Accessibility links

logo-print

ელექტრონული წიგნების სახლი ”საბა” - კიდევ ერთი ადგილი წიგნის მოყვარულთათვის


ელექტრონული წიგნების სახლი ”საბალიტ.ჯი-ს შემდეგ ქართულ ინტერნეტსივრცეში წიგნების უკვე მეორე მაღაზიაა, სადაც ლიტერატურის მოყვარულებს სასურველი წიგნების ყიდვა შეეძლებათ. ამ მაღაზიაში დღეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ლიტერატურული პრემია ”საბას” 200-მდე ნომინანტი და ლაურეატი ავტორის წიგნი იყიდება.

”საბას” ელექტრონული წიგნების სახლში მოხვედრა მარტივად ამ მისამართის აკრეფის გზით შეგიძლიათ - www.saba.com.ge . ყველა წიგნი, იმის გამო, რომ მათი ელექტრონული ვერსია აღარ არსებობდა, მაღაზიაში ვერ მოხვდა, მაგრამ უმრავლესობა ამ ბიბლიოთეკის თაროებზეა განთავსებული და მათი მოძებნა და შერჩევა შესაძლებელია მათი ფასისა და ჟანრის, ასევე იმის მიხედვით, ვინ ნომინანტი იყო და ვინ ლაურეატი, რომელი წიგნი უფრო პოპულარულია და რომელს აქვს მეტი რეცენზია. ცხადია, ვხედავთ წიგნების ყდებსაც. ვებსაიტის რუკა საკმაოდ მარტივია, წიგნების ყიდვა და საკუთარ თაროებზე მათი მოგროვება კი თავად ვებსაიტზე რეგისტრაციის ან ფეისბუკით რეგისტრაციის გზით არის შესაძლებელი. ”თი-ბი-სი” ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი, რომელიც რატი ამაღლობელსა და სანდრო ასათიანთან ერთად ელექტრონული წიგნების სახლის შექმნაზე მუშაობდა, გვეუბნება, რომ მალე მაღაზიაში ელექტრონული წიგნების არჩევანი გაიზრდება და ის გასცდება ”საბას” ნომინანტებს:

”ამ წიგნების არეალი აუცილებლად გაფართოვდება. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმისათვის, რომ ადამიანებმა ჩვენს ვებსაიტზე მოძებნონ ყველა ის წიგნი, - მათ შორის, კლასიკური ლიტერატურაც, - რაც მათ აინტერესებთ.”
ჯერჯერობით ჩვენი წიგნების წაკითხვა ელექტრონულ რიდერებში შეუძლებელია და ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი წიგნები დაცული სისტემითაა შექმნილი ...

კიდევ რამდენიმე საინტერესო ტექნიკური დეტალი დაინტერესებული ადამიანებისათვის: წიგნების ყიდვა ”საბას” ელექტრონულ მაღაზიაში ზუსტად იმავე გზით ხდება, როგორც ნებისმიერი ინტერნეტშესყიდვისას. ნაყიდი წიგნების წაკითხვა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის - Iphone-ის და IPad-ის - მეშვეობით. თუმცა აგვისტოს ბოლოს, როგორც მაია ძირკველიშვილი ამბობს, საიტს დაემატება ფუნქცია, რაც მკითხველებს შესაძლებლობას მისცემს ნაყიდი წიგნები გადმოიწერონ და ინტერნეტის გარეშე წაიკითხონ. ამისათვის სპეციალური პროგრამის - ”საბა რიდერის” - ჩამოტვირთვა დაგჭირდებათ. პროგრამა უფასოა. ყველას აინტერესებს შესაძლებელია თუ არა წიგნების წაკითხვა ელექტრონულ რიდერებში, მაგალითად, ”კინდლის” საშუალებით:

”ჯერჯერობით ჩვენი წიგნების წაკითხვა ელექტრონულ რიდერებში შეუძლებელია და ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი წიგნები დაცული სისტემითაა შექმნილი. ამ წიგნების წაკითხვა სპეციალური პროგრამით, „საბა რიდერითაა“ შესაძლებელი, რომლის კოპირებასაც ვერ ახერხებენ და, შესაბამისად, დაცულია არალეგალური გავრცელებისგან”, - ამბობს მაია ძირკველიშვილი.

ფასებს მაღაზიაში გამომცემლობები ადგენენ და ეს ფასი, როგორც წესი, ნაკლებია ნაბეჭდი წიგნის ღირებულებაზე. მაგალითად, გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ მათი წიგნების ელექტრონული ვარიანტები 30%-ით იაფია. ზოგადად, ელექტრონულ წიგნებზე, როგორც დამატებით კომფორტზე მკითხველისათვის, გამომცემლობებმა უარი არ უნდა თქვან, მიუხედვად იმისა, ამბობს თამარ ლებანიძე, რომ არიან ავტორები, რომლებიც უარს აცხადებენ საკუთარი წიგნების ელექტრონული სახით არსებობაზე:
მე მგონია, რომ ელექტრონული წიგნების მკითხველს აუცილებლად დაუდგება ის მომენტი, როცა მოენატრება ქაღალდის წიგნთან შეხება. ალბათ, იქნება რაღაც მონაცვლეობითი ციკლის მსგავსი ...

”მაგალითად, იმ ავტორებიდან, ვისი წიგნების გამოცემის საავტორო უფლებასაც დიოგენე ფლობს, შემიძლია დავასახელო ჯერომ სელინჯერი და მილან კუნდერა. თუ, ცხადია, ასეთ გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში, ელექტრონულ წიგნებს მომავალი აქვთ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად პოპულარულია ელექტრონული წიგნები, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს სეგმენტი მყარია და მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.”

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბოლო დროს ქართველი გამომცემლობები სულ უფრო აქტურად თანამშრომლობენ ელექტრონული წიგნების მაღაზიებთან. თუმცა თამარ ლებანიძე ფიქრობს, რომ ქაღალდის წიგნის ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს:

”მე მგონია, რომ ელექტრონული წიგნების მკითხველს აუცილებლად დაუდგება ის მომენტი, როცა მოენატრება ქაღალდის წიგნთან შეხება. ალბათ, იქნება რაღაც მონაცვლეობითი ციკლის მსგავსი. ელექტრონული - თავის ადგილას, თავისი ფორმით, მოგეხსენებათ, რომ ის ძალიან მოსახერხებელია მგზავრობისას, და ქაღალდის წიგნი, რომელიც მეტი მყუდროებაა, მე ასე ვიტყოდი.”

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, რომელიც პრემია ”საბას” ორგზის ლაურეატია და, შესაბამისად, ელექტრონული წიგნების სახლში ”საბა” მისი ორი წიგნი იყიდება (”იანვრის მდინარე” და ”მემფისი”), ქაღალდის წიგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად, ფიქრობს, რომ მომავალი სწორედ ელექტრონული წიგნების და მათით შევსებული ბიბლიოთეკებისაა, თუმცა, ამავე დროს, ამბობს, რომ სანამ იარსებებს ადამიანი, იარსებებს წიგნის, როგორც ძვირფასი ნივთის ფლობის ნება და სურვილიც. თუმცა ელექტრონული წიგნების მაღაზიებს ნამდვილად მოაქვთ განსაკუთრებული კომფორტი და, რაც მთავარია, ბევრი ინფორმაცია:

”იმახსოვრებ ყდას, ავტორს, იქვე კითხულობ ყველა ანოტაციას, არჩევანს აკეთებ რაღაც ნიშნით. იმას მაინც იაზრებს ადამიანი, რომ თურმე, აი, ასეთი და ამდენი წიგნი დაწერილა. წიგნების პოპულარიზაციაზე ეს აუცილებლად აისახება და წიგნებიც უკეთ გაიყიდება.”

მისთვის, როგორც მწერლისთვის, საინტერესოა ის სიახლეც, რომ შესაძლოა პრემია ”საბასთვის” იბრძოლონ ელექტრონულმა წიგნებმაც, რომლებიც ნაბეჭდი სახით გამოცემული არ არის. თეონა დოლენჯაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პრემიის მასშტაბს მნიშვნელოვნად გაზრდის, ზოგადად ლიტერატურულ პროცესს კი უფრო ღიას და დემოკრატიულს გახდის.
XS
SM
MD
LG