Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ


საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტის განხილვა გორში
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტის განხილვა გორში
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ - საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტის განხილვა საზოგადოებასთან ერთად დაიწყო. ორგანიზაციების წარმომადგენლები გორში ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხს, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო თანხების გამოყენებას, ამომრჩეველთა სიებს და მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა სოსო ბორცვაძემ შეხვედრაზე შენიშვნები გამოთქვა. მისი აზრით, არჩევნებამდე ამომრჩევლების წინასწარი რეგისტრაცია გარკვეულ რისკებს შეიცავს.

გორის „სახალხო დარბაზის“ წარმომადგენლის თამაზ მაყაშვილის აზრით, კოდექსში შედის საჭირო ცვლილებები, რაც საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ელენე ნიჟარაძემ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების საკითხს დიდი დრო დაუთმო. მისი აზრით, წინა არჩევნების გაშუქების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ფარულ პოლიტიკურ რეკლამას ეწეოდა. შესაბამისად, ამ საკითხის რეგულირება აუცილებელია.

შეხვედრაზე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, მოიხსნებოდა თუ არა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში ოპერატორების გადაადგილების შეზღუდვა. საიას წარმომადგენლის ლელა ტალიურის განცხადებით, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება და კოდექსში ასახული არ არის, გასაჩივრების ყველა გზაც ამოწურულია, ამიტომ ეს რეგულაცია თვითონ ცესკოს გასასწორებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავენ დისკუსიებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ისინი რეკომენდაციების პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებსაც გააცნობენ.
XS
SM
MD
LG