Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ოლქები ახალ საზღვრებში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება საარჩევნო ოლქების ფორმირების იმ წესზე მსჯელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის სახით წარმოადგინა. ცვლილების მიზანია შესრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნები ხმის თანასწორობის პრინციპის დაცვით ჩატარდეს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა იგი ცალსახა მხარდაჭერით არ სარგებლობს, მათ შორის, უმრავლესობის რიგებში. რა იწვევს ოპონენტების უკმაყოფილებას?

საარჩევნო ოლქების საზღვრები და ოლქების შექმნის წესი, შეთავაზებული კანონპროექტით, 2016 წლის არჩევნებისთვის ახლებურად განისაზღვრება ისე, რომ ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტს უმრავლესობის მიერ კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობად აფასებს, უმრავლესობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აიღეთ კანონპროექტი, წაიკითხეთ, ნახეთ, გააკეთეთ თქვენი დასკვნები, შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ნახავთ, რომ არ შეესაბამება, გვითხარით“, განაცხადა მედიასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნებოდა ეს მრავალმანდატიანი ოლქები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მრავალმანდატიან ოლქებში იქნებოდა ღია სიებზე დაფუძნებული პროპორციული წარმომადგენლობა...
დავით ზედელაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიმდინარე წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების აზრი, რომ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის არ იყო და, შესაბამისად, ამომრჩეველთა უთანაბრობის მინიმუმამდე დაყვანა მოითხოვა.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს ფორმალურად და არა სულისკვეთებით:

“ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ ხმათა თანაბარწონადობის პრობლემა მოგვეხსნა და რეალურად თანასწორ წარმომადგენლობაზე დაფუძნებული სისტემა შეგვექმნა, - განსაკუთრებით, ჩვენი საარჩევნო გეოგრაფიის თვალსაზრისით, - იქნებოდა ეს მრავალმანდატიანი ოლქები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მრავალმანდატიან ოლქებში იქნებოდა ღია სიებზე დაფუძნებული პროპორციული წარმომადგენლობა“.

დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავს არიდებს უფრო ფართო კონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღებას და, საარჩევნო სისტემის შეცვლის ნაცვლად, საარჩევნო ოლქების ზომებს შორის დასაშვები გადახრისა და პროცენტული სხვაობების საკითხით იფარგლება, თანაც ისე, რომ საარჩევნო ოლქების განაწილება არ შეესაბამება სტანდარტს. სტანდარტი გულისხმობს, ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ის ფარგლებში იქნეს შენარჩუნებული, საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა კი არ აღემატებოდეს 10, განსაკუთრებულ შემთხვევებში, 15 პროცენტს. ამომრჩეველთა რაოდენობას პროექტი ოლქებში ძირითადად ათანაბრებს, თუმცა რამდენიმე ოლქში სხვაობა თვალშისაცემია: მაგალითად, ზუგდიდში 56 000-ზე მეტია ამომრჩეველი, მესტიაში კი - მხოლოდ 8 315.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური ამბობს, რომ კითხვები ბევრია, მათ შორის, რა კრიტერიუმებს ეყრდნობოდა ოლქების დაყოფა:

ლელა ტალიური
ლელა ტალიური

“მესტია, 8 315 ამომრჩევლით, რატომ რჩება ერთი მაჟორიტარის იმედად, როდესაც, დაახლოებით, რაოდენობრივად ძალიან ახლოს მდგომი იგივე ამბროლაური და სხვა ოლქი, რომელშიც შეიძლება იყოს 11 000-მდე მცხოვრები ან 5 000-ზე ოდნავ მეტი, -ვმაგალითად, ყაზბეგი, - სხვა ოლქს უერთდება, თუმცა იგივე მესტიას ეყოლება თავისი მაჟორიტარი. როდესაც საუბარია კრიტერიუმებზე, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა ოლქების დაყოფა ან გამსხვილება, აქაც მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ძალიან ნათელი კრიტერიუმები, თუ რას ეფუძნებოდა ეს დაყოფა“.

ლელა ტალიური აღნიშნავს იმასაც, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფისა და გამსხვილების პროცესის ფორმულირება მეტ გამჭვირვალობას მოითხოვდა. ამასთანავე, ამ მიმართულებით მოსახლეობის სათანადო ინფორმირებულობაც აუცილებელია. აქვე იგი შენიშნავს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მთავარ მოთხოვნად რჩება ხმის თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა საარჩევნო სისტემის შეცვლის, ანუ შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, გზით, რაც, როგორც ცნობილია, 2016 წლის არჩევნებზე არ მოხდება.

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დაყოფის შეთავაზებული პროექტის შეფასებას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, მათ მოსალოდნელი ცვლილებები არაერთხელ შეაფასეს ოლქების მექანიკურ ჩეხად და ხელისუფლებას მოუწოდეს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG