Accessibility links

საარჩევნო დარღვევები, რომლებიც სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს


საქართველოს 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ ტურის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, ადგილი ჰქონდა ისეთი დარღვევების ცალკეულ შემთხვევებს, როგორებიცაა ფიზიკური დაპირისპირება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა- მუქარა, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლება და სხვ. არჩევნების მეორე ტურის სამართლიან გარემოში ჩასატარებლად საჭირო პირობებზე საუბრობდნენ არჩევნების უწყებათშორის კომისიაშიც, რომელიც 28 ოქტომბერს შეიკრიბა. ნონა მჭედლიშვილი განავრცობს თემას.

არჩევნების უწყებათშორისი კომისიის სხდომას არ დასწრებია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თუმცა სხდომაზე, ამის მიუხედავად, აქტუალობა არ დაუკარგავს შემთხვევას, რომელზე ინფორმაციაც პარტიამ 27 ოქტომბერს გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, აკაკი მაჭუტაძის ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის თანამშრომელს და წაართვეს ვიდეოკამერა, რომლითაც ის წინასაარჩევნო შეხვედრას იღებდა. დაზარალებული მედიასთან აცხადებს, რომ ამ კამერაზე იყო აღბეჭდილი ის მანქანაც, რომელიც მათ კანდიდატს კამპანიის დროს მთელი დღის მანძილზე დაჰყვებოდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია ძარცვის მუხლით, რის შესახებაც, არჩევნების უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შედეგ, მედიასთან აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა. იგი აცხადებს, რომ უწყება ახალციხეში მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს:

„საქმე დაწყებულია 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაზარალებულმა მისცა ჩვენება და რაც ვიცი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დაგეგმილი ამ დილით. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე [გამოძიება] დაიწყო ამ მუხლით, თუ გამოიკვეთება, რომ რაღაც სხვა გარემოებები იყო ან რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზეც იმოქმედებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ არჩევნების უწყებათშორისი კომისიის მსჯელობის საგანი იყო, ძირითადად, საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს ან დასრულდა და სასამართლო განხილვებია. იგი ამბობს, რომ პასუხისგებაში 8 ოქტომბრიდან დღემდე 19 პირია მიცემული:

„ეს არის, მთლიანობაში, 19 პირი 12 სისხლის სამართლის საქმეზე, ზოგიერთ მათგანს გირაო აქვს შეფარდებული, ზოგიერთს საპატიმრო წინასწარი აღკვეთის ღონისძიება და დანარჩენ საქმეებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. პრობლემა, რაც აქვს ხოლმე პოლიციას ან საარჩევნო ადმინისტრაციას, არის ის, რომ როდესაც განცხადებაში, მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებული პოტენციური დაზარალებული არის დაბარებული გამოკითხვაზე, ის არ ასახელებს ან ვერ ასახელებს ხოლმე იმ ადამიანის გვარს, სახელს, ადგილს, სადაც მასზე მოხდა ზეწოლა. თუმცა, არის საპირისპირო, მცირე ოდენობის, მაგრამ შემთხვევები, სადაც რეაგირებები ხდება“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩაივლის.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად კი, 9 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ადგილი ჰქონდა: ფიზიკური დაპირისპირების ორ, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის – რვა, სავარაუდო პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის – ორ შემთხვევას. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ამ ფაქტებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საჭიროა სამართალდამცავებმა მათზე სათანადო, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. აქვე იგი ყურადღებას ამახვილებს მარნეულისა და ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების არათანაბრობასა და არაერთგვაროვნებაზე:

სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ...

„მარნეულში მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირების დასაკავებლად შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა გამთენიისას და ექვსი ადამიანი დააკავა, ექვსივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ზუგდიდში, სადაც საარჩევნო უბნების დარბევაში, დაახლოებით, 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მხოლოდ ორი პირი იქნა დაკავებული, მათგან ერთს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა, ხოლო მეორეს გირაო შეეფარდა. სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ“.

„სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიის კანდიდატები სხვადასხვა ოლქში მათი მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მიმართ ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე პრეტენზიები, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებმა გამოხატეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG