Accessibility links

NDI-ის დელეგაცია გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოზე ლაპარაკობს


6 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა. დელეგაციის მიზანი იყო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო ვითარების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, სამოქალაქო სექტორს 2 სექტემბრიდან ხვდებოდნენ.

ბოლო ოთხი დღეა NDI-ის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. სწორედ ამ შეხვედრების შედეგია ის ანგარიში, რომელიც დელეგაციის წევრებმა 6 სექტემბერს მედიას წარუდგინეს და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია შეაფასეს. პრეზენტაცია NDI–ის პრეზიდენტმა კენეთ უოლაკმა გახსნა. მისი სიტყვებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დამყარებულ საარჩევნო გარემოში ხვდება, საქართველოს ამომრჩეველი, გასულ არჩევნებთან შედარებით, უფრო ღია საარჩევნო გარემოთი სარგებლობს. საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ საშუალება, ელექტორატს მედიის საშუალებით ესაუბრონ და, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, დაუბრკოლებლად შეხვდნენ ამომრჩეველს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრების შეფასებით, პოლიტიკური აქტორების მიერ გამოთქმული შეშფოთებები სერიოზულია, თუმცა ნაკლებად გავრცელებული, ვიდრე ეს წინა წელს იყო.

დელეგაციის წევრები შენიშნავენ ასევე, რომ მიუხედავად საქართველოში ზოგადად წინასაარჩევნო ვითარების გაუმჯობესებისა, მაინც რჩება მთელი რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ურჩევენ დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობას.

მაგალითად, დელეგაცია შეშფოთებით აღნიშნავს მუნიციპალურ არჩევნებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ თანამდებობების დროზე ადრე დატოვების ტალღას.

საქართველოს კანონმდებლობა ჯერაც არასაკმარისად მიჯნავს სახელმწიფო და პარტიულ რესურსებს...
ანგარიშის ავტორების თქმით, არჩევნების დროს უპირობოდ უნდა იყოს დაცული შეკრების თავისუფლება, ხოლო საჯარო მოხელეებს და კანდიდატებს მიეცეთ საშუალება საკუთარი მოვალეობები დაშინებისა და ფიზიკური ხელყოფის გარეშე შეასრულონ.

ცალკე თავადაა ანგარიშში გამოყოფილი საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია. ამ მხრივ დელეგაცია შემაშფოთებელ ასპექტად 12 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას მიიჩნევს და მოუწოდებს პრეზიდენტს დროულად დაასახელოს ახალი კანდიდატი.

დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ჯერაც არასაკმარისად მიჯნავს სახელმწიფო და პარტიულ რესურსებს.

საქართველოს მოსახლეობის მხიდან ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასახელებულ პრობლემად კი, ანგარიშის ავტორების განცხადებით, კვლავაც რჩება საარჩევნო სიები, რადგან 97 000 ამომრჩეველი რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობს.

წინასაარჩევნო ანგარიშში ასევე საუბარია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, მედიაგარემოს, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

დელეგაციის რეკომენდაციათა გრძელი ნუსხა კი მიმართულია როგორც უწყებათშორისი კომისიის, ძალოვანი სტრუქტურების, სახელმწიფო თანამდებობის პირების, პოლიტიკური ლიდერების, პრეზიდენტის, ცესკოსა და ცალკეული სამინისტროების, პარლამენტის მიმართ და ყველა რეკომენდაციას აქვს ერთი საერთო ნიშანი - რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციაში შედიოდნენ: მისურის შტატის ყოფილი მდივანი რობინ კარნაჰანი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პერ ეკლუნდი, ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი კრისტინ ტოდ უიტმანი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი, NDI–ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი, NDI–ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

დელეგაციის ვიზიტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG