Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელოს ერთ ნაწილში საპარლამენტო და შუალედური არჩევნები ერთდროულად ჩატარდება


პარლამენტის არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში საკრებულოს შუალედური და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

იმ მიზეზით, რომ ყოფილი გამგებელი პარლამენტის არჩევნებში იყრის კენჭს, ახლის არჩევა მოუწევთ ზუგდიდის სოფლების მცხოვრებთ. ანალოგიური მიზეზით, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება ქალაქის ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანშიც.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებულია 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გამგებლობის 4 და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატი. მირანდა მესხის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ზუგდიდში 92 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან 43 ქალაქში და 49 თემში. მისივე თქმით, უკვე დაკომპლექტებულია საუბნო საარჩევნო კომისიები:

„ამ ეტაპზე ტარდება პროცედურული ტრენინგები. ტარდება მეორე ეტაპის ტრენინგი, რომელიც უტარდება უბნის შემადგენლობას. შემდეგი, მესამე ეტაპი არის ხელმძღვანელი პირებისთვის - თავმჯდომარისთვის, მოადგილისთვის, მდივნისთვის. მეოთხე არის ინსცენირების ეტაპი, რომელიც უბნებში ჩატარდება, სადაც არჩევნების იმიტაციას გაივლის უბნის შემადგენლობა“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ოლქების გაერთიანების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 საარჩევნო უბანი დაემატა ხობის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, პარლამენტის არჩევნების პარალელურად, ზუგდიდის გამგებლის არჩევა მოუწევს უკვე ხობის ოლქში შემავალ 15 უბნის ამომრჩეველს.

წალენჯიხაში, ზუგდიდის მსგავსად, ასევე ემზადებიან გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისთვის, რადგან აქაც ყოფილი გამგებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იქნა წარდგენილი.

ამასთან, სიახლეა ის, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა წალენჯიხა და ჩხოროწყუ და, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებიც. წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა მიქავა განმარტავს:

„ეს გამოიწვია იმან, რომ 50 ათას ამომრჩეველზე უნდა ყოფილიყო ერთი მაჟორიტარი და ჩვენთან, წალენჯიხაში, არის 30 ათასამდე ამომრჩეველი, ჩხოროწყუში - 22 ათასი. ამან გამოიწვია მათი გაერთიანება. ჩვენ ვართ ძირითადი ოლქი, ჩხოროწყუ არის ჩვენი დამხმარე“.

პარლამენტის არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება აბაშაშიც, სადაც 20 საარჩევნო უბანია გახსნილი. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ქოიავას, განცხადებით, არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი მაჟორიტარი სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით გაასამართლა.

„შუალედური არჩევნები ტარდება 1 მაისის თემში. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, გელა ვერულაშვილი. შესაბამისად, ჩაინიშნა არჩევნებიც“, - განაცხადა ქოიავამ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება სენაკშიც. როგორც სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანია აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა და ამიტომაც აუცილებელი გახდა მისი დანიშვნა. ცესკოს დადგენილებით, ის 30 ოქტომბერს გაიმართება, რადგან მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დროა საჭირო.

8 ოქტომბერს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან მარტვილში, სადაც, ოლქების გაერთიანების შედეგად, საერთო ჯამში, 59 უბანია გახსნილი.

საოლქო საარჩევნო კომისიებში აცხადებენ, რომ კანონით დადგენილ ვადებში გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს თანამშრომელთა ტრენინგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG