Accessibility links

logo-print

ძვირია თუ არა საბანკო კრედიტები საქართველოში?


ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის შენობა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში საბანკო რესურსები ხელმიუწვდომელია - კრედიტებისა და სესხების საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემაა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მოხსენებაშიც. რას გულისხმობენ, როცა საქართველოში საბანკო კრედიტების სიძვირეზე ლაპარაკობენ?

საქართველოში საბანკო რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემა, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამაც“ შეისწავლა და კვლევის შედეგები მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია და, მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია. ყველაზე მეტად ორგანიზაციის ყურადღებას იქცევს რისკის პრემიის მაჩვენებელი. როგორც ცნობილია, საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით და ქვეყნის მთავრობაც თავს იწონებს ამ მიღწევით. სწორედ ამ რეიტინგისა და რისკის პრემიის მაჩვენებლის შეუსაბამობა აღმოჩნდა ექსპერტების ყურადღების საგანი.
მთავარ პრობლემად ბიზნესმენები ასახელებენ ფინანსების ხელმისაწვდომობას. რას გულისხმობენ ამაში, ძნელი წარმოსადგენია. ის, რომ მათ ბანკები არ აძლევენ სესხებს უპასუხისმგებლოდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსები არ იშოვება. პირიქით, ჭარბადაც არის...

ეკონომიკისა თუ ფინანსების სხვა ექსპერტებიც განმარტავენ, რომ კრედიტებზე მაღალ და დეპოზიტებზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის მაღალი დონე განაპირობებდა, თუმცა ახლა საქართველოში დეფლაციური პროცესებია, საპროცენტო განაკვეთების შემცირება კი მაინცდამაინც არ იგრძნობა.

საქართველოში საფინანსო რესურსების წვდომის პრობლემას, ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აღნიშნავენ. მათ შორისაა „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“, რომელმაც ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესახებ.

ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ბიზნესმენთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები კრედიტებისა და სესხების სიძვირეს უჩივიან. ასეთ პოზიციას არ იზიარებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

„მთავარ პრობლემად ბიზნესმენები ასახელებენ ფინანსების ხელმისაწვდომობას. რას გულისხმობენ ამაში, ძნელი წარმოსადგენია. ის, რომ მათ ბანკები არ აძლევენ სესხებს უპასუხისმგებლოდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ფინანსები არ იშოვება. პირიქით, ჭარბადაც არის.“

საქართველოს საფინანსო ბაზრის მზარდმა პერსპექტივებმა ცნობილი გერმანული ბანკის - „კომერცბანკის“ - ყურადღებაც დაიმსახურა და მან თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. „კომერცბანკის“ ტოპმენეჯმენტის წევრის, კრისტოფერ გაბრიელ მაეტის განცხადებით, საქართველო ძალიან სწრაფი ტემპებით ახდენს ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, იგი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა ეკონომიკური პროცესების წარმართვის თვალსაზრისითო, - უთხრა მან რადიო „კომერსანტს“. ამავე რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში „კომერცბანკის“ ტოპმენეჯერი საპროცენტო განაკვეთების თემასაც შეეხო და საკუთარი მაგალითის საფუძველზე აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო პროცენტები ინვესტორებისა და კრედიტორების კმაყოფილებას იწვევს.

საქართველოში საბანკო სექტორისა და ბიზნესის აქტიური თანამშრომლობის სურათს იძლევა გასული წლის სტატისტიკა. 2011 წელი საბანკო სექტორმა 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგებით დაამთავრა და აქტივებმა თითქმის 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 5 წლის მანძილზე. მოგების მიზეზებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია განმარტავს:
ზურაბ გვასალია

ზურაბ გვასალია


”მოგება არის არა იმისაგან, რომ, დავუშვათ, საპროცენტო განაკვეთებია გაზრდილი... - და თუ ჩვენ ვნახავთ ამას დეტალურად, ვნახავთ, რომ საპროცენტო განაკვეთების მრუდი ქვემოთ მოდის. - უბრალოდ, მოგების გაზრდა საკრედიტო პორტფელის გაზრდამ გამოიწვია.”

საკრედიტო პორტფელის გაზრდა, რის შესახებაც ზურაბ გვასალია ლაპარაკობს, გამოწვეულია ბიზნესისთვის ფულის გაცემის გაფართოებით. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი კი საპროცენტო განაკვეთების პრობლემატიკაზე საუბრისას მსოფლიო ბაზარზე საბანკო რესურსების გაძვირების ტენდენციას აღნიშნავს, რაც ჯერჯერობით ხელს არ უწყობს საქართველოში საბანკო სესხებისა და კრედიტების გაიაფებას.
XS
SM
MD
LG