Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის არჩევნები და ციპრასის დაბრუნება


საბერძნეთის მემარცხენე ლიდერი ალექსის ციპრასი, კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდა. მან, ბევრისთვის მოულოდნელად, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კენჭისყრაზე. ციპრასი აცხადებს, რომ აპირებს თავისი ქვეყნის კრედიტორებისგან სესხის რესტრუქტურიზაციას მიაღწიოს და ამას უწოდებს თავის „პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას“.

მაგრამ საბერძნეთისთვის სესხით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქება მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე კომპლექსური საკითხიდან, რომლებიც ციპრასს მოსაგვარებელი ექნება. მის დღის წესრიგშია, საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების გატარების პარალელურად, შერყეული ეკონომიკის გაძლიერება, ისევე როგორც მიგრანტთა ნაკადთან გამკლავება საბერძნეთის სანაპიროებზე.

კვირას გამართულ არჩევნებზე მოქალაქეებმა ციპრასს და მის პარტია „სირიზას“ მეორე შანსი მისცეს საბერძნეთის პრობლემებთან გასამკლავებლად, მიუხედავად იმისა, რომ მან ზაფხულში რადიკალურად შეცვალა პოზიცია, დათმო ხელმომჭირნეობის საწინააღმდეგო პლატფორმა, რათა დახმარების მორიგი პაკეტი მოეპოვებინა და არ დაეშვა საბერძნეთის გასვლა ევროს მოქმედების ზონიდან.

არჩევნებში გამარჯვება იმდენად დამაჯერებელია, რომ „სირიზას“ არ დასჭირდება ბევრი პარტნიორი ქვეყნის სამართავად. ის ამას მხოლოდ ერთი მოკავშირის, „დამოუკიდებელი ბერძნების“, დახმარებით შეძლებს. ეს მცირე ზომის - მემარჯვენე ორიენტაციის - პარტია უკვე იყო პარტნიორი ციპრასის კოალიციაში, რომელიც ქვეყანას შვიდი მღელვარე თვის განმავლობაში მართავდა, სანამ გასულ თვეში ციპრასი გადადგებოდა, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

„დამოუკიდებელი ბერძნების“ პარტიამ ორშაბათს თქვა, რომ საბერძნეთის ახალი, მემარცხენეების ხელმძღვანელობით მოქმედი, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ოთხშაბათ დილით გამოაცხადებენ.

საზოგადოებაში მკვეთრი დაყოფა და დაპირისპირება გამოიწვია საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის რამდენიმე წელმა. ასეთ ფონზე, ციპრასს სურს ფართო კონსენსუსი მოიპოვოს ქვეყანაში რთული და მკაცრი რეფორმების გასატარებლად - რეფორმებისა, რომელთაც ევროს მოქმედების ზონა ითხოვს დახმარების შესახებ შეთანხმებაში. ეს შეთანხმება უკვე მესამეა საბერძნეთისთვის.

ციპრასი, ისევე როგორც საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა და ბევრი საერთაშორისო ეკონომისტი, ფიქრობს, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს წლების განმავლობაში არსებული კრიზისის გადალახვას ვალის რესტრუქტურიზაციის გარეშე.

ათენში კვირას, გამარჯვების მოპოვების შესახებ სიტყვის წარმოთქმისას,ციპრასი გამოვიდა პირობით, რომ სტაბილურობის ახალი ფაზა დადგება ქვეყანაში, რომელშიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხუთი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა: "ჩვენ მკაცრი და რთული ბრძოლა გავმართეთ და თავს გამარჯვებულად ვგრძნობ დღეს, რადგან საბერძნეთის ხალხმა მკაფიო მანდატი მოგვცა საიმისოდ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყნის შიგნით და გარეთ და გავაძლიეროთ ხალხის სიამაყის განცდა“.

ციპრასმა მოპოვებული ოთხწლიანი მანდატის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

"დღეს ევროპაში საბერძნეთი და ბერძენი ხალხი გახდა წინააღმდეგობის და ღირსების სინონიმები. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, რადგან მანდატი, რომელიც მივიღეთ, ოთხ წელს ითვალისწინებს“.

თავის გამოსვლაში ციპრასს არ უხსენებია 86 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტი. „სირიზას“ წინასაარჩევნო კამპანია ემყარებოდა ამ პროგრამის ამოქმედების დაპირებას - პროგრამის, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების კიდევ უფრო გაზრდას და პენსიების შემცირებას, თუმცა პარტია იქვე აცხადებდა, რომ შეიმუშავებს საგანგებო ზომებს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების ხვედრის შესამსუბუქებლად.

ფინანსური დახმარების პროგრამის პირველი განხილვა მომავალ თვეშია დანიშნული.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა, ორშაბათს საფრანგეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ასე შეაფასა ციპრასის ხელახალი არჩევა:"წელს რაც ციპრასმა გააკეთა, ნამდვილად იყო პოლიტიკური სტრატეგიის შედევრი. ის [2015] წლის იანვარში ბევრი სირთულის თანხლებით აირჩიეს. მან თავისი პოზიციები დაიცვა მისივე პარტიაში მოქმედი რადიკალური მემარცხენე ფრთისგან რეფერენდუმით, რომლითაც ის - გულწრფელად ვთქვათ - თავისვე წინადადებების საწინააღმდეგოდ წავიდა. შესაძლოა, ის იძულებული გახდა თანხმობა ეთქვა, რადგან ამბობს, რომ არ იზიარებდა ამ პოზიციას. [ევროკავშირის დახმარების] პირველი შეთავაზება, რომელზეც მან უარი თქვა, უკეთესი იყო, ვიდრე ის ვერსია, რომელზეც მას დათანხმება მოუხდა.შემდეგ ის გადადგა, რათა თავიდან აერჩიათ. გულწრფელად გეუბნებით, პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა ახლა, განახლებული მანდატით, ის ძალებს აერთიანებს მემარჯვენე რადიკალურ, პოპულისტ პარტიასთან [„დამოუკიდებელ ბერძნებთან“], რაც მე არ მესმის“.

ოთხშაბათს ციპრასი ბრიუსელში იქნება ასიათასობით ლტოლვილისა და მიგრანტის ნაკადის შესახებ სადისკუსიოდ. ლტოლვილების დიდი ნაწილი საბერძნეთის კუნძულების გავლით ცდილობს ევროპაში შეღწევას.

კვირას თურქეთის წყლებში 13 მიგრანტი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის საზღვაო დაცვის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავი, რომელზეც 46 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო ხომალდს შეეჯახა და დაზიანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG