Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივარი პროკურატურაში დავით ნარმანიას წინააღმდეგ


თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის საკრებულოს დეპუტატთა ერთი ნაწილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს. ამის ერთ-ერთი მიზეზია 1 მარტს მერიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამით დაირღვა როგორც ორგანული კანონი, ასევე საკრებულოს რეგლამენტი და ევროპული ქარტია. ბრალდებას, თავის მხრივ, სიცრუედ მიიჩნევს თბილისის მერია, რომლის ოფიციალურ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ დეპუტატებმა ხელოვნურად სცადეს აჟიოტაჟის შექმნა და სხდომაზეც თავიანთი სურვილით არ შევიდნენ.

გადმოწერა

თბილისის საკრებულოს 4 ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები თბილისის მთავრობის 1 მარტის სხდომაზე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდის კანონიერებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების საკრებულოში გამოუცხადებლობის საკითხებზე საუბარს აპირებდნენ, ამ თემების მთავრობის სხდომაზე განხილვა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მერიის წარმომადგენლებმა დეპუტატების მოთხოვნა უგულებელყვეს და მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად საკრებულოში მისვლა საჭიროდ არ ჩათვალეს:

“მთავარი კითხვა ეხებოდა იმ მილიონიან გარიგებას, რომელიც კორუფციული იყო, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლის ოჯახის წევრი იყო თუ არა. დანაშაულებრივი იყო, ვინაიდან საბიუჯეტო თანხების სერიოზულ ფლანგვას ჰქონდა ადგილი და ეს იყო დანაშაულებრივი, ამავე დროს, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ელოდება, ეკუთვნით და არ აძლევენ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ვიღაცას კანონგარეშე, რომელიც იმ დღეს საერთოდ არ იყო მესაკუთრე, მისცეს ქონება. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა ყველასთვის დაგვესვა კითხვები“, განაცხადა საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ, რომელიც ერთ-ერთია თბილისის საკრებულოს იმ 6 ოპოზიციონერ დეპუტატს შორის, რომელთაც დაცვის სამსახურმა მერიაში შესვლის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და დეპუტატებს სხდომაზე დასწრების ნება დართეს, მაგრამ მათ ამ უფლების გამოყენებაზე ამჯერად უკვე თავად თქვეს უარი, რის მიზეზსაც მარინა დათუკიშვილი შემდეგნაირად განმარტავს:

“ეს იყო ძალიან ცინიზმით სავსე არშეშვების მომენტი, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება და ნახევარსაათიანი, ალბათ, სუსის და ასე შემდეგ დარეკვების და ზარების მერე გადაწყვიტეს ჩვენი შეშვება და სუსის ზარების თანხმობით ჩვენ ამ შენობაში შესვლას არ ვაპირებთ. თუმცა ჩვენ აქ დღეს დავინახეთ სუსის ბევრი თანამშრომელი და ბევრი ის თანამშრომელი, რომელიც ფარული ჩანაწერების საქმეში არის შემჩნეული. ეს ადამიანები ყველანი დაწინაურებულები არიან დღეს და იცავენ, აი, ამ უგერგილო ხელისუფლების ინტერესებს“.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია და გამონაკლისი არც საკრებულოს დეპუტატები არიან, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში 1 მარტს მათ ხელოვნურად სცადეს აჟიოტაჟის ატეხა და სხდომაზეც თავიანთივე გადაწყვეტილებით არ შევიდნენ. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, თბილისის მერიის ყველა მოქმედება კანონის ფარგლებშია:

“არ ვიცოდით წინასწარ მათი მოსვლის შესახებ. მთავრობის სხდომა იწყება ყოველთვის 10 საათზე, ამიტომ როდესაც მივიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ, ბუნებრივია, ტექნიკურად მომზადდა დარბაზი. პრობლემა იყო მხოლოდ დარბაზი, სხვა არაფერი შემაფერხებელი თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების კუთხით არ ყოფილა“.

ირაკლი ლექვინაძემ აქვე განმარტა, რომ მერი და მისი მოადგილეები წლიური ანგარიშის წარსადგენად მივლენ საკრებულოში და ისაუბრებენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დედაქალაქის წინაშე გამოწვევის სახით დგას, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

დედაქალაქის საკრებულოში კი ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერს 28 თებერვლამდე ელოდნენ, რათა განეხილათ იმ განკარგულების გაუქმების საკითხი, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს მიწის ნაკვეთი გადაეცა. მერი არ მივიდა, საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი კი ამბობს, რომ დავით ნარმანიამ სამოხელეო დანაშაული უკვე რამდენჯერმე ჩაიდინა:

“პირველი, როდესაც მისი თანამშრომლები, ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მისი ორი მოადგილე ჩვენ დავიბარეთ და ვალდებული იყვნენ ჩვენი დაბარების შემდეგ საკრებულოში მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოვიდნენ და ნარმანიამ ხმამაღლა თქვა, რომ ჩემი დავალებით არ მივიდნენ ისინიო. ასევე, ჩვენ დავიბარეთ თბილისის მერი, - მეხუთედი, 13 ხმა, ჩვენ ნამდვილად შევაგროვეთ, - მაგრამ, ამის მიუხედავად, ნარმანია არ მოვიდა. დღეს ასევე მივედით ჩვენ მთავრობის სხდომაზე ქალაქის. არ შეგვიშვა დაცვამ, ნახევარი საათის განმავლობაში ისინი უარს ამბობდნენ ჩვენს შეშვებაზე. ეს ყველაფერი კი არის დასტური იმის, რომ დავით ნარმანია თავს აყენებს კანონზე მაღლა და ჩადის სამოხელეო დანაშაულს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რაც არის დასჯადი“.

ალექსანდრე ელისაშვილის თანახმად, თბილისის მერის წინააღმდეგ საჩივარს პროკურატურაში საკრებულოს 6 დეპუტატი მომავალ კვირაში შეიტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG