Accessibility links

logo-print

ვის და რატომ არ მოსწონს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები


8 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მთავარ მოთხოვნად კვლავაც მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმება რჩება, კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წიაღში შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას ისახავს მიზნად. იკვეთება მოსალოდნელობა, რომ ოლქების ახლებურად დაყოფის საკითხი კვლავაც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს.

უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ ცვლილებათა პროექტი სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ხმათა თანასწორობის პრინციპის დაცვას ისახავს მიზნად. უკვე კარგა ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ოლქების რაოდენობა კვლავაც 73 იქნება, მაგრამ ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობის გასათანაბრებლად ამოქმედდება ოლქების დაყოფისა და გამსხვილების პრინციპი. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 8 დეკემბერს უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური მომხსენებელის რანგში წარდა და განმარტა, რომ გადახრის განმსაზღვრელ ათვლის წერტილად დადგინდა ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქში, ანუ 47 ათასი – მაჩვენებელი, რომელიც ოლქების რაოდენობაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გაყოფით იქნა მიღებული. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოლქების გათანაბრების ახალი პრინციპი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება:

„თუკი ავიღებთ დღეს არსებულ მდგომარეობას, სადაც შევადარებთ, დავუშვათ, ყაზბეგის ოლქს ან მესტიის ოლქს იგივე ქუთაისს, იგივე გლდანს, იგივე ვარკეთილს და სხვა დიდ ოლქებს, არის ძალიან დიდი გადახრა, მაშინ როცა დღეს ასტრონომიული გადახრებიდან რამდენიმეჯერადი გადახრა გვაქვს სულ 4 ოლქში და ამ 4 ოლქის გადახრა შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ დაწესებულ განსაკუთრებულ შემთხვევებს და ეს განსაკუთრებული შემთხვევებია: პირველი, ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობა და, მეორე, დემოგრაფიულად სუსტი რაიონები“.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს კატეგორიულად არ ეთანხმება საპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოლქების საზღვრების ახლებურად დაყოფას უსამართლოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სათავისოდ იწყობს საქმეს მომავალი წლის არჩევნებისთვის. ასეთი პოზიცია 8 დეკემბრის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა არაერთმა დეპუტატმა გამოხატა და მათ შორის იყო დეპუტატი თინათინ ბოკუჩავაც:

„ეს ჭრა–კერვა – უხეშად რომ ვთქვათ, მაპატიეთ, – გაკეთებული იყო იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ თქვენ გეშინიათ, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაგაჩნიათ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა. ასეთი იყო, მაგალითად, მცდელობა იმისა, რომ სამტრედია „გაგეჩეხათ“ ორად და ნაწილი სამტრედიისა მიგეკუთვნებინათ ვანისთვის, ხოლო მეორე ნაწილი სამტრედიისა მიგეკუთვნებინათ ხონისთვის... რეალურად, ეს არის თქვენი მცდელობა, რომ მოიგოთ 2016 წლის არჩევნები, რისი შანსიც, მე ვფიქრობ, რომ არ გაგაჩნიათ“.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვის ნიშანს, ეჭვსა და გაუგებრობას გააქრობდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ საერთოდ გაუქმებულიყო მაჟორიტარული წესით არჩევის პრაქტიკა. თუმცა, ხელისუფალთა განცხადებით, 20016 წლის არჩევნებისთვის ეს ნამდვილად არ მოხდება და არავინ იცის, მოხდება თუ არა ეს 2020 წლის არჩევნებისთვის. ბევრის აზრით, მაჟორიტარული არჩევნები, როგორც წესი, მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება და ხელისუფლებას აძლევს ხელს. საქართველოში ამჟამად მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც, 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, ხოლო 73 დეპუტატის არჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნების საერთოდ გაუქმების იდეის მტკიცედ ერთგული რჩება, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მაინც ჩაბმულია უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვის პროცესში და მათ შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა 8 დეკემბერს, საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ, უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა ოლქების დაყოფის ახლებურ წესთან დაკავშირებით მავანმა კვლავაც იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მას ამის სრული უფლება ექნება, რადგანაც ამჟამად შემოთავაზებული ვარიანტი არ შეესაბამება ვენეციის კომისიის კარგ პრაქტიკას, რომელსაც, თავის მხრივ, ეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილება. როგორც ლევან ნატროშვილი განმარტავს,ვენეციის კომისიის მოთხოვნით, ოლქებს შორის სხვაობა ძირითადად უნდა იყოს 10 %-მდე, იშვიათ შემთხვევებში 10-დან 15 %-მდე, ხოლო 15 %-ს მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რომ აღემატებოდეს.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად კი, გამონაკლისი წესად არის დაშვებული:

„საკმაოდ ბევრი საარჩევნო ოლქი არ ჯდება არათუ მხოლოდ 10 %-იანი ცდომილების ზღვარში, არამედ 15 %-იანშიც. ჩვენ რაც დავითვალეთ, 14 საარჩევნო ოლქი სცდება 15 %-იან ზღვარს, 14 საარჩევნო ოლქი არის, დაახლოებით, 19 %, მთლიანად, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება გამონაკლისად. იგივე პრობლემაა 10-დან 15 %-მდე ცდომილებაში არსებული ოლქების რაოდენობაზე და კიდევ უფრო მეტია ასეთი ოლქი. ვფიქრობთ, რომ, თუკი ამ სახით იქნება კანონი მიღებული, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება საფუძველი, რომ გააუქმოს, არაკონსტიტუციურად ცნოს ეს რეგულაციები“.

კანონპროექტის შესახებ მომხსენებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა 8 დეკემბერს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აუდიტორიას სთხოვა, განხილვის პროცესში წარმოადგინონ ოლქების თანაბრობასთან დაკავშირებული ვარიანტები, თუმცა მან იქვე ისიც დასძინა, რომ, დიდი ალბათობით, პოლიტიკური ოპონენტები ამას არ გააკეთებენ, რადგანაც ისინი პასუხისმგებლობის განაწილებას მოერიდებიან.

სამშაბათის სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ, სავარაუდოდ, შეთანხმება მოხდება 50%-იანი ბარიერის საკითხზე, რომელიც არ არის აღნიშნული ცვლილებათა პროექტის ამჟამად არსებულ ვარიანტში. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 30%-იანი ბარიერის 50%-მდე გაზრდის საკითხის ინიცირება შესაძლებელი იქნება ცალკე კანონპროექტის სახით. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG