Accessibility links

logo-print

მათ „პანფილოველებს“ უწოდებენ,ან „28 პანფილოველს“, „პანფილოველ გმირებსაც“, და მიაკუთვნებენ ხალხს, ვინცსაბჭოთა კავშირში „დიდი სამამულო ომის“ მითად აღზევდა, როგორც ალექსანდრ მატროსოვი ან ზოია კოსმოდემიანსკაია.

ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში პანფილოველებზე ვკითხულობთ: „316-ე მსროლელი დივიზიის მეომრები, რომლებმაც თავი ისახელეს დიდ სამამულო ომში. 316-ე დივიზია (მეთაური გენერალ-მაიორი ივანე პანფილოვი) მე-16 არმიის შემადგენლობაში აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის ბრძოლაში. 1941 წლის 14 ოქტომბრიდან დივიზია ვოლოკოლამსკის დასავლეთით მძიმე თავდაცვით ბრძოლებს ეწეოდა მტრის ჭარბ ძალებთან ... 1941 წლის 16 ნოემბერს დაიწყო გერმანელ ფაშისტთა ახალი შეტევა მოსკოვზე. ამ დღეს განუმეორებელი გმირობა ჩაიდინა 1075-ე მსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის მეოთხე ასეულის 28 მებრძოლმა, პოლიტხელ ვ. კლოჩკოვის მეთაურობით“.

ამ „განუმეორებელი გმირობის“ შედეგად, როგორც საბჭოთა ენციკლოპედია და ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოები გვამცნობს, 28 პანფილოველმა ფაშისტების ტანკები შეაჩერა მოსკოვიდან ორიოდე საათის სავალზე, თავი შეაკლა მტერს.

ამ „განუმეორებელი გმირობის“ უკვდავსაყოფად, პანფილოველთა სახელს ატარებს ქუჩები, პარკები და მოედნები. გასულ თვეში რუსეთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყოპანფილოველებზე მხატვრული ფილმის გადაღება.

არადა, როგორც ირკვევა, მათი გმირობის ამბავი სიცრუეა...

8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი - წერილი, რომლითაც საბჭოთა სამხედრო პროკურორი ატყობინებს პოლიტბიუროს წევრს, ანდრეი ჟდანოვს, რომ ლეგენდა არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოგონილია ჟურნალისტის მიერ.

ისტორიკოსებს აქამდეც არაერთხელ უთქვამთ, რომ 28 პანფილოველის შესახებ ლეგენდაში თვალშისაცემი შეუსაბამობებია. ახლა ხელთ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ბოლოს უღებს ეჭვებსო, ამბობს ცნობილი რუსი ისტორიკოსი ანდრეი ზუბოვი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი ზოგადად ვიცოდით, მაგრამ ყველა დოკუმენტი არ იყო გახსნილი. ახლა უკვე, რომ იტყვიან, ყველა ეჭვი გაქარწყლდა და ეს მითი გაქრება, იმედი მაქვს. თუმცა უცნაურია, რომ არსებობს ქუჩები, რომლებიც დასახელებულია პანფილოველი გმირების პატივსაცემად. ასე ეწოდებათ: „პანფილოველი გმირების ქუჩა“. ახლა საჭირო იქნება მათთვის რაღაცნაირად სახელის შეცვლა“, - უთხრა ჩვენს რადიოს ანდრეი ზუბოვმა, მეცნიერმა, რომელიც ისტორიის პროფესორი იყო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში და სამსახური დაკარგა შარშან ყირიმის ანექსიის გაკრიტიკების გამო.

ისტორიკოსებმა რომ აქამდეც იცოდნენ 28 პანფილოველზე ლეგენდის რეალობასთან შეუსაბამობის ამბავი, ამას ადასტურებს ჩვენი რადიო თავისუფლების საიტზე ამ ორიოდე თვის წინ გამოქვეყნებული ბლოგი. პარიზში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის ლაშა ოთხმეზურის ტექსტში, სათაურით „დიდი სამამულო ომის მითები“, ვკითხულობთ:

„სიკვდილის შემდეგ პანფილოველებს საბჭოთა კავშირის გმირების წოდება მიანიჭეს, რადგან მათ, როგორც 1941 წლის 27 ნოემბერს წერდა გაზეთი „კრასნაია ზვეზდა“, „თავი გაწირეს, მაგრამ გერმანულ ტანკებს მოსკოვისკენ მიმავალი გზა გადაუხერგეს“. მერე რა, რომ მალევე გაირკვა: ამ 28-დან რამდენიმე „გმირი“ არა მარტო გადაურჩა სიკვდილს, არამედ ფრონტის ხაზიც გადაკვეთა, გერმანელებს ჩაბარდა და კოლაბორაციონისტად იქცა“.

მართლაც, 8 ივლისს გავრცელებულ, აქამდე გასაიდუმლოებულ, დოკუმენტში, რომელიც 1948 წლით თარიღდება, ჟდანოვს ატყობინებენ, რომ, მაგალითად, ივან დობრობაბინი - თითქოსდა პანფილოველ გმირთაგან ერთ-ერთი - არა მარტო ცოცხალია, არამედ 1947 წელს დაპატიმრებულ იქნა „დედასამშობლოს ღალატის“ ბრალდებით. მტკიცდება, რომ მოსკოვის დასაცავად ბრძოლას ცოცხალი გადაურჩა პანფილოველთაგან კიდევ ხუთი კაცი, ხოლო ერთი ბრძოლაში დაეცა, ოღონდ ორი დღით ადრე, ვიდრე ლეგენდა გვაუწყებს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რუსეთში შეწყვიტეს მუშაობა „28 პანფილოველის გმირობაზე“ მხატვრული ფილმის შესაქმნელად. მისი ავტორები ყურადღების ღირსად არ მიიჩნევენ არქივში დაცულ დოკუმენტს და პირობას დებენ: ფილმს გადაიღებენ, „გმირული თავდადების ამბის დასამარების“ მცდელობის მიუხედავად...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG