Accessibility links

logo-print
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლაში სდებენ ბრალს. მათი განცხადებით, მმართველი კოალიციის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო, ჩაიშალა 18 პარტიასთან მიღწეული შეთანხმება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადებით, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის გარეშე შეუძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. რა უშლის ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას?

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა, იმთავითვე გამოკვეთა რვა ძირითადი მიმართულება: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ამომრჩეველთა სიების ფორმირება, პარტიების დაფინანსებისა და მედიის საკითხები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა, საარჩევნო პროცედურები არჩევნების დღესა და დავების საკითხი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის მამუკა კაციტაძის თქმით, მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევისა და სათანადო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირდა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. შესათანხმებელი დარჩა კიდევ რამდენიმე საკითხი, თუმცა, მამუკა კაციტაძის თქმითვე, 15 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყარა:

„ხელმოწერები გააკეთეს მემორანდუმზე და უცბად ცხვირწინ გადაიხია ეს ყველაფერი! თანაც სად? კოალიციის პოლიტსაბჭოზე! ისმის შეკითხვა: რა საჭირო იყო ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, ეს გაუთავებელი შეხვედრები? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიციაში მრავალფეროვნება კი არ წყვეტს საკითხს, არამედ წყვეტს კონკრეტული თათბირი, რომელზეც წერტილი დაესვა ამ ყველაფერს“.

კოალიციის პოლიტსაბჭოზე ამ საკითხზე იყო ცხარე დებატები და, საბოლოოდ, კოალიციის უმრავლესობა ჩამოყალიბდა, რომ არ მოხდეს არც ერთი თეთრით დაფინანსების გაზრდა არც გამარჯვებული პარტიებისათვის და არც ბარიერსმიღმა დარჩენილი პარტიებისათვის...
წერტილის დასმის შესახებ საზოგადოებას ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ამცნო. მისი თქმით, გადამწყვეტი აღმოჩნდა სამი პარტიის წინააღმდეგობა პარტიათა დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით:

„ამ იდეამ ვერ მოიპოვა საყოველთაო მხარდაჭერა. ამიტომაც კოალიციის პოლიტსაბჭოზე ამ საკითხზე იყო ცხარე დებატები და, საბოლოოდ, კოალიციის უმრავლესობა ჩამოყალიბდა, რომ არ მოხდეს არც ერთი თეთრით დაფინანსების გაზრდა არც გამარჯვებული პარტიებისათვის და არც ბარიერსმიღმა დარჩენილი პარტიებისათვის. გადაწყდა, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდეს დაფინანსების გადახედვა“.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კონსენსუსის წესით. პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კი 20 პარტიის დადებით პოზიციას დაუპირისპირდა სამი, მათ შორის ერთი კოალიციის წევრი პარტია. პასუხად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ ასეთი რამ ყოფილ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი არ გაუკეთებია, როცა 1 ოქტომბრის არჩევნების წინ რამდენიმე პარტიამ უარი განაცხადა შეთანხმებული ცვლილებების გაზიარებაზე:

„’ნაციონალურ მოძრაობას’ მაშინ, სხვათა შორის, არ უთქვამს, რომ იმის გამო, რომ 10 პარტია არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს, მოდი, ამასაც არ გავაკეთებო. ასეთი რამ „ნაცმოძრაობას“ არ უთქვამს! ახლა კი მივიღეთ სიტუაცია, როცა უარის სათქმელად მოძებნეს საბაბი“.

ლევან ვეფხვაძის თქმით, სამი პარტიის უარი მხოლოდ საბაბია მემორანდუმის გაფორმებაზე, მიზეზი კი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების უცვლელ გარემოში ჩატარების სურვილია, რაც ინტერფრაქციული ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, ეჭვის ქვეშ დააყენებს ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას:

„საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს. დღეს მოქმედებს 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დრაკონული კოდექსი, რომელიც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე მმართველისათვის. ასეთ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა და სამართლიანობა, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

7 არის მათი, 6 – „ოცნების“. ჩემთვის სრულიად საოცარი აღმოჩენაა ის, რომ „ქართული ოცნება“ იბრძვის კომისიებში სტატუს-კვოს შენარჩუნებისათვის, ანუ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდეს კომისიებში უმრავლესობა...
არასაპარლამენტო ოპოზიციის სულისკვეთებას იზიარებს ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. პავლე კუბლაშვილის თქმით, პარტია მხარს უჭერდა პარტიების დაფინანსების გაზრდის ინიციატივას და მხარს უჭერს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის გაგრძელებას:

„ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი პრეტენზიები ითქმის, ვიდრე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ პარლამენტში განხილვის დროს, საკომიტეტო მოსმენებისას ან პლენარულ სხდომაზე განხილვისას გავაგრძელოთ ამ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიები იყვნენ ჩართული. ამიტომ მე მივესალმები, თუკი გაგრძელდება მუშაობა იმავე ფორმატში“.

საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ოპოზიციონერი წევრებისათვის გასაკვირია ის, რომ „ქართული ოცნება“ არ ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციებში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას. ლევან ვეფხვაძის თქმით, 13 კაციან კომისიებში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია:

„7არის მათი, 6 – „ოცნების“. ჩემთვის სრულიად საოცარი აღმოჩენაა ის, რომ „ქართული ოცნება“ იბრძვის კომისიებში სტატუს-კვოს შენარჩუნებისათვის, ანუ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდეს კომისიებში უმრავლესობა“.

ოპონენტების ამგვარ კრიტიკას არ იღებს მმართველი კოალიცია, რომლის ლიდერთა მტკიცებით, მოახლოებული არჩევნები გამორჩეული იქნება გამჭვირვალობითა და სამართლიანობით, რაც, გარკვეულწილად, კანონებში ცვლილებების შეტანითაც მიიღწევა. თუმცა ხელისუფლების დაპირებების არ სჯერა არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომლის ერთ-ერთი წევრის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად საჭირო იქნება ისეთივე ბრძოლა, როგორიც წინა ხელისუფლებების წინააღმდეგ წარმოებდა.

„ჩვენი ბერკეტები არის იგივე, რაც იყო წინა ავტორიტარული რეჟიმების, ანუ შევარდნაძისა და სააკაშვილის პირობებში, რომ, ერთი მხრივ, მივმართოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გამოვრიცხავთ საპროტესტო გამოსვლებსაც და, მეორე მხრივ, ჩვენი აპელირების ძირითადი სამიზნე იქნება მაინც საერთაშორისო ორგანიზაციები. შევეცდებით ხმა მივაწვდინოთ ევროპის საბჭოს, ეუთოს და ჩავაყენოთ ისინი საქმის კურსში, რომ საქართველოში ტარდება არათავისუფალი, არადემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად“, უთხრა კახა კუკავამ რადიო თავისუფლებას.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები მოუთმენლად ელიან 24-26 ივლისის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომებს, რომელთა მსვლელობისას საბოლოოდ გაირკვევა, შევა თუ არა ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში.
XS
SM
MD
LG