Accessibility links

logo-print
9 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ 9 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებაზე მომუშავე ჯგუფის წევრებიც. რა განცხადებები გააკეთეს შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და როგორ აფასებენ მათ მომავალ თანამშრომლობას პოლიტოლოგები?

მდუმარე შეხვედრა - ასეც კი შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამართული შეხვედრა, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ნახევარსაათიანი საუბარი დახურულ კარს მიღმა და შემდეგ მათი განცხადებები რეზიდენციის ეზოში, რომელმაც, ჯამში, სულ ხუთი წუთი შეადგინა. მდუმარე იყო ხელის ჩამორთმევა შეხვედრის დასაწყისში და შეხვედრის ბოლოს. მდუმარე იყო ფოტო და ვიდეოკამერებთან პოზირება შეხვედრის დასაწყისში და შეხვედრის ბოლოს. მდუმარე იყო პრეზიდენტისა და კოალიციის ლიდერის თანმხლებ პირთა მისალმებაც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავშეკავებულ ჟესტებზე იყო დამყარებული. საბოლოო ანგარიშით, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდისა და კოალიციის წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა არ დაუყვედრებიათ, თუმცა ფოტო და ვიდეოკამერებმა ზედმიწევნით ასახეს ავლაბრის რეზიდენციაში შეკრებილი მხარეების - მოდით, ასე ვთქვათ - დაძაბული მიმიკა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება პირველმა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანი დემოკრატიული გზით - კოალიციის ლიდერიც და საქართველოს პრეზიდენტიც თავიანთი განცხადებების დასაწყისშივე მთავარ აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით აკეთებენ.

ბიძინა ივანიშვილი: ”მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი, რომ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება დემოკრატიული გზით და ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება.”
მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა პრაქტიკულად უმეტეს საკითხებზე, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას ...

მიხეილ სააკაშვილი: ”ეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიის ფარგლებში გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ ქართველი ერის არჩევანს ჩვენ პატივს ვცემთ.”

ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი 9 ოქტომბრის შეხვედრაზე იდგნენ გვერდიგვერდ და ისინი აცხადებდნენ, რომ მათი შეხვედრა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მისიას ასრულებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზუსტად სამწუთიანი გამოსვლისას ორჯერ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მმართველ გუნდსა და კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური და ეროვნული საკითხები აშორებს:

”მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა პრაქტიკულად უმეტეს საკითხებზე, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თუ რა იგულისხმება მხარეების შეხედულებებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებაში, ეს საკითხი გაუგებარია პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძისთვის. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ ევროპისა და ნატოში გაწევრიანებისკენ სვლა და სწრაფვა კვლავაც გაგრძელდება, რასაც წინა ხელისუფლებაც ესწრაფოდა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ზურაბ აბაშიძის თქმით, ორივე გუნდი თავისუფალ, ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დამყარებულ ეკონომიკას აღიარებს.

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრა

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრა

სულ რამდენიმე სიტყვით დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა 9 ოქტომბერს ავლაბრის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აზრი:

”ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი ქართული კულტურა. აი, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი.”

მოახერხებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ”ქართული ოცნების” ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მომავალი ერთი წლის განმავლობაში კონსტრუქციულ, მშვიდობიან თანამშრომლობას? ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსული ლიდერების სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ესაუბრება:

”დაძაბული წინასაარჩევნო პროცესის, არაერთი გამოქვეყნებული კომპრომატისა და ბრალდების ფონზე მათი ურთიერთობა ნამდვილად არ იქნება ადვილი”, - ამბობს ის და სწორედ ამით ხსნის შეხვედრიდან გამოსული ლიდერების საკმაოდ მკაცრ გამომეტყველებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მათი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ყალიბდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნად:
ამ უღირს მოქმედებებს „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება ...

”არ შეიძლებოდა, რომ მათ სხვანაირი გამომეტყველება ჰქონოდათ. ერთმანეთს რომ დასტაკებოდნენ და ხვევნა-კოცნა დაეწყოთ, არაბუნებრივი იქნებოდა და არც იყო საჭირო. ისინი არიან ოპონენტები, ისინი არიან პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ის ფაქტი, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს როგორ იმუშაონ ახლო მომავალში ერთობლივად, იმის მაჩვენებელია, რომ თანამშრომლობაზე საუბრობენ და არა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოსტი უნდა დატოვოს”, - მიაჩნია ზურაბ აბაშიძეს.

ბიძინა ივანიშვილის შემტევ ინტონაციაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ის რადიო თავისუფლებასთან ერთ დაკვირვებაზე საუბრობს, რომელიც მან შეხვედრიდან გამოსული ლიდერების განცხადებებში აღმოაჩინა:

”ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას არ დავიწყებია და არც დაივიწყებს იმ უღირს საქციელს, როგორც იქცეოდა არჩევნების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რაც სავარაუდოს ხდის, რომ ამ უღირს მოქმედებებს „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება.”

ბიძინა ივანიშვილმა 9 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის თაობაზე ”ქართული ოცნებისა” და მმართველი პარტიის აზრები ერთმანეთს ემთხვევა და რომ ევროპისკენ სწრაფვა მათი პოლიტიკის მთავარი სტრატეგია იქნება, ისევე როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG