Accessibility links

logo-print

საარჩევნო სისტემის შეცვლის ბუნდოვანი პერსპექტივა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

მომავალი კვირიდან საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგება. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე კი, 22 აპრილს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა. განხილვის საგანი იყო სისტემური ცვლილების ორი პროექტი. მათგან საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ ინიცირებული პროექტი ცვლილებების ამოქმედებას 2020 წლის არჩევნებზე ითვალისწინებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ შეგროვებული 200 000 ხელმოწერით ინიცირებული პროექტი კი - 2016 წლის არჩევნებზე. რა გავლენას მოახდენს კოალიციის დაშლით გამოწვეული ახალი პოლიტიკური რეალობა საკითხის განხილვაზე და შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას?

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები კი ითვალისწინებს შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას პროპორციული სისტემით. პარლამენტისთვის ამ მიზნით განსახილველად შეთავაზებული კანონპროექტები პლენარული სხდომის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ერთად შევა. მათგან უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას და მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას ითვალისწინებს, ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კი 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა ნაწილი ორივე პროექტის მომხრე აღმოჩნდა, თუმცა საბაზისოდ მაინც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი განიხილება. ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დროს არსებული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება დღეისათვის შექმნილი რეალობისგან, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოტორაია ფიქრობს, რომ ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება პროცესები და შეიკრიბება თუ არა საარჩევნო სისტემის შეცვლის მხარდამჭერი - საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო - 113 დეპუტატი:

„აღნიშნული ცვლილებები მაშინდელ კოალიციას სჭირდებოდა იმის დასადასტურებლად, რომ მომავალში ქვეყანას გადაიყვანდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ახლა ეს კოალიცია ერთობლივად აღარ არსებობს და, შესაძლებელია, იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინც თავის დროზე ამ კანონპორექტს მხარს უჭერდა, მხარი საერთოდ არ დაუჭირონ. ერთი, რომ კიდევ ერთხელ გააშიშვლონ „ქართული ოცნება“ და თქვან, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად ზოგადად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“.

ეს კანონი შემოგაქვთ, ჩემი აზრით, მხოლოდ იმის გამო, რომ გადაფაროთ ის სრულიად გაუგებარი აბსურდული პოზიცია, რომლითაც თქვენ დღეს არ გსურთ გადახვიდეთ ახალ სისტემაზე...

მეორე მიზეზი, რომელსაც კოტე ჩოტორაია ასახელებს, მოქმედი მაჟორიტარების შესაძლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. კონსტიტუციონალისტის აზრით, მაჟორიტარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2020 წლის პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვთ, მაჟორიტარული სისტემის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ.

ერთ-ერთი მაჟორიტარი, მაგალითად, რომელსაც არ მოსწონს პროპორციული საარჩევნო სისტემა და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ღიად განაცხადა ამის შესახებ, დეპუტატი გედევან ფოფხაძეა:

“კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და მხარს ვუჭერ მაჟორიტარულს. ყოველთვის ასე იყო, 2008-შიც ამ პოზიციაზე ვიყავი და მანამდეც და მგონია, რომ როდესაც ადამიანი ირჩევს ორ პიროვნებას შორის, ეს არის გაცილებით უკეთესი არჩევანი მისთვის, ვიდრე როდესაც ირჩევს ორ პარტიას შორის. ეს არის ჩემი პოზიცია და მე გამოვდივარ არა იმ ინტერესიდან, რომელიც ჩემს პასიურ საარჩევნო ხმის უფლებას აქვს, არამედ სწორედ აქტიური საარჩევნო ხმის უფლების ინტერესიდან. მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია ავირჩიო ორ ადამიანს შორის, ვიდრე ორ პარტიას შორის“.

საპარლამენტო სისტემის შეცვლის საკითხი მარტივად გადასაწყვეტი რომ არ იქნება, თავის მხრივ, სჯერა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს. მას უჭირს იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები სათანადო მხარდაჭერას:

ვახტანგ ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე

“ჩემი ინფორმაციით, ამ პროექტს, ასე ვთქვათ, შანსი გასვლისა პრაქტიკულად არა აქვს, იმდენი მოწინააღმდეგე ჰყავს, 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერილ პროექტზე ვამბობ. რაც შეეხება მეორე პროექტს, აქ შანსი უფრო მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტიც იქნება მიღებული. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ არც ერთი პროექტი არ იქნეს მიღებული, რაც, ჩემი აზრით, არ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ კიდევ უფრო შემცირდებოდა შანსი, რომ თუნდაც 2016 წლის შემდგომ იყოს პროპორციული არჩევნები“.

რესპუბლიკელები სისტემის შეცვლას მხარს უჭერენ, ისევე როგორც კოალიციის ყოფილი წევრები, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“. ამავე რიგში არის „ნაციონალური მოძრაობაც“. მისი ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი, ამბობს, რომ პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად შეთანხმებულია იმაზე, რომ, მაჟორიტარულ სისტემასთან შედარებით, რეგიონალურ-პროპორციული სისტემა ბევრად სამართლიანია, მაგრამ მისი პერსპექტივა მაინც ბუნდოვანია:

“ეს კანონი შემოგაქვთ, ჩემი აზრით, მხოლოდ იმის გამო, რომ გადაფაროთ ის სრულიად გაუგებარი აბსურდული პოზიცია, რომლითაც თქვენ დღეს არ გსურთ გადახვიდეთ ახალ სისტემაზე. ეს კანონი არის მხოლოდ რაღაცნაირი სახის შენარჩუნება „ქართული ოცნებისთვის“, რომ, თითქოსდა, რაღაც ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობთ, ოღონდ ჭეშმარიტებაზე შემდგომი ოთხი თუ ხუთი წლისთვის“.

მწვავე განხილვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 8 ხმით სამის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც, საარჩევნო სისტემის შეცვლის გარდა, ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 5-დან 4 პროცენტამდე შემცირებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG