Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი - ახალი კოდექსი და გარემო


15 არასაპარლამენტო პარტიის მიერ შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობის შესაბამისობას, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლების მასტშაბური წარმომადგენლობა და საპარლამენტო პარტიების მიერ სარეკლამო დროის მონოპოლიზება შეუძლებელს ხდის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. რა და როგორ უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად?

15 პარტიისაგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის წევრი და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ძირეულად შესაცვლელია საარჩევნო სისტემა, რომელიც, საარჩევნო ოლქების შეუსაბამო ზომებისა და მაჟორიტარული მანდატების მაღალი წილის გამო, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას:

„არ ვარგა საქართველოში საარჩევნო სისტემა, იმიტომ რომ იგი ვერ უზრუნველყოფს მანდატის წონის თანაბრობას, რაც არის პირველი შენიშვნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და, მეორე, საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების თანაბრობას და კანონი იძლევა საშუალებას ხელისუფლებამ მოიპაროს მანდატების დაახლოებით 25-30 პროცენტი“.

ვთავაზობთ ხელისუფლებას განიხილოს რეგიონალურ-პროპორციული სისტემა, ანუ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ანუ ჩვენი სისტემაც ითვალისწინებს მაჟორიტარული ნაწილის ამოღებას და მთლიანად პარლამენტის დაკომპლექტებას პროპორციული სისტემის საფუძველზე...
ელენე ნიჟარაძე

მამუკა კაციტაძის თქმით, ამგვარი მანკიერი სისტემის გამო ადგილობრივი არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში, 45%-პროცენტიანი მხარდაჭერის მიუხედავად, მანდატების 76 პროცენტი მიიღო, რადგანაც პროპორციული სისტემით მიღებულ 45 პროცენტს დაემატა მაჟორიტარულ არჩევნებში მოგებული 25 მანდატი. მამუკა კაციტაძის თქმით, ასევე საარჩევნო სისტემის ნაკლია ისიც, რომ არათანაზომიერია მაჟორიტარული ოლქები, რის გამოც თითო-თითო დეპუტატს ირჩევს როგორც 5 000-ამომრჩევლიანი ყაზბეგის რაიონი, ასევე 160 000-ამომრჩევლიანი ქუთაისი. ინტერპარტიული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი კი, გიორგი ახვლედიანი, მიიჩნევს, რომ უსუმართლოა, როცა 13-კაციან საარჩევნო კომისიებში მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ სიმბოლურად - ორი კაცითაა წარმოდგენილი.

ინტერპარტიული ჯგუფის გარდა, საარჩევნო სისტემისა და კოდექსის შეცვლას ითხოვენ საქართველოში მოქმედი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოთვლიან პირველი რიგის პრობლემებს: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამომრჩეველთა სიები. გარდა ამისა, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ კანონმდებლობა დროულად არ შესწორდა, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. მისი თქმით, პირველ რიგში საუბარია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე:

„ვთავაზობთ ხელისუფლებას განიხილოს რეგიონალურ-პროპორციული სისტემა, ანუ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ანუ ჩვენი სისტემაც ითვალისწინებს მაჟორიტარული ნაწილის ამოღებას და მთლიანად პარლამენტის დაკომპლექტებას პროპორციული სისტემის საფუძველზე, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეგიონალურ დონეზე მოხდება წარმომადგენლობის არჩევა. შესაბამისად, პარტიებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადგილობრივ დონეებზე წარმატებული კანდიდატები წარადგინონ და მოსახლეობას საშუალება ექნება თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს რეგიონალურ დონეზე, ანუ პროპორციული სისტემა არ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, უთხრა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას.

ეს საკითხი რომ გადაწყდეს, უფრო ფართო პოლიტიკურ სპექტრში უნდა იქნეს განხილული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმრავლესობის პოზიციას, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რადგანაც სისტემის შეცვლა - მაგალითად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ან სხვა რომელიმე სისტემის შემოღება...
ვახტანგ ხმალაძე

საარჩევნო სისტემის შეცვლისა და რეგიონალურ-პროპორციული სისტემის შემოღების მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ნაწილიც. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე წლებია მიუთითებს ვენეციის კომისია და ევროპის საბჭო:

„...იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არსებული დისპროპორცია, როცა ერთიმეორისგან ლამის ოცჯერ განსხვავებული რაოდენობის ამომრჩევლები ირჩევენ პარლამენტის თითო წევრს და ეს დისპროპორცია აუცილებლად არის შესაცვლელი. პარტიის სახელით რესპულიკელებმა ეს პრობლემა უკვე წამოვწიეთ პარლამენტში და ამ საკითხის გადაჭრაზე უკვე მსჯელობენ დეპუტატები“.

ვახტანგ ხმალაძე ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს რეგინალურ-პროპორციული სისტემის შემოღებას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა არ იქნება იოლი, რადგანაც დაკავშირებულია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან:

„ეს საკითხი რომ გადაწყდეს, უფრო ფართო პოლიტიკურ სპექტრში უნდა იქნეს განხილული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმრავლესობის პოზიციას, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რადგანაც სისტემის შეცვლა - მაგალითად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ან სხვა რომელიმე სისტემის შემოღება - მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებას, რადგანაც კონსტიტუცია გვეუბნება, რომ პარლამენტის 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, 77 კი - პროპორციული სისტემით. თუ ეს ჩანაწერი არ შეიცვლა კონსტიტუციაში, ვერანაირი ცვლილება ამ მიმართულებით ვერ მოხდება“.

ვახტანგ ხმალაძე ასევე ლაპარაკობს პარლამენტში ისეთი ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობაზე, რომელიც საარჩევნო სისტემისა და გარემოს შეცვლაზე იმუშავებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ინტერფრაქციული ჯგუფი იქმნება პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, თუმცა საფუძველს წარმოადგენს ფრაქციების შეთანხმება, ამ შემთხვევაში - სურვილი შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ინტერფრაქციულ ჯგუფში, საპარლამენტო ფრაქციების გარდა, ასევე იწვევენ არასაპარლამენტო პარტიებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG