Accessibility links

logo-print

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებისთვის კენჭისყრა გადადო


საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს. განხილვის საგანია ორი კანონპროექტი, რომელთაგან ერთი, საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული, ცვლილებების ამოქმედებას 2020 წლის არჩევნებზე ითვალისწინებს, ხოლო მეორე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ შეგროვებული 200 000 ხელმოწერით ინიცირებული, 2016 წლის არჩევნებზეა გათვლილი. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს კენჭი მომდევნო სასესიო კვირაში ეყრება.

საარჩევნო სისტემაში შესატანად მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტმა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტით დაიწყო. ცვლილებები, რომელიც პარლამენტს 200 000 ხელმომწერის სახელით წარედგინა, პარლამენტის დაკომპლექტებას ითვალისწინებს ერთიანი პროპორციული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებით. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის- სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან.

14 პოლიტიკური პარტიისა და 200 000 ხელმომწერის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ წარუდგინა. მისი თქმით, „დამოუკიდებელი საქართველოს 25-წლიანი ისტორიის მანძილზე, რვა მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების განმავლობაში, დღევანდელი შეხვედრა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეთა 200 000 ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი პარლამენტში განიხილება“.

მამუკა კაციტაძემ, რომლის მტკიცებით, მაჟორიტარული სისტემის არსებობა ყოველთვის მმართველი ძალის სასარგებლო პოლიტიკურ ბალანსს განაპირობებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ მიერვე ინიცირებულ კანონპროექტშიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეა საუბარი:

76 მანდატს როცა მოვაკლებთ ერთს, იცვლება ამ პარტიის სტატუსი პარლამენტში. პარტია, რომელსაც აქვს 76 მანდატი, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა და მას აქვს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, მაგრამ ერთი მანდატის გამოკლებით ის კარგავს ამ სტატუსს...

„თქვენც ხომ თვლით, რომ მაჟორიტარულის შეცვლა პროპორციულით უმჯობესია და და ამიტომ შემოგაქვთ საკონსტიტუციო ცვლილება 2020-ისთვის და ამიტომ ეს უკეთესი და უმჯობესი განვახორციელოთ 2016 წლისთვის... როცა ერთპალატიან პარლამენტში ირჩევა ნახევარი მაჟორიტარულად და ნახევარი პროპორციული წესით და შემდეგ დგება შედეგი, მაჟორიტარული არჩევნები იძლევა კონკრეტულ უპირატესობას გამარჯვებული პოლიტიკური პარტიისათვის და ქართული პოლიტიკური რეალობის საფუძველზე ეს უპირატესობა, დაახლოებით, 25 %-ის მანდატების ჭარბი რაოდენობით მიღების თვალსაზრისით ფიქსირდება“.

თუმცა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უნდა დავინახოთ პარლამენტის დაკომპლექტების კონტექსტში და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პრიორიტეტულად და სამართლიანად მიჩნეული პროპორციული სისტემა სულაც არ არის სამართლიანი. აქვე აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ხმალაძე, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას თავადაც ეწინააღმდეგება:

„76 მანდატს როცა მოვაკლებთ ერთს, იცვლება ამ პარტიის სტატუსი პარლამენტში. პარტია, რომელსაც აქვს 76 მანდატი, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა და მას აქვს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, მაგრამ ერთი მანდატის გამოკლებით ის კარგავს ამ სტატუსს და თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რომ ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად, სხვისთვის ჩამორთმეული ერთი მანდატის გამო, შექმნას უმრავლესობა და ეს იქნება უკევ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა“.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას აზრით კი, საერთოდაც, ოთხჯერ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა შესაძლებელი მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ:

„ოთხჯერ 200 ათასი ხელმოწერა შეიძლება შეგროვდეს მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, იმიტომ რომ, თუკი ვინმესთან მიესვლება იოლად, ვისთვისაც საყვედურის თქმა შეუძლია ან რამის მოთხოვნა, ეს მაინც არის მაჟორიტარი“.

საპარლამენტო ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე თანხმდება, მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, ანუ მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე, საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება ვერ მოესწრება - მით უფრო, როცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც არსებობს, რომ ცვლილება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, განხორციელდეს არჩევნებამდე არა უგვიანეს 6 თვისა.

პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსის ჩამოყალიბებას სწორედ მაჟორიტარული სისტემის, არსებული სისტემის უფრო სამართლიანი სისტემით ჩანაცვლების თაობაზე...

პარლამენტის დარბაზში, კითხვა-პასუხის პარალელურად, მედიასთან საუბარში პოლიტიკური ძალები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შექმნილ ორივე კანოპროექტზე გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას და მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას ითვალისწინებს მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ორივე კანონპროექტს აქვს თავისი დადებითი მხარეები და ორივეს მიმართ პარტია დიდ ინტერესს იჩენს:

„ერთის კარგია შინაარსი, მეორის ჯობია ვადა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, 2016 წელს რომ ამოქმედებულიყო რეგიონულ-პროპორციული სისტემა. საუკეთესო იქნებოდა, ჩვენი ტექსტი 2016 წელს ამუშავებულიყო, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია და სხვა ვერსიები არის უკეთესი, ვიდრე დღევანდელი რეალობა. ამიტომ ჩვენ ორივე მოდელის მიმართ ვართ კეთილგანწყობილი“.

არსებული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ემხრობა „ნაციონალური მოძრაობაც“. დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ცვილებების მხარდასაჭერად პარტია ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა საქართველოს პრეზიდენტიც. ეს პოზიცია გამოხატა მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტში ყოფნისას:

„იცით, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ჩართული ამ საკითხზე მიმდინარე დებატებსა და დიალოგში. მეტიც, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსის ჩამოყალიბებას სწორედ მაჟორიტარული სისტემის, არსებული სისტემის უფრო სამართლიანი სისტემით ჩანაცვლების თაობაზე. ამ იდეას არ ეწინააღმდეგება არც მმართველი გუნდი. უბრალოდ, მათი პოზიცია არის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს 2020 წელს. ჩვენ ვემხრობით თავდაპირველ ვერსიას, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს და ვამბობთ, რომ არ ღირს 4 წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქართულ დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ 2016 წელსვე ამ ცვლილებების განხორციელებას”.

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ფოიეში, 14 პარტიისა და 200 000 ხელმომწერის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პარალელურად, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აქციას მართავდნენ. მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განუხორციელებლად არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG