Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო დავებმა სასამართლოში გადაინაცვლა


5 ოქტომბერი საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო საჩივრების განხილვის ბოლო ვადად არის განსაზღვრული. ამის შემდეგ დავები სასამართლოში გადაინაცვლებს. უკვე ცნობილია, თუ რომელი სადავო უბნების შედეგებს გააპროტესტებს სასამართლოში როგორც ”ქართული ოცნება”, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის არჩევნების შედეგები გაუქმებულია სიღნაღისა და ხულოს თითო-თითო უბანში. 5 ოქტომბერს, მიუხედავად ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოწოდებისა შეწყდეს კომისიებთან საპროტესტო აქციები, გარდაბნის და დედოფლისწყაროს რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიებთან ადგილობრივი მცხოვრებლები არჩევნების შედეგებს კვლავაც აპროტესტებდნენ, თუმცა ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ამჯერად აქციები მათი პოლიტიკური ძალისგან წახალისებული არ ყოფილა.

სიღნაღის #5 საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრის თარიღს ცესკო ორი კვირის ვადაში დანიშნავს, ხულოს ერთ-ერთი უბნის შედეგები კი, უბრალოდ, გაბათილდება და ის საერთო მონაცემებში აღარ აისახება. ცნობილია, რომ ცესკოში გამართული სხდომის შემდეგ შეიცვალა თეთრიწყაროს 31-ე უბნის შედეგების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაც. კერძოდ, გაუქმდა ამ უბნის გაუქმების შესახებ განკარგულება. იქ ხმებს ხელახლა გადაითვლიან.
ჩვენ ვითხოვდით გორის სპეცუბანზე შედეგების გაბათილებას და მაგ საჩივარს სასამართლოში წავიღებთ, ასევე მარნეულის ოლქის შედეგების გადათვლას ...
ნინო ლომჯარია

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი განმარტავს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ორ დღეში ჯერ შესაბამის საქალაქო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, ხოლო ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება, გასაჩივრების შემთხვევაში, ერთი დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს. უზენაესი სასამართლო, როგორც ცნობილია, კანონით, საარჩევნო დავებს არ განიხილავს. დღეს სწორედ ამ პროცესშია როგორც ”ქართული ოცნების” საარჩევნო სამსახური, ისე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.

საჩივრების უმეტესობით სასამართლოს მიმართავს „სამართლიანი არჩევნები”, რომლის ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია, ამბობს, რომ უკვე იწერება საჩივარი ხაშურის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით:

”გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვდით გორის სპეცუბანზე შედეგების გაბათილებას და მაგ საჩივარს სასამართლოში წავიღებთ, ასევე მარნეულის ოლქის შედეგების გადათვლას და ამ საჩივრითაც სასამართლოს მივმართავთ. ასევე ახალქალაქის ოლქში ოქმის შედეგების ბათილობას ვითხოვდით და ესეც ჩვენთვის სადავო საკითხია. ველოდებით ზუგდიდის შედეგებს და თუ იქაც არ დაკმაყოფილდა საჩივრები, ამ შემთხვევაშიც სასამართლოს გზით ვიბრძოლებთ.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საარჩევნო დავებს სასამართლოში აღარ წაიღებს, რადგან, როგორც ორგანიზაციის მთავარი იურისტი გია გვილავა აცხადებს, სასამართლომ რომ დააკმაყოფილოს მათი სარჩელი, საერთო შედეგზე დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს. ძირითად დავებს კი ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ექვს უბანზე აწარმოებდა:
კიდევ გვაქვს იმედი, რომ ამ სიმართლეს დავასაბუთებთ სასამართლოში, რადგან ხელში გვიჭირავს ნამდვილი ოქმი, რომელიც დამოწმებულია ბეჭდით და ამ უბნის თავმჯდომარის და მოადგილის ხელმოწერებით ...
ირინა იმერლიშვილი

”ეს იყო ბათუმის ოლქში #17 უბანი, ხაშურის #36, #46 და #19 უბნები. ყველაზე სადავო იყო სიღნაღის მეხუთე უბანი და იქ შედეგები გაუქმდა. გვრჩება ხაშურის #17 უბანი და იქაც, როგორც ვიცით, არ დაგვიკმაყოფილებენ საჩივარს და, ვფიქრობთ, ამ საჩივრით მივმართოთ თუ არა სასამართლოს.”

”ქართული ოცნების” საარჩევნო სამსახურის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი გვეუბნება, რომ მათი საჩივრების დიდი ნაწილიც, საოლქო კომისიების მხრიდან დაუკმაყოფილებლობის გამო, სასამართლოში უკვე წაღებულია; ნაწილიც, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავს, პროკურატურაში გაიგზავნება - იგულისხმება ამომრჩეველზე ზეწოლა, მათი მოსყიდვა, მათი არჩევანის გამჟღავნების მცდელობა და ა.შ. ირინა იმერლიშვილს დედოფლისწყაროს მაგალითი მოჰყავს, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის ზეწოლის დამადასტურებელი ვიდეომასალის ნახვაც არ ისურვეს. ”ქართული ოცნება” სასამართლოში იდავებს სიღნაღის მეხუთე ოლქისთვისაც, სადაც, მართალია, შედეგები გაუქმებულია, მაგრამ, ირინა იმერლიშვილის თქმით, იქ ”ქართული ოცნება“ მოითხოვდა რეალური ოქმით არჩევნების შედეგების აღიარებას:

”კიდევ გვაქვს იმედი, რომ ამ სიმართლეს დავასაბუთებთ სასამართლოში, რადგან ხელში გვიჭირავს ნამდვილი ოქმი, რომელიც დამოწმებულია ბეჭდით და ამ უბნის თავმჯდომარის და მოადგილის ხელმოწერებით და არა ქსეროასლებით. ასე რომ, ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ.”

სადავო უბნები რჩება ყვარელში, ამბროლაურში, მარტვილსა და ზუგდიდში. ”ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები ხაშურის ოლქში მთლიანად, რასაც სასამართლოს გზით მოითხოვენ:

”ხაშური, მართლაც, პრინციპული საკითხია. მოგებული რომ გვაქვს, ერთი ცალკე თემაა, მაგრამ მეორეა, რომ ყველამ იხილა, იქ რა მოხდა, როგორ შეიჭრა სპეცრაზმი და როგორ შეიძლება ილაპარაკონ, რომ იქ არაფერი მომხდარა.”

5 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის 5-მა მოსახლემ, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების მიმართ პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადა, მათ მხარდასაჭერად გარდაბანში ადგილობრივი მოსახლეობის აქციაც გაიმართა, თუმცა, როგორც მამუკა არეშიძის პრესსპიკერი ქეთევან ლომაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ეს აქცია არ არის ორგანიზებული ”ქართული ოცნებისა” და, კონკრეტულად, გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის მიერ.

დაბოლოს, ცესკოს უახლესი მონაცემებით, 39 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების", 33-ში კი - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს. ცესკოს ცნობით, არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა მაჟორიტარულ ოლქში უკვე დათვლილია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG