Accessibility links

logo-print

მოუწევს თუ არა საბერძნეთს ევროზონისა და ევროკავშირის დატოვება? – ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 5 ივლისის რეფერენდუმის შემდეგ, როცა საბერძნეთის მოქალაქეებმა უარი უთხრეს საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ აღიქვამენ ამ პროცესებს საქართველოში?

„იმედი მაქვს, რომ საბერძნეთის მთავრობა უახლოეს საათებში წარმოადგენს კონსტრუქციულ წინადადებებს იმაში დასარწმუნებლად, რომ აზრიანი და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დაგვიდგება ძალიან რთული და, მეტიც, დრამატული დრო“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, რომელიც, ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელი პირებისა თუ წევრი ქვეყნების ლიდერების მსგავსად, უკიდურესად იმედგაცრუებულია საბერძნეთში კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით.

ბოლო ინფორმაციით, რეფერენდუმის მონაწილეთა 61.3 %–მა უარი განაცხადა საერთაშორისო კრედიტორების პირობებზე, რაც მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას გულaისხმობს. კრედიტორთა პირობები მისაღები აღმოჩნდა რეფერენდუმში მონაწილეთა 38,7 %–ისთვის. ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან–კლოდ იუნკერი მოლაპარაკებებს მართავს ევროზონის ქვეყნების ლიდერებსა თუ ევროკავშირის ინსტიტუციათა ხელმძღვანელებთან და აპირებს სამშაბათს მიმართოს ევროპარლამენტს სტრასბურგში.

მართალია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი შთააგონებდა ბერძნებს, რომ რეფერენდუმზე პასუხი „არა“ საერთაშორისო კრედიტორებს კომპრომისზე წასვლას აიძულებდა და ეს არ შეუქმნიდა საფრთხეს საბერძნეთის ყოფნას ევროკავშირის სივრცეში, მაგრამექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რეფერენდუმის შედეგმა მნიშვნელოვნად გაზარდა რისკი იმისა, რომ საბერძნეთს მოუწიოს ევროზონისა და შემდეგ უკვე ევროკავშირის დატოვება.

საბერძნეთში შექმნილ ვითარებას „არამარტივს“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა უწყება თავს იკავებს მოვლენათა განვითარების პროგნოზირებისგან. 6 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ გამოთქვა იმედი, რომ პრობლემები დაიძლევა და საბერძნეთის მთავრობა გამონახავს საერთო ენას ევროპასთან. მანამდე კი კვლავაც არასახარბიელო მდგომარეობაში რჩებიან ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

„ქართველები ორმაგად ზარალდებიან, ვინაიდან, ჯერ ერთი, ვერ გამოაქვთ ის ფული ბანკომატებიდან ან ბანკიდან, რაც თავად აქვთ დანაზოგის სახით, და მერე ის ბერძენი, რომელთანაც მუშაობს ქართველი, ვერ უხდის მას გასამრჯელოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გადაუდებელი ღონისძიებები, რაც არის დაკავშირებული ბანკების გახსნასთან, ფულის გამოტანასთან,ეს ამ დღეებში მოგვარდება და ჩვენ თანამემამულეებს ექნებათ საშუალება, რომ ფულის გამოტანა და გადარიცხვები აწარმოონ. ალბათ, გზავნილებიც არის შემცირებული და რაღაც პერიოდი ასეც იქნება“, – აცხადებს დავით კერესელიძე, თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილისთვის უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია საბერძნეთში ბანკების მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება.

რეფორმების ჩატარებას საბერძნეთის მთავრობის „პოპულისტურ სპეკულაციად“ მიიჩნევს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებაში შანტაჟის ნიშნებსაც ხედავს. როგორც ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საბერძნეთი ამ მდგომარეობამდე „უპასუხისმგებლო მმართველობამ“ მიიყვანა და ეს მაგალითი გასათვალისწინებელია საქართველოსთვისაც:

„არსებითად, იქ შეიქმნა სისტემა, როდესაც ხელისუფლება (არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, არამედ ბევრი წინა ხელისუფლება) მართავდა ქვეყანას, ფაქტობრივად, სხვისი ფულით – ფულით, რომელიც მას არ გააჩნდა და შეიქმნა ძალიან ბევრი უსაფუძვლო სოციალური ვალდებულება. ეს არის კრიზისი მთლიანად ამ სისტემის, რომლის ერთადერთი გამოსავალი არის რეფორმა და არა კიდევ უფრო მეტი ფულის აღება და ისევ ჩაქცევა ამ სოციალურ ვალდებულებებში. ასეთი უპასუხისმგებლო პოპულისტური მმართველობა არის ჩიხური ქვეყნისთვის და ჩვენც გარკვეულწილად უნდა დავფიქრდეთ, თუ რამდენად რეალისტურად ვხარჯავთ იმ ფულს, რაც გვაქვს“.

ვალებით გამოწვეულ კრიზისს საბერძნეთის მთავრობის მიერ გატარებული მცდარი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს სხვა არაერთი ექსპერტი და მათ შორის არის, მაგალითად, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. ამასთან, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საბერძნეთი, თავისი არაადეკვატური სოციალური პოლიტიკის გამო, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებს და შესაძლოა მათ იოლად გაისტუმრონ ეს ქვეყანა ევროზონიდან და შემდეგ უკვე, შესაძლოა, – ევროკავშირიდანაც. ექსპერტისთვის ნათელია, რომ ასეთი პერსპექტივა ზიანის მომტანი იქნება ევროკავშირისთვისაც, მაგრამ ძირითადი წაგებული, უპირველეს ყოვლისა, საბერძნეთი იქნება.

ექსპერტთა უმრავლესობის პოზიციისგან განსხვავებით, შექმნილ სიტუაციას არა საბერძნეთის მთავრობის, არამედ საერთაშორისო კრედიტორების მიდგომებს აბრალებს პოლიტოლოგი მათე გაბიცინაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საბერძნეთის ინტერესები ამ შემთხვევაში ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ინტერესებს შეეწირა და 5 ივლისის რეფერენდუზე ხალხმა უარი უთხრა ევროკომისიის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკის სამეულის მხრიდან წლების განმავლობაში თავს მოხვეულ მოთხოვნებს, რომ დაფინანსდეს საფინანსო სექტორი და არა რეალური სექტორი. პოლიტოლოგის აზრით, შექმნილ სიტუაციაში საბერძნეთის მთავრობა სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა:

„ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ნაკლებია, რადგანაც ისინი დემოკრატიული არჩევნების, დემოკრატიული ლეგიტიმაციის საფუძველზე იმყოფებიან ქვეყნის სათავეში და ვერ გაატარებენ პოლიტიკას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიურად და პოლიტიკურად არამართებულია და, მეორე მხრივ,(რაც 5 ივლისის რეფერენდუმმა დაადასტურა) საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საბერძნეთის დღევანდელ მთავრობას რაც არ უნდა რადიკალი ვუწოდოთ, ისინი გამოდიან ჩვეულებრივი კაპიტალისტური დისკურსით, რაც, ვთქვათ, ამერიკელებმა გააკეთეს 2008 წლის საფინანსო კრიზისის შემდეგ: იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ, ანუ შეამცირონ ვალები, ისინი ითხოვენ ფულის ხარჯვას “.

მათე გაბიცინაშვილი მცდარად მიიჩნევს აზრს, თითქოს საბერძნეთის მთავრობამ დასავლურ კურსს უღალატა და, ევროკავშირის დასუსტების გეგმით, ის ახლა რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის დღევანდელი მთავრობა სულაც არ არის ევროსკეპტიკოსი და მას მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვა სურს.

თუკი საერთო სურათს გადავხედავთ, საქართველოს საექსპერტო წრეებში საბერძნეთის მთავრობის პოლიტიკას ამჟამად ძალიან ცოტა ვინმე თუ ამართლებს და ბევრისთვის ნათელია ისიც, რომ ათენის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფრიად მოსაწონია მოსკოვისთვის. სხვა საქმეა, რამდენად უნდა ჰქონდეს საბერძნეთს ფინანსური დახმარების იმედი რუსეთისგან, რომელსაც ფინანსურად თავადაც უჭირს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG