Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას მრჩეველი უკრაინისათვის საბრძოლო საშუალებების მიცემას ემხრობა


ტონი ბლინკენი
ტონი ბლინკენი

აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა გადახედოს პოლიტიკას, რომელიც კრძალავს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომში ჩაბმული უკრაინისათვის საბრძოლო იარაღით დახმარებას. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც კიევში ორდღიანი ვიზიტით ჩადის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. რამდენად რეალურად აფასებენ ვაშინგტონში უკრაინისათვის საბრძოლო იარაღის მიცემის შანსს?

ტონი ბლინკენი, ბარაკ ობამას მრჩევლის მოადგილე ეროვნული უშიშროების საკითხებში, მოსკოვის მხრიდან მინსკის შეთანხმების „სერიოზულ დარღვევებზე“ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ კიევისათვის საბრძოლო საშუალებებით დახმარებამ უნდა აიძულოს მოსკოვი, „დაფიქრდეს და თავი შეიკავოს შემდგომი მოქმედებისაგან“. ეს განცხადება ბლინკენმა 19 ნოემბერს კონგრესში მისი, როგორც სახელმწიფო მდივნის მომავალი მოადგილის, მოსმენის დროს გააკეთა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდების იდეა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს კონგრესში. ეს თემა კიდევ უფრო გააქტიურდა გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაადანაშაულა მოსკოვი სეპარატისტთა მხარდასაჭერად პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადასროლაში აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში 4100-ზე მეტი კაცი დაიღუპა.

გაეროს ბოლო მონაცემებით, 5 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდში, რაც მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებებში 950 კაცი დაიღუპა.

მიმდინარე კვირაში რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაში ამხილა ნატომ, რომლის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 ნოემბერს დაადასტურა შეიარაღებისა და ტექნიკის ზრდა როგორც საკუთრივ აღმოსავლეთ უკრაინაში, ისე რუსეთის საზღვართან.

რუსეთი ემხრობა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს, მაგრამ უარყოფს კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას.

ამასთან, რუსეთი მოუწოდებს კიევს განავითაროს მჭიდრო კონტაქტები ლუგანსკისა და დონეცკის თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ მოწოდებით 19 ნოემბერს რუსეთის სახელწმიფო სათათბიროს ტრიბუნიდან სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოვიდა. რუსეთის მოწოდება გადაჭრით უარყო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა და მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს „ტერორისტების“ ლეგიტიმაციისკენ მიმართული საქმიანობა.

ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონთან „პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, როგორც კი აშშ რუსეთს მოექცევა როგორც თანაბარს და უარს იტყვის მის საქმეებში ჩარევაზე.

პუტინმა ეს სიტყვები უცხო ქვეყნების დიპლომატების და, მათ შორის, აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტისაგან რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე წარმოთქვა. განცხადებაში, რომელიც ტეფტმა ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის დაინტერსებულია შეინარჩუნოს „გულწრფელი და ღია კომუნიკაციის არხები“ რუსეთის ხელისუფლებასთან.

ამ ფონზე კიევში ორდღიანი ვიზიტით ჩადის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მაიდნის წლისთავის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG