Accessibility links

logo-print

საქართველოს საავტომობილო გზებზე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში ავტოკატასტროფებმა 514 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 8 ათას ხუთასმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა - 100 ათას კაცზე 11 დაღუპული - თითქმის ორჯერ მაღალია, ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. რატომ არის საქართველოს გზები სიცოცხლისთვის სახიფათო და რა კეთდება ვითარების შესაცვლელად?

სოციალური ქსელები სავსეა სამოყვარულო კამერებითა თუ ტელეფონებით გადაღებული ვიდეოკადრებით, რომლებზეც საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოკატასტროფებია აღბეჭდილი. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის თქმით, გზებზე სიკვდილიანობის ზრდას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, მათ შორის, მართვის დაბალი კულტურა მძღოლებში.

ვფიქრობ, უფრო მეტი „ნადირობა“ მართებს პატრულს ნასვამი მძღოლების გამოსავლენად, რადგანაც რაც უფრო მკაცრი იქნება პოლიცია, მით უფრო ნაკლები საგზაო შემთხვევა გვექნება...

„ვისაც არ ეჩქარება, ჰგონია, რომ სხვასაც არავის ეჩქარება, ხოლო ვინც ჩქარობს, იმას ჰგონია, რომ ყველამ უნდა იჩქაროს და რომ მას უფლება აქვს ყველანაირი დარღვევა გააკეთოს, შემხვედრ მიმართულებაზე გადავიდეს ან გზა მოჭრას. ასევე ჩვენს ხასიათშია საჭესთან ნასვამი ჯდომა. ვფიქრობ, უფრო მეტი „ნადირობა“ მართებს პატრულს ნასვამი მძღოლების გამოსავლენად, რადგანაც რაც უფრო მკაცრი იქნება პოლიცია, მით უფრო ნაკლები საგზაო შემთხვევა გვექნება“, უთხრა რადიო თავისუფლებას მევლუდ მელაძემ, რომლის თქმით, პრობლემაა საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების როგორც არასწორი განლაგება, ასევე იგნორირება; ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობა, რასაც ხელს უწყობს სავალდებულო ტექდათვალიერების გაუქმება. როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მართვის მოწმობის გაცემის წესი:

„თეორიას სწავლობ კომპიუტერთან, მერე მიდიხარ და 2 კმ/სთ სიჩქარით აბარებ გამოცდას, იღებ მართვის მოწმობას, გამოდიხარ ქუჩაში და არ იცი, რა უნდა ქნა“.

შედეგად ხდება ავტოკატასტროფები, რომლებსაც, უმეტესწილად, ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება. ეკა ლალიაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“, ამბობს, რომ ავტოკატასტროფები 19-25 წლის ახალგაზრდების ნომერ პირველი მკვლელია:

ეკა ლალიაშვილი

ეკა ლალიაშვილი

„ეს ყველაფერი არაა მხოლოდ სტატისტიკა. ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანების ოჯახები. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ ადამიანური ტკივილი. ეს ასევე არის ფინანსური დანახარჯი როგორც ოჯახისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ვნებს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას. ბევრჯერ წაგვიკითხავს და გვსმენია, რომ საქართველო არ არის ტურისტებისთვის მომხიბვლელი ქვეყანა იმიტომ, რომ გზაზე გადაადგილება არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი“.

ეკა ლალიაშვილმა საგზაო შემთხვევების ზრდის პრობლემაზე ისაუბრა თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც უმასპინძლეს გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო მოძრაობისათვის“. კონფერენცია მიეძღვნა ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც, გაეროს გადაწყვეტილებით, 2005 წლიდან აღინიშნება ყოველი წლის ნოემბრის მესამე კვირა დღეს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მერია აქტიურად მუშაობს მუნიციპალური გზების უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით. უახლოეს მომავალში გაორმაგდება მანიშვნელების რიცხვი გზაჯვარედინებზე. და კიდევ:

„ავტოსატრანსპორტო გზებიდან გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, დაახლოებით 28 ათასი გრძივი მეტრის ლითონის ძელებიანი ზღუდარია დამონტაჟებული. სიჩქარის იძულებითი შეზღუდვის მიზნით, საპატრულო პოლიციასთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ ვაყენებთ უსწორმასწორობის ბარიერებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 35 ათასი გრძივი მეტრია დამონტაჟებული თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე. საგზაო მონიშვნასთან დაკავშირებული სამუშაოები დაახლოებით 100-120 კილომეტრია ჯამური მონიშვნითი სამუშაო. სახიფათო მოსახვევებში სარკეებს ვამონტაჟებთ. უკვე 110 ასეთი სარკეა დამონტაჟებული“.

საქართველოში არის 28 ათასი კილომეტრი გზა, აქედან 8 ათასი არის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი, დანარჩენი ადგილობრივი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მოკლე დროში ერთბაშად ყველა გზა ვაქციოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი...

თბილისის მერის თქმით, საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ასევე ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, მერია აპირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებას და შევსებას თანამედროვე, უსაფრთხო საშუალებებით. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის თქმით კი, ქვეყნის მასშტაბით გზების ტექნიკურ მდგომარეობაზე საქართველოს მთავრობა ზრუნავს.

„საქართველოში არის 28 ათასი კილომეტრი გზა, აქედან 8 ათასი არის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი, დანარჩენი ადგილობრივი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მოკლე დროში ერთბაშად ყველა გზა ვაქციოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. ამას სჭირდება მილიარდობით დოლარი და რამდენიმე წელიწადი. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, ერთი მხრივ, ახალი გზები გავაკეთოთ და, მეორე მხრივ, ძველი გზები, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახდენთ და ვცდილობთ ვაქციოთ უსაფრთხოდ“, უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ შერგელაშვილმა, რომლის თქმითაც, საგზაო უსაფრთხოების თემა უფრო მეტია, ვიდრე გზების მდგომარეობა და ის მოიცავს მრავალ ადმინისტრაციული და ტექნიკური სახის ღონისძიებას.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, უკვე გაკეთდა პირველადი პროექტი საგზაო უსაფრთხოების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა, რომლის მიღების შემთხვევაში ყველა სამინისტროს განესაზღვრება თავისი როლი. საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობის მთავარ წუხილს ავტოავარიები და საგზაო უსაფრთხოება წარმოადგენს. გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შომბი შარფის კომენტარი:

თენგიზ შერგელაშვილი

თენგიზ შერგელაშვილი

„ამ სავალალო მონაცემების ფონზე, ოპტიმიზმის საფუძველს ის იძლევა, რომ ავტოავარიების უმეტესი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი საზოგადოების თითოეული წევრი იზრუნებს საკუთარი ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე, დაიცავს საგზაო უსაფრთხოების წესებს. ამ ცვლილებებისთვის მთელი საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო - თითოეული პიროვნების, ხელისუფლების, რომელმაც, ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, ეროვნული მნიშვნელობის საკითხების რანგში უნდა დააყენოს მძღოლების, ფეხით მოსიარულეთა სწორი ჩვევების დამკვიდრება“.

გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ამ მოსაზრებას სრულად იზიარებენ პრობლემის გადაწყვეტით დაინტერესებული პირები. ეკა ლალიაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“, მიიჩნევს, რომ საკითხი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: უსაფრთხო გზა და მობილურობა, უსაფრთხო ავტომობილი, ადამიანის ქცევა და სამედიცინო დახმარება, რომელიც უნდა იყოს დროული და კვალიფიციური, თუმცა საგზაო უსაფრთხოების ამაღლებისთვის ასევე საჭიროა, რომ ყველა ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე ერთი რომელიმე უწყება ზრუნავდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG