Accessibility links

სად წავიდეთ და რა ვნახოთ საქართველოში ისეთი, რომ მთელი წლის მოლოდინის შემდეგ მოსულმა შვებულებამ უინტერესოდ და ერთფეროვნად არ ჩაიაროს? არის კი საქართველოში ასეთი ადგილები? და ღირს თუ არა იქ ფულის დახარჯვა? ან რამდენად შეესაბამება ფასი ხარისხს? გზა როგორია? - ეს კითხვები ჩნდება, როგორც კი ზაფხული ახლოვდება. რაც დრო გადის, იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება ტურისტული მარშრუტებიც. შიდა ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა კი გასულ წელს ასე გამოიყურებოდა: 12 მილიონი ვიზიტი ქვეყნის შიგნით.

ორდღიანი ტური ტობა-ვარჩხილის ტბებზე - თან ფოტო ახლავს, კამკამა ლურჯი ტბის, გელით მარტვილის კანიონი - მთავაზობს ფეისბუკი; სამცხე ჯავახეთი - მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით; თუშეთი, ომალო - და შემოთავაზებას ისევ სუნთქვის შემკვრელი ფოტო მოსდევს.ზაფხულის მოახლოებისთანავე, ალბათ, ერთხელ მაინც გაგეფიქრება, რომ წელს სვანეთს აუცილებლად ნახავ... ბოლოს და ბოლოს, თუშეთის გზას დაადგები... სირცხვილია, რაჭა ნანახი არ გქონდეს და ა.შ. მსგავსი ფიქრები და მერე, როგორც გამოვა - ან წახვალ სადმე, ან ვერ; ან საქართველოს მოვლას აირჩევ, ან, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, საზღვარს გასცდები. მაგრამ საით შეგვიძლია გავწიოთ, თუ მაინც აქ, საქართველოში, გვინდა დასვენება? ვინ და რას ირჩევს საქართველოში? თუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებს ჩავხედავთ, მხოლოდ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 12 მილიონი ვიზიტი შემდგარა - ძირითადად თბილისიდან და იმერეთიდან გადაადგილდებოდნენ.

რაბათი

რაბათი

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი გვეუბნება, ბევრ ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე საერთაშორისო ტურიზმი და მოჰყავს ამერიკის მაგალითი, სადაც, მისი თქმით, მოსახლეობის მხოლოდ 30 %-ს აქვს საერთაშორისო პასპორტი, რადგან ქვეყნის გარეთ არც კი მოგზაურობენ. მიდიან ძირითადად აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, კერძოდ, ბაკურიანსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს ძველი მარშრუტებია, თუმცა რაც დრო გადის, ამბობს რუსუდან მამაცაშვილი, სულ უფრო პოპულარული ხდება სხვა ადგილებიც:

„აი, მაგალითად, ტობა-ვარჩხილი. ადრე სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამ ადგილის შესახებ, ახლა კი ერთ-ერთი პოპულარული და მიმზიდველი მარშრუტია, მოლაშქრეები ხშირად დადიან, არის სათავგადასავლო კლუბები... ნაკლებად იცნობდნენ სამეგრელოს კანიონებს, ახლა კი ამ ადგილის ნახვაც ბევრს სურს“.

ტობა-ვარჩხილის ტურის ფასები განსხვავდება - გააჩნია რამდენი დღით მიდიხარ. რვადღიანი ტური, მაგალითად, 370 ლარიც ღირს. მარტვილის კანიონზე წელს სეზონი 16 ივლისს გაიხსნა და დღემდე უკვე 20 000 ვიზიტორია მისული. ოკაცეს კანიონი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს და, როგორც სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ გვითხრა, შარშან 45 000 ტურისტს უმასპინძლა. წელს ეს რაოდენობა 50 %-ით არის გაზრდილი. ზაზა გაგუას ვკითხეთ, ვინ სტუმრობს სამეგრელოს კანიონებს და რა ღირს იქ შესვლა:

„მომსვლელთა უმეტესობა ქართველია, უცხოელები კი - სადღაც 20-30 %. თუმცა ეს რიცხვიც იზრდება, რადგან შარშან თუ 500 უცხოელი ტურისტი მოვიდა, წელს მათი რიცხვი 1500-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფასებს, მარტვილის კანიონზე შესვლა ღირს 5 ლარი, სტუდენტებისთვის 3 ლარია, ნავზე დაჯდომა - 10 ლარი. ოკაცეზე - 7 ლარი შესვლა და სტუდენტებისთვის - 4 ლარი. ყოველდღე ვმუშაობთ 10-დან 6 საათამდე, ორშაბათის გარდა“.

ეს ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ყველაფერი ჯერ ისევ ბუნებრივია, ურბანული ელემენტებით არ არის იქაურობა დატვირთული და სწორედ ეს გაოცებს. თუმცა ყველას ვურჩევდი, რომ მხოლოდ გამოცდილ მძღოლებს ენდონ და ისე ავიდნენ თუშეთში...

რას ნახავენ მარტვილისა და ოკაცეს კანიონზე მისული ტურისტები?

„ბევრი ლამაზი ადგილია, საფეხმავლო ბილიკები, ხიდები და გადასახედები და სანაოსნო მონაკვეთი. იცვამ უსაფრთხოების ჟილეტებს და ნავით მიცურავ, შენ თვითონ გიჭირავს ნიჩაბი და ჩართული ხარ პროცესში. უსაფრთხოების სისტემა მაღალ დონეზე მუშაობს - მდინარეზე გვაქვს დაყენებული წინასწარი შეტყობინების სისტემა, წყალდიდობის დროს თუ საჭირო გახდა, რომ ევაკუაცია დროულად განვახორციელოთ“.

ზაზა გაგუა გვეუბნება, რომ მარტვილში ჩასულ ტურისტს კანიონების გარდა სხვა საინტერესო სანახაობაც ელის - სამი-ოთხი დღე საინტერესოდ დასვენება აქ გარანტირებულიაო, ამბობს და გულისხმობს ეთნოგრაფიულ მუზეუმს მარტვილში, ციხე გოჯს, დადიანების სასახლეს თუ მეშვიდე საუკუნის მონასტერს. ბოლო რამდენიმე წელია მარტვილში საოჯახო სასტუმროებიც მომრავლდა, სადაც გაჩერება და შესაბამისი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

იდა ბახტურიძემ წელს თუშეთში წასვლა გადაწყვიტა. ამ ბოლო ხანებში თუშეთს სულ უფრო მეტი ტურისტი აკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მისასვლელი რთული გზით გავლა უწევთ, ტურისტების ნაკლებობას თუშეთი სეზონის დადგომისთანავე არ უჩივის. იდა გვიამბობს, რომ ალვანამდე მსუბუქი მანქანით მივიდა, მერე კი ჯიპის ტიპის ავტომობილი დაიქირავა და გზა ასე განაგრძო.

„ერთი ადამიანის მგზავრობა 50 ლარი ღირს. თუ მთლიანად მანქანის დაქირავება გინდა, ომალომდე - 250 ლარი. თუმცა იქ რომ ადიხარ, ხვდები, რომ ეს ღირდა, რადგან ეს ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ყველაფერი ჯერ ისევ ბუნებრივია, ურბანული ელემენტებით არ არის იქაურობა დატვირთული და სწორედ ეს გაოცებს. თუმცა ყველას ვურჩევდი, რომ მხოლოდ გამოცდილ მძღოლებს ენდონ და ისე ავიდნენ თუშეთში“.

ია ვეკუა

ია ვეკუა

ბოლო დროს ისევ პოპულარული გახდა კურორტი საირმეც. გაზაფხულის მიწურულს სტუმრობენ ხოლმე იქაურობას ია ვეკუა და მისი მეგობრები. ია გვეუბნება, რადგან საირმე თავისი სამკურნალო წყლითაა ცნობილი, იქ, პირველ რიგში, მაინც სამკურნალოდ ჩადის ხალხი და შემდეგ დასასვენებლადო, თუმცა ის პირობები, რაც მათ საირმეში დახვდათ, კარგი დასვენებისთვის საკმარისია:

„ვისაც კომფორტულად დასვენება სურს, იქ არის ძალიან კარგი სასტუმრო, კარგი მომსახურებით, კვებით და ბუნებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. საირმე მთებით არის შემოსაზღვრული, გარშემო წიწვოვანი ტყეები გაკრავს და ყველა ხე სხვადასხვა ფერია. მართლა საოცარი პალიტრაა ფერების“.

რუსუდან მამაცაშვილმა გვითხრა ასევე, რომ ბოლო დროს გაიზარდა უცხოელი ტურისტების დაინტერესება სპა სახის აქტივობებით. მისი თქმით, ყაზახები ხშირად სტუმრობენ ბორჯომს. იაპონელებს უფრო კულტურული ტურები იზიდავთ. პოლონელები ხშირად დადიან მთაში და ა.შ. რაც შეეხება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას, ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოს 3,400,335 ტურისტი სტუმრობდა, უმეტესობა - აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. ჩამოდიან ევროკავშირის ქვეყნებიდანაც - სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან. შედარებით გაზრდილია იორდანიიდან, ირანიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან, ფილიპინებიდან ჩამოსულთა რიცხვიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG