Accessibility links

logo-print

საქართველოში მოქმედმა 15-მა არასაპარლამენტო პარტიამ შექმნა ინტერპარტიული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა მოამზადოს. ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. რა და როგორ უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად?

ინტერპარტიულ ჯგუფში, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით იმუშავებს, 15 პარტია ერთადერთი მიზნით გაერთიანდა: შეიტანონ საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრის, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის თქმით, არსებითად უნდა შეიცვალოს როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე საარჩევნო სისტემა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნაკლად ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ასახელებენ ეგრეთ წოდებულ მაჟორიტარული არჩევნების წესს. მამუკა კაციტაძემ თბილისის მაგალითი მოიტანა:

„25 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი იყო თბილისში და 25 ერთიანი პროპორციული სია, ანუ, მთლიანობაში, 50 მანდატი. ჩატარდა არჩევნები და თბილისში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 45%. ლოგიკურად, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღე, მანდატების იმდენივე პროცენტი უნდა მიიღო კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობდა 25 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი, 25-ივე მანდატი მთლიანად წაიღო, ამას დაემატა 45% პროპორციულიდან და რეალურად „ქართულ ოცნებას“ მოუგროვდა მანდატების 76%. მარტივად რომ ვთქვა, „ოცნებამ“ 30% მანდატებისა, უბრალოდ, მოიპარა“.

მაშინ როცა ორივეს ერთი წონა აქვს, როცა პარლამენტში შევლენ. დეპუტატის მანდატის წონის ასეთი დისბალანსი მიუღებელია ვენეციის კომისიისათვის...

მამუკა კაციტაძის თქმით, ასევე საარჩევნო სისტემის ნაკლია ისიც, რომ არათანაზომიერია მაჟორიტარული ოლქები, რის გამოც თითო-თითო დეპუტატს ირჩევს როგორც 5 000-ამომრჩევლიანი ყაზბეგის რაიონი, ასევე 160000-ამომრჩევლიანი ქუთაისი,

„მაშინ როცა ორივეს ერთი წონა აქვს, როცა პარლამენტში შევლენ. დეპუტატის მანდატის წონის ასეთი დისბალანსი მიუღებელია ვენეციის კომისიისათვის“, უთხრა მამუკა კაციტაძემ რადიო თავისუფლებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, საარჩევნო სისტემისა და კოდექსის ცვლილებას მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც რეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს. ასეთ საკითხებს, პირველ რიგში, განეკუთვნება საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ამომრჩეველთა სიები და სხვა. ახალი ცვლილებებით, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა“.

უსამართლო სისტემაა, არ ხდება პროპორციულად მანდატების გადანაწილება. გარდა ამისა, არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა საარჩევნო სისტემის დაკომპლექტება, ამომრჩეველთა სიები და ა.შ. ანუ მთელი რიგი საკითხებისა განსახილველი და შესაცვლელია...

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდეს დაუყოვნებლივ დაიწყონ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მსჯელობა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კანონმდებლობა დროულად არ შესწორდა, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება:

„უსამართლო სისტემაა, არ ხდება პროპორციულად მანდატების გადანაწილება. გარდა ამისა, არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა საარჩევნო სისტემის დაკომპლექტება, ამომრჩეველთა სიები და ა.შ. ანუ მთელი რიგი საკითხებისა განსახილველი და შესაცვლელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინა სამუშაო ჯგუფებმა უნაყოფოდ იმუშავეს. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო 50%-იანი ბარიერის შემოღება მერებისა და გამგებლების არჩევნებისთვის, თუმცა ყოველივე ეს არ არის საკმარისი“.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სიების დასახვეწად მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ფოტოს დაემატოს ბიომეტრიული პარამეტრები, თუ არადა, გამოყენებულ იქნეს მოწყობილობა, რომელიც რეგისტრატორის გარეშე, ელექტრონულად დაადასტურებს ფოტოსა და ამომრჩევლის შესაბამისობას. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ 1 ოქტომბრის, ანუ ხელისუფლების შეცვლის, შემდეგ ვითარება, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა:

„7 წევრი ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს - 6 წევრი, ანუ რეალურად გადაწვეტილებას იღებდა ერთი - მმართვველი - პარტია. რა სურათი გვაქვს დღეს? კომისიები ისევ 13-კაციანია და 13 კაცში 11 ჰყავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და თითოთ-თითო წევრი ჰყავს კიდევ ორ პოლიტიკურ პარტიას. თუკი ადრე 7/6 არ მოგწონდა, როგორ შეიძლება 11/2 მოგეწონოს?! მით უმეტეს, რომ საუბარი არის არბიტრის ჩამოყალიბებაზე“.

მამუკა კაციტაძე და ინტერპარტიული ჯგუფის სხვა წევრები იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ ჯერ საერთო ხედვის გამომუშავებას, შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ხელისუფლების დაყოლიებას. საქართველოს საარჩევნო სისტემის დახვეწის მიზნით, რეკომენდაციებს იძლევა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესიც, რომლის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები დადებითადაა შეფასებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციები ატარებს არანორმატიულ ხასიათს, მაგრამ ყველა მათგანში არის რაციონალური მარცვალი, რის გამოც ისინი აქტიური განხილვის საგანი გახდება.

XS
SM
MD
LG