Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არსებობს აშშ-ში „საარჩევნო კოლეგია“ და როგორ მუშაობს ის


წინასაარჩევნო პერიოდი შეერთებულ შტატებში
წინასაარჩევნო პერიოდი შეერთებულ შტატებში

8 ნოემბერს ათობით მილიონი ამერიკელი მისცემს ხმას პრეზიდენტობის თავისთვის სასურველ კანდიდატს. მაგრამ საბოლოოდ, არჩევნების შედეგის განსაზღვრა დამოკიდებულია 538-წევრიან ჯგუფზე, „საარჩევნო კოლეგიაზე“. რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ეს კოლეგია?

გადმოწერა

დავიწყოთ ისტორიით

„საარჩევნო კოლეგია“ 1787 წელს შექმნეს აშშ-ის კონსტიტუციის ავტორებმა – შექმნეს კომპრომისის საფუძველზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, კონგრესის მიერ პრეზიდენტის არჩევის მხარდამჭერებს შორის. „საარჩევნო კოლეგიის“ მეშვეობით მომცრო შტატებს უნდა მისცემოდა გარანტია, რომ მათ ხმას ისეთივე წონა ექნებოდა, როგორც შტატებს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.

სწორედ ამ მიზნით, თითოეულ შტატს საარჩევნო კოლეგიაში ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც აშშ-ის კონგრესში. მაგალითად, კალიფორნია, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი შტატია, საარჩევნო კოლეგიაში აგზავნის 55 ადამიანს, ისევე, როგორც კონგრესში ჰყავს 55 დელეგატი. მათგან ორი სენატში (როგორც ყველა შტატს) და 53 – წარმომადგენელთა პალატაში, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. მომცრო შტატებს, სადაც გაცილებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, კოლეგიაში სულ სამი წარმომადგენელი ჰყავთ. კონგრესშიც, შესაბამისად, მათი სამ-სამი წარმომადგენელია: ორ-ორი – სენატში და თითო-თითო – წარმომადგენელთა პალატაში.

განსაკუთრებული შემთხვევაა დედაქალაქი ვაშინგტონი. ის არის არა შტატი, არამედ ფედერალური ოლქი, ამიტომ არ ჰყავს წარმომადგენლები კონგრესში, თუმცა მისი სამი წარმომადგენელი საარჩევნო კოლეგიის წევრია – აშშ-ის კონსტიტუციის 23-ე შესწორების შესაბამისად.

პრინციპი: ყველაფერი გამარჯვებულს!

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც კონკრეტულ შტატში საყოველთაო კენჭისყრით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მას მიეკუთვნება „საარჩევნო კოლეგიაში“ ამ შტატის ყველა წარმომადგენლის ხმებიც. ასე არ ხდება მხოლოდ ორ შტატში (მეინსა და ნებრასკაში). არჩევნებში გასამარჯვებლად, პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის ხმების უმრავლესობა სჭირდება – სულ ცოტა, 270 ხმა. თუ კანდიდატებს თანაბარი რაოდენობის ხმები ერგოთ, პრეზიდენტის არჩევა წარმომადგენელთა პალატას მოუწევს. ასეთი რამ ერთხელ მოხდა აშშ-ის ისტორიაში: 1800 წელს, როცა წარმომადგენელთა პალატამ თომას ჯეფერსონი აირჩია.

როგორ მუშაობს აშშ-ის საარჩევნო სისტემა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

ვინ არიან არაკეთილსინდისიერი ამრჩევები?

8 ნოემბრის არჩევნების დროს, ამერიკელები პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატისათვის ხმის მიცემისას, ფაქტობრივად, ხმას აძლევენ „საარჩევნო კოლეგიაში“ ამ კონკრეტული შტატის წარმომადგენლებსაც. დავუშვათ, კალიფორნიაში უმრავლესობამ ხმა მისცა დემოკრატ კანდიდატს – ეს ნიშნავს, რომ „საარჩევნო კოლეგიაში“ შევა დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეული 55 პირი, რომელსაც, ბუნებრივია, დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერა ევალება. მაგრამ არ არსებობს ფედერალური, ანუ მთელ შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი, რომელიც ამ ხალხს აუკრძალავდა სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემას. და თუ საარჩევნო კოლეგიის წევრმა დაარღვია პირობა, ხმა მისცა არა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, არამედ სხვას, ან საერთოდ უარი თქვა ხმის მიცემაზე, მაშინ მას „არაკეთილსინდისიერ ამრჩევს“ უწოდებენ. ასეთი ამრჩევი, ჩვეულებრივ, ბევრი არ არის და 29 შტატში მოქმედებს კანონები, რომლებიც მათ წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ორი შტატი, მიჩიგანი და მინესოტა, საერთოდ აუქმებს ასეთ ხმებს.

ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო

„საარჩევნო კოლეგია“ არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან შესაძლებელია, კანდიდატს ყველაზე მეტი ხმა ერგოს საყოველთაო არჩევნების შედეგად, მაგრამ ვერ გახდეს პრეზიდენტი იმიტომ, რომ ვერ მოიპოვა კოლეგიის წევრთა ხმების უმრავლესობა. ასე მოხდა, მაგალითად, 2000 წელს, როცა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯორჯ ბუშმა საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე, ელ გორზე ნაკლები (ნახევარ მილიონამდე ხმით ნაკლები!) ხმები ერგო.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რა მოხდება პრეზიდენტის წლევანდელი არჩევნების შემთხვევაში, ვის ერგება ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა, მიიმხრობს თუ არა საყოველთაო კენჭისყრაში გამარჯვებული კანდიდატი საარჩევნო კოლეგიის უმრავლესობასაც ან ვიხილავთ თუ არა არაკეთილსინდისიერ ამრჩევებს – სულ მალე გაირკვევა, რამდენიმე დღეში. ხოლო უკვე ვიცით ის, რომ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის „ისტორიული განზომილების“ ბინძურ და დაუნდობელ დაპირისპირებად მიიჩნევენ.

„კანდიდატებმა ერთმანეთზე, როგორც პიროვნებებზე, ლაპარაკს მეტი დრო დაუთმეს, ვიდრე რეალურ თემებს. უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა სიმეტრიულად არ არის განაწილებული. ვფიქრობ, რომ კანდიდატი ტრამპი გაცილებით უფრო შორს წავიდა, დისკურსის უფრო დაბალ დონეზე დაეცა, ვიდრე კანდიდატი კლინტონი. მაგრამ ამაში, გარკვეულწილად, ორივეს ბრალი მიუძღვის“, – ამბობს ამერიკელი ისტორიკოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ კენედი.

ამ შეფასებას იზიარებს პოლიტიკის ისტორიის პროფესორი ალან ლიხტმენიც: „ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის ყველაზე ბინძური კამპანია თანამედროვე ამერიკის ისტორიაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG