Accessibility links

logo-print

პუტინი კვიპროსის ბანკებში საკუთარი მოქალაქეების ანაბრების დაცვას ცდილობს


საბაss

საბაss

საბანკო ანაბრების დაბეგვრის შესახებ კვირას დაგეგმილი დებატები კვიპროსის პარლამენტში უკვე მეორედ გადაიდო, თუმცა ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ კანონმდებლები ამ იძულებით ნაბიჯს მხარს დაუჭერენ. კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული კრიზისი შეაფასა როგორც ყველაზე მძიმე, 1974 წლის თურქეთის ინტერვენციის შემდეგ, და დეპოზიტების დაბეგვრას იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი უწოდა:

„ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, მაგრამ, გარემოებათა გათვალისწინებით, ეს არის ყველაზე ნაკლებად მტკივნეული ნაბიჯი, რაც ქვეყანას ბანკროტად გამოცხადებასა და ევროზონის დატოვებას ააცილებს თავიდან“.

ევროზონის სახელმწიფოები კვიპროსის მთავრობისგან მოითხოვენ საგანგებო ბეგარის შემოღებას საბანკო ანაბრის მოცულობის ათ პროცენტამდე ოდენობით. უფრო ზუსტად, 100 ათას ევრომდე მოცულობის ანაბრები 6.75 % პროცენტით, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი ანაბარი 9.9%-ით დაიბეგრება.

კვიპროსის ხელისუფლება ასეთი დაბეგვრის შემოღებით 5,8 მილიარდი ევროს მობილიზებას გეგმავს. ამ ნაბიჯის შემდეგ, კვიპროსი მოელის 10 მილიარდი ევროს დახმარების მიღებას ევროკავშირისგან, რაც ქვეყნის საბანკო სისტემას რეკაპიტალიზების საშუალებას მისცემს.

მიუხედავად კვიპროსის ხელისუფლების განცხადებისა, რომ დეპოზიტების დაბეგვრა მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯია, ამ გადაწყვეტილებამ განარისხა როგორც კვიპროსელი, ისე საზღვარგარეთელი მეანაბრეებიო, ამბობს ერთ-ერთი ბრიტანელი მეანაბრე, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობა მას ძარცვავს.

„სამშაბათს ვაპირებ ბანკში წავიდე და გამოვიტანო მთელი ფული, რაც იქ მიდევს. აღარ შემიძლია მათი ნდობა. ეს ძარცვაა. ისინი მე მძარცვავენ“.

რუსეთის მრავალი მეანაბრე, რომელთა სახსრები კვიპროსის საბანკო ანგარიშების დიდ წილს შეადგენს, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირი აპირებს ნაწილი თავისი პრობლემებისა რუსების ხარჯზე მოაგვაროს. ფასიანი ქაღალდების სარეიტინგო სააგენტო „მუდიზ ინვესტორ სერვისის“ თანახმად, რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს გასული წლის ბოლოსთვის კვიპროსის ბანკებში 30 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივები ჰქონდათ განთავსებული. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ვლადიმირ პუტინმა ვალების კრიზისში ჩავარდნილ კვიპროსთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას „უსამართლო, არაპროფესიული და სახიფათო“ უწოდა.

თუმცა კვიპროსის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადადგამს ნაბიჯებს საიმისოდ, რომ ანაბრების დაბეგვრის კანონის მიღება დეპოზიტორებზე მძიმედ არ აისახოს. საკვირაო მიმართვაში კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ მეანაბრეებს, რომლებსაც დეპოზიტზე პროცენტის გადახდა მოუწევთ, კომპენსაციის სახით გადაეცემათ აქციები, რომლებიც მომავალში ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლით ანაზღაურდება.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის პარლამენტმა სამშაბათისათვის გადადო სადავოდ ქცეული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს, სახელმწიფო დღესასწაულის გამო, კვიპროსში ბანკები არ მუშაობდნენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიპროსში ბანკები არც სამშაბათს განაახლებენ მუშაობას, რათა მეანაბრეებმა მასობრივად არ დაიწყონ დეპოზიტების გატანა, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება კრიზისში მყოფ კვიპროსის ეკონომიკას.
XS
SM
MD
LG