან შენს გარშემო შეიქმნა უფრო ბედნიერი გარემო”. მეორე ფილმი, რომელსაც ია გვთავაზობს, არის „while you were sleeping“ - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ასე ვთქვათ, „ცალმხრივი სიყარულის“ შესახებ და, ნუ, სანდრა ბულოკის ერთ-ერთი ყველაზე კარგი როლი. იას სიაში მოხვდა ერთი ქართული ფილმიც. ქართული ფილმი სხვა არც ერთ სიაში არ შესულა, ამიტომ განასკუთრებული აღნიშვნის ღირსია. როგორც აღმოჩნდა, იას უყვარს „კუჩხი ბედინერი“ და ამ ფილმის შესახებ ძალიან კარგი ანოტაციაც გამომიგზავნა, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ: „ეს არის გურამ პატარაიას არაჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი, სასაცილო და ცოტაც სევდიანი ფილმი, რომელშიც ახალი წლის სასწაულის მოლოდინში რეალური ბედნიერებაც მოდის - მხოლოდ ცოტა მოთმინებაა საჭირო“.

სიის შედგენა ვთხოვე ასევე ჩემს ერთ-ერთ საყვარელი ბლოგერს, თამარ მირიანაშვილსაც, რომელმაც ეს სამი ფილმი შემოგვთავაზა: „1) Home Alone 2) When Sally met harry 3) While you were sleeping“. „სანამ შენ გეძინა“ ამ სიაშიც მოხვდა და მასზე თავიდან აღარ ვიტყვი არაფერს. აქ ხედავთ, ალბათ, ერთ-ერთ ყველასთვის საყვარელ საშობაო ფილმს „Home Alone”. ეს ფილმი ბავშვობიდან მახსოვს, როცა 6-7 წლის ვიყავი და ახალი წელი ნიშნავდა თითქმის ერთკვირიან შეუწყვეტელ ელექტროენერგიას - ასევე იმას, რომ ამ დროს ტელევიზორისთვის უფროსებს არ ეცალათ, ისინი სამზადისით იყვნენ დაკავებულები. ბავშვობაში ახალი წელი, მგონი, ზუსტად მხოლოდ ტელევიზორის თავისუფალი ყურების კვირეულის გამო მიყვარდა. მაშინ თითქმის ყველა არხზე, თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სწორედ ეს ფილმი გადიოდა და დღემდე არ შემიძლია ახალი წლის გატარება ისე, რომ ერთხელ მაინც არ ვუყურო „მარტო სახლში“-ს. ამის გარდა, სიაში შევიდა „როცა ჰარი შეხვდა სალის“. ეს ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსული საშობაო ფილმია. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ აბა, სცადეთ და უყურეთ ამ ფილმს თქვენს მეგობარ გოგოსთან ერთად, მაშინვე აღმოჩნდებით ჩათრეული ცხარე დისკუსიაში - „არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და კაცს შორის!“

შემდეგი სიის შედგენა ვთხოვე ნიკა დვალიძეს, ჟურნალისტს და ძალიან კარგ ტიპს, რომლის სიაც ასეთია: Home Alone 2 - როგორც ნიკამ მომწერა, ეს ფილმი განსაკუთრებით იმიტომ უყვარს, რომ უყვარს ნიუ იორკი. მართლაც, მეორე ნაწილი ბევრს ზუსტად იმიტომ უყვარს, რომ, პირველისგან განსხვავებით, მოქმედება ნიუ იორკში ხდება. მაკალეი კალკინი სასტუმრო „პლაზაში“ ცხოვრობს და ბოროტ მძარცველებს ხელს უშლის სათამაშოების მაღაზიის გაქურდვაში, ბოლოს კი თავს სენტრალ პარკს აფარებს. როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს?! ნიკას სიაში მეორე ფილმია “Love Actually”, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მესამე კი - ერთი ძალიან კარგი ფილმი, ისეთი სთორილაინით, ერთხელ მაინც აუცილებლად რომ უნდა აგეტიროს - "Serendipity", რაღაც საოცრად რომანტიკული ისტორია ბედისწერისა და ურთიერთობის შესახებ. ფილმის ორი მთავარი გმირი საკუთარ ტელეფონის ნომრებს 5 დოლარიან კუპიურებზე წერს და პირობას დებს, ერთმანეთს მხოლოდ მაშინ შეხვდნენ, თუკი ბედისწერა მათ ამ კუპიურებს ისევ შეახვედრებს. მოკლედ, ეს ფილმი ნამდვილად თქვენს მეგობარ გოგოსთან ერთად უნდა ნახოთ.
მეოთხე სია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა შეადგინა. მან სამი მშვენიერი ფილმი შეარჩია საშობაოდ. ანი ბარბაქაძის სია ასეთია: How the Grinch Stole Christmas - ალბათ, სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი ერთხელ მაინც არ ენახოს. ამ ფილმში მე განსაკუთრებით საშობაო დეკორაციები მომწონს, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. მეორე ფილმი სიაში არის “Stepmom”- ძალიან სევდიანი ისტორია, რომელიც თქვენს საზეიმო განწყობას, მართალია, ფეხს არ აუწყობს, მაგრამ თქვენ საახალწლო არდადეგებზე ორი ქალის ურთიერთობის ისტორია ნამდვილად უნდა ნახოთ. მესამე ფილმი კი, რომელიც ანიმ სიაში შეიტანა, ჩემი საყვარელი საშობაო ფილმია - „The Holiday”. ფილმი, რომელსაც, უბრალოდ, უნდა უყურო, ნაკლები იფიქრო, ნაკლებ ჩაუღრმავდე და ა.შ. ეს, უბრალოდ, ბრწყინვალე ისტორიაა, რომლის გაცნობითაც დიდ სიამოვნებას იღებ.
მოკლედ, ასეთი იყო ჩემი „ფრენდების“ მიერ შედგენილი სიები. ჩემი სია კი მარტივი შესადგენია, ყველა ეს ფილმი და პლუს კიდევ ერთი, უფრო სწორად, ერთი ტრილოგია, რომელსაც, მართალია, არავითარი კავშირი არ აქვს არც შობასთან და არც ახალ წელთან, მაგრამ მე მაინც სწორედ ამ დროს მიყვარს ხოლმე მისი ყურება. „უკან მომავალში“ - ყოველ ახალ წელს სამივე ფილმს ვუყურებ ხოლმე. განსაკუთრებით მეორე ნაწილი მიყვარს, როცა მარტი მაკ ფლაი მომავალში მიემგზავრება. უცნაურია იმის ყურება, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა ხალხს 2015 წელზე 1985 წელს - მით უმეტეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მომავალი უკვე 1 წელიწადში დადგება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG