Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში“


2014 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე საქართველოს მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს ფოტოგამოფენას „საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში", რომლის მიზანია წახალისდეს დისკუსია საქართველოს უახლესი ისტორიისა დამეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნეში, საბჭოთა მმართველობის პერიოდში, თბილისში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესის ამსახველი 20 ფოტოსურათი. ამასთან, ფოტომონტაჟის საშუალებით ისტორიული კადრები ჩასმულია იმავე გეოგრაფიული ადგილების თანამედროვე პანორამაში. გამოფენა მოაწყო „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით.

საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70 წელი დაყო. 1921 წლის მარტში რევოლუციურმა კომიტეტმა დაითხოვა დამფუძნებელი კრება, ხოლო ერთი წლის თავზე საქართველო გააერთიანა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, თუმცა საბჭოთა საქართველოს ისტორიის ათვლის წერტილად მაინც მიიჩნევა 1921 წლის 25 თებერვალი, როცა თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა და თავისუფლების მოედანზე მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა, გენერალ ანატოლი ჰეკერის სარდლობით, მსვლელობა მოაწყვეს.

1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს უახლესი ისტორის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - მწერალთა სახლში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომონტაჟით, რომელზეც გამოსახულია მე-11 წითელი არმიის კავალერისტების მსვლელობა თავისუფლების მოედანზე. გამოფენის ამ ექსპონატმა მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორს ნინო ლეჟავას:

ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა

„ძალიან ემოციური ფოტოა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რა მოხდება ამ საცხენოსნო მსვლელობის შემდეგ, ანუ რა ელის საქართველოს წინ. თუმცა ამ გამოფენაში არის ისეთი ფოტოებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, დიდ ემოციას არ აღძრავს, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, თითოეული ეს ფოტო ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციის საბუთია, რამდენადაც ზოგჯერ სრულიად მეხსიერებიდან წაშლილ მოვლენებს შეგვახსენებს“.

გამოფენის ექსპონატთა შორისაა 1930 წლის 23 იანვარს გაკეთებული ფოტოც, რომელზეც ასახულია სიონის კათედრალური ტაძრის სამრეკლოს მთავარი ზარის ჩამოხსნის პროცესი. ამ ფოტოს, ისევე როგორც გამოფენის ყველა სხვა ექსპონატს, ახლავს ტექსტი, რომელშიც აღწერილია მოვლენის ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი, კერძოდ:

სიონის ზარი, მართალია, ჩამოიღეს, მაგრამ გადარჩა იმის გამო, რომ შეინახეს როგორც სამუზეუმო ექსპონატი.
დავით კოპალიანი

„1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სამართლებრივი სტატუსის განულებისა და აქტიური რელიგიური ლიდერების განეიტრალების ეტაპი დაასრულა და ბრძოლის შემდგომ ფაზაზე გადავიდა. როგორც პრესაში აცხადებდნენ, „ზეცაზე იერიში მიიტანა“, კულტის მსახური, მღვდელი, საფრთხობელად, დევნისა და დამცირების მთავარ სამიზნედ იქცა. მორწმუნეთა საზოგადოებები მასობრივად კარგავდნენ საკულტო ნაგებობებით სარგებლობის უფლებას, მათი სამეურნეო და კულტურული მიზნით გამოყენების აუცილებლობის საბაბით. 1930 წელს ლითონის დამზადების გეგმის შესასრულებლად ზარების რეკვიზიციის დრომაც მოაღწია“.

თუმცა, როგორც პროექტის კოორდინატორი დავით კოპალიანი ამბობს, სიონის ეკლესიის ზარს გაუმართლა:

„სიონის ზარი, მართალია, ჩამოიღეს, მაგრამ გადარჩა იმის გამო, რომ შეინახეს როგორც სამუზეუმო ექსპონატი“.

სიონის ზარი
სიონის ზარი

დავით კოპალიანის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების უმეტესი ნაწილი მოძიებული იქნა საქართველოს ეროვნულ არქივში.

„ფოტოები მოიძია პროექტის ძირითადმა მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან“. მოვიძიეთ იმაზე მეტი ფოტო, ვიდრე გამოფენაზეა წარმოდგენილი, რადგანაც ჩვენი მიზანი იყო შეგვერჩია ოცი ისეთი ფოტო, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოადგენდა თითოეულ ათწლეულს. ამ ფოტოებს უნდა აესახათ იმ ეპოქის, ათწლეულში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. თუმცა რამდენიმე ფოტო, რომელზეც უახლესი ისტორიული მოვლენებია აღბეჭდილი, ღია წყაროდანაც მოვიპოვეთ. გამოყენებული გვაქვს გურამ წიბახაშვილის ორი ფოტო. ესაა დემონსტრაციის მსვლელობა იპოდრომზე და, მეორე, ლენინის ძეგლის ჩამოგდება“, უთხრა რადიო თავისუფლებას დავით კოპალიანმა, რომლის თქმით, 1988 წლის 12 ნოემბერს გურამ წიბახაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია პირველი მასშტაბური დემონსტრაცია საბჭოთა საქართველოში. ტექსტში, რომელიც საგამოფენო ექსპონატს ახლავს, ვკითხულობთ:

„აქ ერთმანეთის გვერდით ისეთი ლოზუნგები იყო გამოფენილი, რომლის მომხრეები, წესით, ერთ სივრცეში ვერ უნდა მოთავსებულიყვნენ - ერთი მხრივ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი ახალი კანონის შეცვლის მოთხოვნის გვერდით სტუდენტების ჯგუფი ხუდონის ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, მეორე ჯგუფს რელიგიური სიმბოლოები გამოეფინა, ვიღაც კი მკაცრად მოითხოვდა ტრანსპარანტით: „შეწყდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია!“

გურამ წიბახაშვილი
გურამ წიბახაშვილი

ფოტოს ავტორი გურამ წიბახაშვილი ამბობს, რომ სურათზე აღბეჭდილი მსვლელობა დაიწყო უნივერსიტეტთან, გაიარა მთელი ვაკე და მივიდა იპოდრომზე:

„გადაღებულია, თუ როგორ იკრიბება ხალხი იპოდრომზე, სადაც დღეისათვის ყველაფერი შეცვლილია. ტრასა გავიდა, სახლები შენდება და ა.შ. სწორედ ამ გარემოში ჩასვეს ჩემი ფოტოს ფრაგმენტი, რამაც ძალიან საინტერესო შედეგი გამოიღო. საერთოდ, მთელი ეს გამოფენა იმის ჩვენებას ემსახურება, რომ ჩვენი სამყარო გამუდმებით განიცდის ტრანსფორმაციას, ყოველწუთიერ ცვლილებას, მაგრამ არის რაღაც, რაც უნდა დარჩეს და არ დაიკარგოს. ასეთი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს ამ გამოფენას, რომ ვიპოვოთ ამ ცვალებად სამყაროში ისეთი რამ, რაც ხელჩასავლებია და არ უნდა მიეცეს დავიწყებას“.

ერთდროულად ხედავ რაღაც ძველი მოვლენის კადრს, რომელიც ჩასმულია იმავე გარემოს დღევანდელ ხედში და რაღაცნაირ უცნაურ შეგრძნებას იწვევს, როცა ხედავ წარსულის აჩრდილს იმ სივრცეში...
ირაკლი ხვადაგიანი

გურამ წიბახაშვილისა და სხვა ავტორების ფოტოებზე გამოსახული მოვლენების მთავარი პერსონაჟები და ცალკეული ელემენტები წარსულიდან აწმყოში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა გადმოიტანა ძველი და ახალი ფოტოების შეჯერებით.

„ერთდროულად ხედავ რაღაც ძველი მოვლენის კადრს, რომელიც ჩასმულია იმავე გარემოს დღევანდელ ხედში და რაღაცნაირ უცნაურ შეგრძნებას იწვევს, როცა ხედავ წარსულის აჩრდილს იმ სივრცეში, რომელსაც ყოველდღე ხედავ და არ იცი, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა თავის დროზე“.

მაგალითად, საკავშირო კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისს 1961 წლის მაისში სტუმრობდა, გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოზე კი ხრუშჩოვი მელიქიშვილის ქუჩაზე მოდის და ღია ავტომობილიდან

ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისში
ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისში

ესალმება თბილისელებს. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ამ და სხვა ფოტოების გამოფენის მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც შეცვალა (როგორც წესი, ნეგატიური კუთხით) საქართველოს განვითარების ისტორია. და კიდევ:

„მეორე აქცენტი, რაც ჩვენ ფოტომონტაჟის მეთოდის გამოყენებით გავაკეთეთ, მდგომარეობს იმაში, რომ გვენახა, თუ რა მოსდის იმ სივრცეს, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა, და ჩვენთვისაც ხშირად საინტერესო იყო ამ ადგილების ნახვა. ბევრი ადგილის ამსახველი კადრის გადაღება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეცვლილი აღმოჩნდა ის სივრცე, სადაც თავის დროზე ეს მოვლენები გათამაშდა და არანაირი სანიშნე არ იყო დარჩენილი, რომ ეს ორი ფოტო ერთმანეთისთვის დაგვედო. ცხადია, ესეც საინტერესო პრაქტიკა იყო, რომ აღმოჩნდა, რა ძალიან რადიკალურად და უხეშად იცვლება ისტორიული გარემო, სადაც მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები ვითარდებოდა“.

ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა

ირაკლი ხვადაგიანი იმედოვნებს, რომ გამოფენა წაახალისებს დისკუსიას თემაზე, როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ, რატომ და როგორ იცვლება სივრცე, სადაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პარტნიორი ორგანიზაციის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავაზაც მიიჩნევს, რომ გამოფენის დახმარებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი წარსულის მონიშვნას რეალურ საცხოვრებელ სივრცეში.

„ზოგადად, ქალაქი ყოველთვის დინამიკური სივრცეა, ყოველთვის იცვლება და ხშირად პოლიტიკური და სიტორიული წარსულის მეხსიერება დავიწყებულია ხოლმე. ჩენი მიზანი კი იყო სწორედ საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა, ესა თუ ის მოვლენა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო განსხეულებული ქალაქის ქსოვილში. აქ მთავარი იდეა არის წარსულის და თანამედროვეობის ერთ სივრცეში მოქცევა სწორედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაიაზროს ადამიანმა, გამოფენის დამთვალიერებელმა, თუ რა წარსული, რა ტვირთია ქალაქის ამ თითოეულ ნაწილზე, რომელიც გამოფენილ ფოტოებზე ძალიან საინტერესოდაა გამოსახული“, უთხრა ნინო ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG