Accessibility links

საბერძნეთში მთავრობას „სირიზა“ შექმნის


საბერძნეთში არჩევნების შედეგებს ზეიმობენ

საბერძნეთში არჩევნების შედეგებს ზეიმობენ

საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა მემარცხენე პარტიის, „სირიზას“, ლიდერი, 40 წლის ალექსის ციპრასი. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „სირიზამ“ მთავრობის ფორმირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია მემარჯვენე-პოპულისტ პარტიასთან.

პარტია „დამოუკიდებელი ბერძნები“ იზიარებს „სირიზას“ მკაცრ პოზიციას - რადიკალურ დაპირისპირებას საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკასთან.

„სირიზას“ ძალიან ცოტა ხმა დააკლდა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებამდე, რაც მას საშუალებას მისცემდა თავად ემართა ქვეყანა.

40 წლის ციპრასმა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 27 იანვარს უნდა დაასახელოს.

კვირას, 25 იანვარს, ათენში შეკრებილ მხარდამჭერებს ციპრასმა შემდეგი განცხადებით მიმართა: „საბერძნეთი იწყებს ახალ ეტაპს, უარს ამბობს მომჭირნეობის კატასტროფულ პოლიტიკაზე. წარსულს ჩავაბარებთ შიშსა და ავტოკრატიას და ხუთწლიან დამცირებასა და ტკივილს“.

ხმათა 99,9 პროცენტის დათვლის შემდეგ „სირიზას“ 36 პროცენტი ჰქონდა მოპოვებული, რაც მათ 300-ადგილიან პარლამენტში 149 მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს. „დამოუკიდებელმა ბერძნებმა“ ხმების 4 პროცენტამდე მოიპოვა და 13 ადგილი ერგო.

ალექსის ციპრასი

ალექსის ციპრასი

ორი პარტია თითქმის არაფერზე თანხმდება, გარდა საერთო წინააღმდეგობისა იმ პირობების მიმართ, რომელთა ფარგლებშიც საბერძნეთმა საერთაშორისო დახმარება მიიღო და 2010 წელს ბანკროტად ქცევის საფრთხეს დააღწია თავი.

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას „სირიზა“ აცხადებდა, რომ აპირებს ხელახლა გამართოს მოლაპარაკება ევროკავშირის საერთაშორისო საფინანსო ფონდთან, რომელმაც საბერძნეთს მკაცრი სახარჯო და საგადასახადო წესები დაუკანონა.

ფინანსური დახმარების ფარგლებში, საბერძნეთმა 270 მილიარდი დოლარი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა 19 ქვეყნისგან შემდგარ ევროს მოქმედების ზონაში გაწევრიანებულ ქვეყანას წარუძღვება პარტია, რომელიც უარყოფს ევროკავშირის მიერ დაწესებულ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომებს.

ციპრასი აცხადებს, რომ არ მიიღებს ცალმხრივ ზომებს ევროზონაში შემავალი სხვა, ფულის გამსესხებელი, ქვეყნების მიმართ.

ვალის გადაუხდელობის გამო საბერძნეთში დეფოლტის საფრთხე, სავარაუდოდ, ხელახლა გააჩენს შიშებს და ქვეყანა შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს ევროს მოქმედების ზონა.

ევროჯგუფის ხელმძღვანელმა იერუნ დაისელბლუმმა 26 იანვარს საბერძნეთი გააფრთხილა, რომ ქვეყნის ევროს მოქმედების ზონაში დარჩენა დამოკიდებულია ათენის მხრიდან წარსულში მიღწეული შეთანხმებების დაცვაზე: „მზად ვართ, ვითანამშრომლოთ (საბერძნეთის ახალ მთავრობასთან), ისევე როგორც ვთანამშრომლობდით წინა ხელისუფლებებთან. იმედი გვაქვს, ამ საკითხზე მალე დავიწყებთ მოლაპარაკებას. ჯერჯერობით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ: მზად ვართ დისკუსიისთვის და მოუთმენლად ველით მათთან მუშაობის დაწყებას“.​

გერმანია და ბრიტანეთიც აცხადებენ, რომ საბერძნეთის ახალი მთავრობისგან მოელიან საერთაშორისო კრედიტორებისთვის მიცემული პირობების შესრულებას.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა 26 იანვარს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ დათანხმდება ვალის გაუქმების მოთხოვნას“, თუმცა მზადაა საბერძნეთთან მოლაპარაკება გამართოს ვალის გადახდის კიდევ უფრო გადავადების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG