Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიშალა ოპოზიციური “ექვსიანის” ”თავისუფალი არჩევანი”


ოპოზიციური “ექვსიანი”
ოპოზიციური “ექვსიანი”
ოპოზიციურ ”ექვსიანად” წოდებული პოლიტიკური კოალიციის - ”თავისუფალი არჩევანის” - დაშლის მიზეზებს ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის გეგმებსა და ქმედებებში ეძებენ. ისმის ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, ზოგმა მთავარ პრინციპებს არ უერთგულა, ზოგმა ინერტულობა გამოიჩინა, ხოლო ზოგიც ქულების დაწერას სხვების ხარჯზე ცდილობდა. რატომ დაიშალა პოლიტიკური კოალიცია ”თავისუფალი არჩევანი” და შეძლებენ თუ არა კოალიციის ყოფილი წევრები წარმატებული პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას?

უკვე გარკვეულია, რომ პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი პარტიები - ”თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ”საქართველოს გზა” - ამიერიდან თავ-თავიანთ გზებს გაუყვებიან. კოალიციამ, რომელიც ამომრჩევლებს ”არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ საარსებო გარემოს შეცვლასაც” ჰპირდებოდა და ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედს გამოხატავდა, სულ რაღაც 3 თვე იარსება. და თუკი შედეგებს გადავხედავთ, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმისთვის, რომ მის წიაღში დასაშლელად საკმარისი პრობლემები დაგროვილიყო.
ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და არც ერთი წუთი, წამი არ არის დასაკარგი არჩევნებამდე და რეალურად ავუხსენი, რომ პოლიტიკა არ გაკეთდება თბილისში ოფისებიდან...

კოალიცია ”თავისუფალი არჩევანის” დაშლის შესახებ საზოგადოებას პირველმა შეატყობინა ირაკლი ალასანიამ, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, 5 ოქტომბერს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში. როგორც ირკვევა, პარტნიორებს ალასანია ძირითადად ყოყმანსა და ინერტულობას უწუნებს და თვლის, რომ ისინი მან სოფელ-სოფელ სიარულისა და ხალხთან შეხვედრების გეგმებში ვერ აიყოლია. 6 ოქტომბერს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი უკვე ზუგდიდის რაიონში იყო და ყოფილი თანაგუნდელებისადმი უკმაყოფილებას სოფელ დარჩელიდან გამოხატავდა:

”მე წინა დღეებშიც მოვიხმე ჩემი პარტნიორები და მათ ვუთხარი, რომ აუცილებელია ჩაერთონ ამ მოქმედებებში, ჩაერთონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და არც ერთი წუთი, წამი არ არის დასაკარგი არჩევნებამდე და რეალურად ავუხსენი, რომ პოლიტიკა არ გაკეთდება თბილისში ოფისებიდან. პოლიტიკა უნდა გაკეთდეს ხალხთან ერთად, მათი სატკივარის გაზიარებით, მათი ჩართვით ამ პროცესებში. ეს გახდა მიზეზი იმ გადაწყვეტილების, რომელიც მე მივიღე.”

ირაკლი ალასანიას მიერ აღწერილ სიტუაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ფაქტებთან შეუსაბამოს უწოდებს მისი ყოფილი თანაგუნდელი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი. მისთვის მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ”თითქოსდა ირაკლი ალასანია სოფელ-სოფელ დადის დღე და ღამე, ხალხს ხვდება და, ვთქვათ, თინა ხიდაშელი კი ოფისში ზის”. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი რეგიონში გასვლით ღონისძიებებს დამოუკიდებლად გეგმავდა, ხოლო პარტნიორებს დაგვიანებით აყენებდა საქმის კურსში.

დავით ბერძენიშვილი ამბობს იმასაც, რომ ალასანიას კოალიციის დაშლილად გამოცხადება არ სურდა, თუმცა ერთობის სხვა წევრებმა - მათ შორის, რესპუბლიკელებმა - უარი თქვეს დაკონსერვებული ”ფსევდოკოალიციის” სახელით არსებობაზე, რაც პოლიტიკურ ქულებს მხოლოდ ალასანიასა და მის პარტიას მოუტანდა.

ბერძენიშვილიც აღნიშნავს და ეს 6 ოქტომბერს 4 პარტიის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ კოალიციის დაშლას ყოფილი თანაგუნდელები, ალასანიას გარდა, ”ეროვნულ ფორუმსაც” აბრალებენ. საქმე ის არის, რომ “ფორუმმა” პარტნიორებთან შეუთანხმებლად დაგეგმა და ჩაატარა 27 სექტემბრის ”ქართველთა მარში”. მაგრამ 4 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი განცხადების მთავარი აქცენტი ალბათ მაინც ის არის, რომ ”ეროვნულმა ფორუმმა” და ”თავისუფალმა დემოკრატებმა”უარი თქვეს ”საარჩევნო ბლოკის ხარისხის” მტკიცე ინტეგრაციაზე კოალიციის ფარგლებში.
მათ ვერ დაადასტურეს, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანი სუბიექტები არიან არა მხოლოდ ერთად, არამედ ცალ-ცალკეც. საქმე ის გახლავთ, რომ ის, ვინც სიცოცხლისუნარიანია ცალკე, ის შეძლებდა კოალიციაში სხვებთან ერთად მოქმედებასაც...

”ეროვნულ ფორუმში” აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს საარჩევნო ბლოკის მსგავსი ორგანიზმის ჩამოყალიბებას, რისი სურვილიც კოალიციის სხვა სუბიექტებს ამოძრავებდათ და შესაძლოა ერთობის დაშლაც სწორედ ამ მიზეზმა გამოიწვია. საარჩევნო ბლოკებზე ფიქრს, თავის მხრივ, ნაადრევად მიიჩნევს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიაც. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ყოფილი პარტნიორების გზები კიდევ გადაიკვეთოს არჩევნების წინ, მაგრამ მანამდე თითოეულმა მათგანმა საკუთარი ”სიცოცხლისუნარიანობა” უნდა დაადასტუროს.

სიცოცხლისუნარიანობაზე საუბარი უადგილოდ მიაჩნია ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს, რომელიც თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა მთელი რიგი პოლიტიკური პროცესებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ასპარეზზე. კოალიცია ”თავისუფალი არჩევანის” დაშლამ ზაზა ფირალიშვილი მეტად გაწბილებული დატოვა:

”მათ ვერ დაადასტურეს, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანი სუბიექტები არიან არა მხოლოდ ერთად, არამედ ცალ-ცალკეც. საქმე ის გახლავთ, რომ ის, ვინც სიცოცხლისუნარიანია ცალკე, ის შეძლებდა კოალიციაში სხვებთან ერთად მოქმედებასაც. როგორც ჩანს, ეს იყო შემთხვევით თავმოყრილი ჯერ ”რვიანი”, შემდეგ ”ექვსიანი”, რომელმაც ვერ შეძლო იმ მოთხოვნებისთვის გაეძლო, რა მოთხოვნებსაც უყენებდა მას პოლიტიკური გარემო.”

ზაზა ფირალიშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ”ექვსიანის” დაშლით უკვე მეორედ იშლება ერთობა, რომელსაც სახელმწიფოში სერიოზული ”პოლიტიკური ალტერნატივის” შექმნა შეეძლო. პირველად ეს 2010 წლის 15 ივნისს მოხდა, როდესაც დაახლოებით წელიწადნახევრიანი არსებობის შემდეგ დაიშალა 4 პარტიის გაერთიანება - ”ალიანსი საქართველოსთვის.” ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას, როგორც ლიდერმა, მაშინაც პირველმა ირაკლი ალასანიამ შეატყობინა.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს აზრს, თითქოს ის, ვინც სიცოცხლისუნარიანია ცალკე, შეძლებდა კოალიციაში სხვებთან ერთად მოქმედებასაც. მას მიაჩნია, რომ კოალიციის სიძლიერე არა მისი შემადგენელი სუბიექტების ცალ-ცალკე აღებულ შესაძლებლობებს, არამედ საერთო, მყარი სტრუქტურის აწყობას ეფუძნება და სწორედ ეს ვერ მოახერხეს აწ უკვე დაშლილმა გაერთიანებებმა.

თუკი ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ”ექვსიანისა” და მანამდე ”ალიანსის” დაშლას საბედისწერო პოლიტიკურ შეცდომებად მიიჩნევს, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ირაკლი ალასანიას შეცდომად გაერთიანებებიდან გამოსვლაზე მეტად თავის დროზე ამ გაერთიანებებში შესვლას მიიჩნევს და იმასვე ამბობს ”ეროვნულ ფორუმთან” მიმართებითაც.

ის ფიქრობს, რომ გაერთიანებებში შესვლა ”არ არის მომგებიანი”, როდესაც პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს. მაგრამ თუკი გაერთიანებაში შესვლის ნაბიჯი გადაიდგა, მერე მისი დატოვების დროს - და მით უმეტეს, როცა ეს არაერთხელ ხდება - პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ”ეწერება მინუსი ამომრჩევლის თვალში”, რადგანაც საქართველოს ოპოზიციური ელექტორატი გაერთიანების იდეის მომხრეა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG