Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავიაციო სფეროს ზრდის ტემპი საქართველოში


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

ცხრა თვის შედეგების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ მთავრობის წარმომადგენლები და საავიაციო სფეროს პრიორიტეტულობაზე საუბრობენ.

უკანასკნელი თვეების მანძილზე, საქართველოს საავიაციო სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით: რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლს, დაიწყო მეორე ტერმინალის მშენებლობა; ამბროლაურში გაიხსნა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „ვიზეარის“ ბაზა ამოქმედდა. ამ და სხვა ცვლილებებს თან სდევდა მგზავრთნაკადის ზრდა, რასაც 21 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში სპეციალური პრეზენტაცია მიუძღვნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ. ამ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ 2016 წლის 9 თვის შედეგები მიმოიხილა:

საავიაციო სფეროს ზრდის ტემპი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:17 0:00
გადმოწერა

„ზრდა გვიფიქსირდება ყველა საერთაშორისო აეროპორტში. 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი. აქედან აეროპორტების პროცენტული წილი ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 8,4%, ხოლო მესტიის აეროპორტი – 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი. 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 103%-ით არის გაზრდილი“.

ქეთევან ალექსიძე
ქეთევან ალექსიძე

ქეთევან ალექსიძის მიერ მოწყობილ პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ავიაცია და აეროპორტების განვითარება ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პოლიტიკის თვალსაჩინო შედეგად სახელდება ახლახანს ამბროლაურში საზეიმო ვითარებაში გახსნილი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. აღსანიშნავია, რომ თავად აეროპორტის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა. ეს პროექტი სახელმწიფოს, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაუჯდება. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტების მშენებლობა მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„მინდა აღვნიშნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც საფუძვლად დაედო ამბროლაურში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობას. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დასრულდა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო წლის ბოლოს დასრულდება სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ჩვენ კიდევ გვაქვს ამბიციური გეგმები, რადგან ქვეყანაში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა წარმოადგენს მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციაზე გამოსვლისას
დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციაზე გამოსვლისას

დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ნახსენები აეროპორტების მშენებლობა „ქართული ოცნების“ მთავრობის ახალი პრიორიტეტია. ჯერ კიდევ 2012 წლამდე საქართველოში ორი ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და კიდევ რამდენიმეს მშენებლობა იგეგმებოდა, მაგრამ ხლისუფლების სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული სფერო რამდენიმე წლით დაივიწყა, უფრო მეტიც, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გაუმართლებელ ხარჯებად გამოაცხადა, თუმცა დრომ საწინააღმდეგო აჩვენა. ახლა „ქართული ოცნების“ მთავრობა საავიაციო სფეროს ზრდის მაჩვენებლებით ამაყობს და მიღწეულს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაუღალავი შრომის შედეგს უწოდებს:

„თუ შევადარებთ ჩვენ ბოლო ოთხ წელს, ავიაციაში სახეზე გვაქვს ყოველწლიურად უპრეცედენტო ზრდა. 2 186 684 მგზავრი – ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, 103%-იანი ზრდა, 2012 წელთან შედარებით. საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მაღალი ზრდა არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ასევე, მთლიანად, კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“.

დიმიტრი ქუმსიშვილის ამ განცხადების მიუხედავად, ავიაციის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლები იმ პრობლემებზე მიუთითებენ, რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ერთეული კომპანიების სუბსიდირების პრაქტიკა. ამ და სხვა ხელშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს მცირე ავიაციის ბიზნესით დაკავებული კომპანიის, „ჰელსკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი:

ვატო ასათაშვილი
ვატო ასათაშვილი

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი კომპანია პრივილეგიებით სარგებლობს, ზოგიერთი კომპანია ვერ შემოდის ბაზარზე და ვერ ახორციელებს ფრენებს. გვახსოვს ჩვენ საუბარი, მაგალითად, თბილისი-ბათუმის რეისებზე. აქედან გამომდინარე, სუბსიდია, როგორც ასეთი, თავიდანვე მანკიერი პრაქტიკაა და ძალიან რთულია ჯანსაღი და გამჭვირვალე მონიტორინგის განხორციელება. და, სულ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ფარული გარიგებები იმალებოდეს ამ ყველაფრის უკან. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვა და სტრატეგია. ანუ, ჩვენ ვხედავთ აეროპორტები შენდება, ინფრასტრუქტურა შენდება და ანონსდება ახლის მშენებლობა, მაგრამ ვინ იფრენს აქ? მთავრობას აქვს რაიმე გეგმა, თუ ეს მხოლოდ საარჩევნო აქტივობა იყო და საარჩევნოდ გაკეთდა ინფრასტრუქტურა და დარჩება ასე, არც არავინ იფრენს... ამიტომ ჩვენთვის, კერძო სექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად მიდის სახელმწიფო, რას აპირებს მთავრობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG