Accessibility links

საარჩევნო რეფორმა სისტემის ცვლილების გარეშე


საარჩევნო ბიულეტენების დათვლა. თბილისი, 2015 წ. 1 ოქტომბერი.

საარჩევნო ბიულეტენების დათვლა. თბილისი, 2015 წ. 1 ოქტომბერი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პროექტის თანახმად, საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, პრაქტიკულად, მოქმედი მოდელით ჩატარდება. სიახლე კი, რომელსაც პროექტი გვთავაზობს, არის საარჩევნო ოლქების რაოდენობის გაზრდა და მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის 50 პროცენტამდე აწევა. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. თავის მხრივ, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, დაგეგმილ ცვლილებებს აკვირდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, რომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული პროექტით საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას ეჭვობს, ნაწილი კი პროგრესს ხედავს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. ნონა მჭედლიშვილს მოუსმინეთ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის შეჯერებული პოზიციის სახელით წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო საზოგადოებას, სისტემის ძირეული რეფორმის დაწყებას მხოლოდ 2016 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გულისხმობს:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოვახდენთ დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50- პროცენტიანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც, რომელსაც უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“.

საარჩევნო სისტემის რეფორმირების, კერძოდ, პროპორციული სისტემის შემოღების გადავადება, თავის მხრივ, კარსმომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებების გაუმართლებლობით ახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მისი ეს განმარტება არადამაჯერებელი გამოდგა საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილისთვის. იგი ფიქრობს, რომ, ამ შემთხვევაში, სასწორზე ორი სიკეთე იდო და ხელისუფლებას მართებდა სწორი არჩევანი გაეკეთებინა.

„რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენ გვქონდეს სამართლიანი სისტემა საარჩევნო, მაგრამ თუნდაც ცოტა დრო დაგვრჩეს მოსამზადებლად ახალ სისტემასთან ადაპტირების მიზნით, მაგრამ ვიცოდეთ, რომ გაცილებით უფრო სამართლიან გარემოში მოგვიწევს ყველას მოქმედება, ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ ის, რომ დავტოვოთ სისტემა, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ გვქონდეს სტაბილურობა და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ შეიცვალოს ეს კანონმდებლობა. ვფიქრობ, პირველი სიკეთე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და მას უნდა გადაეწონა მეორე სიკეთე“, –

ამბობს ანა ნაცვლიშვილი, რომლის შეფასებითაც, მაშინ, როდესაც არსებობს ფართო კონსენსუსი ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის იმაზე, რომ სისტემა არის შესაცვლელი და სახეზეა ფაქტი, რომ 2016 წელს გაიმართება არჩევნები, ხელისუფლებას მეტი ღიაობა და ადეკვატურობა უნდა გამოეჩინა.

ხელისუფლების ადეკვატურობის საკითხს კიდევ უფრო რადიკალურად აფასებს პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის წარმოდგენილი პროექტით პოლიტიკური უმწიფრობა და რეგრესულობა გამოავლინა, რადგან არ გაითვალისწინა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპი, რომ საარჩევნო რეფორმა ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტი უნდა იყოს:

„რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობს პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობოებს შორის, საერთაშორისოებს შორის მსჯელობა და დისკუსია შეჯერებისათვის, საარჩევნო სისტემის ცვლილებებისათვის, ფართო კონსენსუსისათვის. ამას ემსახურებოდა ბოლოს პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებული კონფერენცია და უცებ სხდება სახელისუფლებო კოალიცია, რამოდენიმე საათი ბჭობს, გამოდის და თითქოს ამთავრებს პროცესს. ხაზს ვუსვამ – თითქოს ამთავრებს პროცესს – ეს ერთი; მეორე, ბუნებრივია, მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული ჩვენი შეთავაზება“.

ეს შეთავაზება არის 14 პოლიტიკური პარტიისა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა, რომელიც პარლამენტში 2 ივნისს შევიდა და რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების დაუყოვნებელ განხორციელებას ითვალისწინებს. მიმართვის ხელმომწერთა თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიანი პროპოციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან“.

მამუკა კაციტაძე, თავის მხრივ კი, იმედოვნებს, რომ ხელისუფლების „ვითომ შეუვალი პოზიციის“ მიუხედავად, არსებობს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის კონსოლიდირებული ნება საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის და ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა.

ხელისუფლების სახელზე არსებული კიდევ ერთი მიმართვის, ცხრა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და დაუყოვნებლივ დაინიშნოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, საარჩევნო სისტემის ძირეული განხილვის მიზნით. ამ მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია „ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ჩაჩავა კი ფიქრობს, რომ, თავისთავად, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას დღეს უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია;

„რა თქმა უნდა, თეორიულ დონეზე არის გაუმჯობესება იმაში, როდესაც ბალანსდება ხმის წონა, ანუ არ იქნება გამონაკლისი და, მაგალითად, ძალიან, ისეთი დიდი პროცენტული განსხვავებები ოლქებს შორის და, ამავდროულად, 50-პროცენტიანი ბარიერი კიდევ უფრო ზრდის იმ სანდოობას, რომელიც კონკრეტული მაჟორიტარის მიმართ იქნება. ანუ, ამ კუთხით, ნამდვილად არის გადადგმული ნაბიჯები წინ, თუმცა, ზოგადად, მაჟორიტარულ სისტემას, ასე ვთქვათ, აქვს შეიძლება რაღაც ხარვეზები, თუმცა, ზოგადად, უხარვეზო, ფაქტობრივად, იდეალური სისტემა დღესდღეობით არ არსებობს“, –

აღნიშნავს ქეთევან ჩაჩავა, რომელიც „ქართული ოცნების მიერ“ წარმოდგენილ პროექტში დღეს არსებული სისტემის თეორიულად გაუმჯობესების შესაძლებლობას ხედავს და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ფორმატის ჯგუფის მუშაობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG