Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა შესაძლოა პარლამენტში გამოიძიონ


მიმდინარეობს კონსულტაციები დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის გარშემო, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა უნდა გამოიძიოს. თუკი ასეთი კომისია შეიქმნება, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის დახარჯული მილიონობით ლარის საქმის გამოძიება უნდა შეწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული მასალების საპარლამენტო გამოძიებას?

იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საპარლამენტო გამოძიების იდეას, უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილიც არის. ის თვლის, რომ, რადგანაც საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების საჩუქრებსა თუ დასვენებაზეც არის დახარჯული, უპრიანი იქნებოდა, რომ საქმე პირველ ეტაპზე სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წიაღში გამოძიებულიყო. ამასთან, როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროცესსაც დააჩქარებდა და ბოლოს მოუღებდა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების ბოლო დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას:

”ამ კომისიის შექმნის შემთხვევაში, მასზე გამოცხადება სავალდებულო იქნება ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის. ვიცით, რომ დეპუტატობის მანდატს ამოფარებული ”ნაციონალური მოძრაობის” 6 წევრი, არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოებში და საქმეების მსვლელობა დროებით არის შეჩერებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ისინი აუცილებლად მობრძანდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ დგება მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”.
როგორც დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნავს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე და 350-ე მუხლები მართლაც იცავს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შესრულებისა და კომისიისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების პროცესს. სასჯელი სხვადასხვაგვარია და ზოგ შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს.

მითხრან ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებზე, არ დაჰყავს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ოჯახის წევრებიც, მათ შორის... არ იწვევს სტუმრებს აქ, არ ჩამოჰყავთ ჟურნალისტები...
მიხეილ სააკაშვილი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის იდეა თავდაპირველად უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ წამოაყენა და ეს იყო 17 აპრილს, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სკანდალური მასალები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე არამიზნობრივად დახარჯულ მილიონებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მაგალითად, ჯერ მარტო პრეზიდენტ სააკაშვილის ესპანელი მზარეულისა და მისი თარჯიმნისთვის ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი; რამდენიმე ათასი ლარი დაჯდა პრეზიდენტის სახელით ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ქალბატონებისა თუ საქართველოს სტუმარი ქალბატონებისთვის სხვადასხვა დროს ნაყიდი სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები; ამავე მასალების მიხედვით, პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ძვირად ღირებულ ავსტრიულ კურორტზე გასახდომი პროცედურებისთვის დახარჯეს 115 ათასი ლარი; ბიუჯეტს 240 ათასი ლარი დაუჯდა საახალწლო საღამო დუბაიში, ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირების - გუბერნატორებისა თუ დეპუტატების -მონაწილეობით.

თუკი 17 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს დეპუტატების ერთი ნაწილი, მასში გასაკვირს ვერაფერს ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, ამ ისტორიის მთავარი მოქმედი პირი. როგორც მან ოთხშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, სამცხე-ჯავახეთში სტუმრობის დროს, ახალი მთავრობა საკუთარ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს იმაზე ლაპარაკით, რაც ყველგან ხდება:

ასეთი ტიპის საჩუქრები და ასეთი ტიპის დასვენებები, რაც შეეხება მისი გახდომის პროცედურებს ქალაქის მერთან ერთად (რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი ამბავი იყო), ასეთი ტიპის ხარჯი, არა მგონია, რომ სახელმწიფო ხარჯი იყოს რომელიმე ქვეყანაში...
ირინა იმერლიშვილი
”მითხრან ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებზე, არ დაჰყავს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ოჯახის წევრებიც, მათ შორის... არ იწვევს სტუმრებს აქ, არ ჩამოჰყავთ ჟურნალისტები, არ ჩამოჰყავთ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, არ ჩამოჰყავთ სტუმრები უცხოეთიდან, თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით. ეს რომ არ გვეკეთებინა, აბა, თქვენ საიდან გეგონათ - ციდან ჩამოვარდა ის ინვესტიციები?!... ასობით მილიონი დოლარი, მილიარდობით დოლარი, რაც ჩაიდო მთელი მსოფლიოდან საქართველოში, ყველა კონტინენტზე ჩვენი სიარულით, ვახშმების მოწყობით, სადილების მოწყობით... აბა, საქართველოში რომ სტუმარი ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღო?!”

ამგვარ მიდგომას არ იზიარებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი, რომელმაც ხსენებული მასალები, მოთხოვნის საფუძველზე, საიდუმლო გრიფის მოხსნის შემდეგ მიიღო მთავარი პროკურატურისგან. მისი თქმით, საქართველოში უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე:

”ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტის ხარჯიც არის და პრეზიდენტის ხარჯიც. ასეთი ტიპის ხარჯები, ასეთი ტიპის საჩუქრები და ასეთი ტიპის დასვენებები, რაც შეეხება მისი გახდომის პროცედურებს ქალაქის მერთან ერთად (რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი ამბავი იყო), ასეთი ტიპის ხარჯი, არა მგონია, რომ სახელმწიფო ხარჯი იყოს რომელიმე ქვეყანაში”.

როგორც ირინა იმერლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებით ის, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დიდი ხმაური მოჰყვა ხსენებული სამსახურის გადასვლას მთავრობის დაქვემდებარებაში. გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტი, რომლის განცხადებითაც, მას ახალი ხელისუფლება პრობლემებს უქმნიდა, დაცვის გარეშე სიარულის დემონსტრირებას ცდილობდა და ის საზოგადოებამ აეროპორტისკენ მიმავალი ელექტრომობილის საჭესთანაც კი იხილა. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმდროინდელ პროტესტს სწორედ არამიზნობრივი ხარჯების არსებობას მიაწერს და მთავარი პროკურატურიდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ახლა მისთვის ამოცანა ამოხსნილია. თუმცა, სიმართლის ბოლომდე დადგენის მიზნით, ირინა იმერლიშვილი საფუძვლიანი გამოძიების მომხრეა და მისთვის არსებითად სულ ერთია სად დადგინდება სიმართლე - პარლამენტში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუკი გამოძიებას პარლამენტი დაიწყებს, პროცესი უნდა შეწყვიტონ სხვა საგამოძიებო სტრუქტურებმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. მითვისებისა ან გაფლანგვისთვის - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG