Accessibility links

logo-print

საარჩევნო სიების ფორმირება და ამომრჩეველთა განწყობა ზუგდიდში


ზუგდიდი

ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის თემში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები დღეს გაიკვრება. როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ოყუჯავამ განუცხადა, ამომრჩევლებს უკვე ხვალიდან შეუძლიათ გადაამოწმონ სიაში საკუთარი თავი.

„დღეს ჩამოვიდა ამომრჩეველთა სიები ჩვენთან და დაწყებულია გაცემა. მოდიან უკვე უბნების თავმჯდომარეები და გადაეცემათ ეს სიები. გაცემა ახლაც, ამწუთას მიმდინარეობს. ქალაქში თითქმის უკვე გავეცით, სოფელშიც დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ხვალიდან შეუძლია თითოეულ მოქალაქეს მივიდეს და სიაში გადაამოწმოს თავისი თავი. ჩამოსულია ამომრჩევლის ბარათები, რომელთა გაცემაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ნანა ოყუჯავამ.

ამასთან, ამომრჩევლებს სიაში თავის გადამოწმება შეუძლიათ ელექტრონული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეც. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად სარგებლობს სიის გადამოწმების ელექტრონული წესით.

„ძალიან ბევრი ამომრჩეველი კმაყოფილებას გამოთქვამს ცესკოს ელექტრონული საძიებლის სისტემით. ბევრი ამბობს, რომ მისი მეშვეობით უკვე იპოვა სიაში თავი“, - განმარტა ნანა ოყუჯავამ.

საკუთარი თავი სიაში ჯერ არ გადაუმოწმებიათ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხულ რესპონდენტებს. მათი დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სიაში იქნება, ამიტომ წინასწარ თადარიგის დაჭერას არ აპირებს:

„არა, არ გადამიმოწმებია, მაგრამ მგონია, რომ ვიქნები. იმედი მაქვს, რომ ვიქნები“;

„მე ვიქნები აუცილებლად, არ დავრჩები გარეთ“, - აცხადებენ რესპონდენტები.

ამომრჩეველთა სიებისადმი გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად, რესპონდენტები ინტერესს იჩენენ არჩევნების მიმართ. როგორც გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, განსაკუთრებული დადებითი ცვლილებების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუცილებელია:

„მივალ და იცით, რატომ? იმ დარჩენილ ბიულეტენებს სხვა მიზნისთვის იყენებენ და მარტო იმისთვის წავალ“;

„იმედი დიდი არ მაქვს, მაგრამ მაინც რომ არ წახვიდე, არ შეიძლება“;

„იმედი არ მაქვს არავისი, არც ერთი პარტიის, ტყუილა რატომ წავიდე, ვისთან წავიდე?“

„მე ასეთი განწყობა მაქვს - წავალ არჩევნებზე, არ უნდა დაკარგო იმედი“;

„არავის იმედი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა. გლეხი კაცი ყოველთვის მოტყუებული რჩებოდა და რჩება დღესაც. მივდივარ იმიტომ, რომ ჩემი სამოქალაქო მოვალეობა შევასრულო და ჩემი ბიულეტენი სხვას არ დავუთმო“;

„ალბათ, წავალ იმ იმედით, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც უკეთესობა იქნება, რაღაც შეიცვლება“;

„მაინც ის გაიმარჯვებს, ვინც მთავრობას უნდა და თავი რატომ ვიწვალო?“

„მივდივარ, აუცილებლად მივდივარ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რესპონდენტებმა.

8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. პარალელურად იმ მუნიციპალიტეტებში და მათ შორის ზუგდიდშიც, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებლები კანდიდატებად დასახელდნენ, ჩატარდება გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG