Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ იოსებ სტალინს გენიალური პიროვნება უწოდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ შორს არაა ის დრო, როცა სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება. სტალინის პიროვნების მიმართ სიმპათიას არც არაპოლიტიკოსები მალავენ. კავკასიის ბარომეტრის 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 45 % დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. ცალკეულ რაიონებსა თუ სოფლებში იდგმება ბიუსტები და ქანდაკებები საბჭოთა ბელადისა, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. რა განაპირობებს სტალინისადმი სიმპათიას თანამედროვე საქართველოში და როგორი სტალინი ენატრებათ ქართველებს?

იოსებ სტალინის ძეგლი თელავში, ზუზუმბოს ქუჩაზე, ორი წლის წინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეკრებილმა ორგანიზაცია "სტალინელისა" და „ვეტერანთა კავშირის“ წარმომადგენლებმა ბელადის სიქველესა და საგმირო საქმეებზე ილაპარაკეს, პენსიონერმა ელენე ლუხუტაშვილმა კი სტალინისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა:

„ირმის რქისაგან ნაწურო, შეზრდილო გორის მთისაო,
შენი აკვანი დაირწა, ბედნიერ მუხის რქისაო,
მოსკოვმა კალთა გიშალა, იქ დაიმკვიდრე ბინაო.
არ დაგივიწყებს ქართველი, არც ქვეყანა შენი შინაო!“

ელენე ლუხუტაშვილმა ისიც თქვა, რომ სტალინი იმის გამო უყვარს, რომ მსოფლიო დაიპყრო. და კიდევ:

„იმ დროს, როცა ომი მძვინვარებდა, 1945 წელს, დავიწყე მუშაობა ფაბრიკაში და იქ გავატარე მთელი 60 წელი“.

ელენე ლუხუტაშვილის მსგავსად, სტალინის მმართველობა ახსოვს საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი თოფაძესაც, რომელიც საბჭოთა ბელადის გარდაცვალებისას 13 წლის იყო, თუმცა მას შემდეგ სტალინზე ჩამოყალიბებული აზრი აღარ შეუცვლია:

გოგი თოფაძე

გოგი თოფაძე

„მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგანაც ის იყო გენიალური პიროვნება. ეს აღიარა ყველამ. მან ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო მიიჩნევს მას მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ პიროვნებად. ბევრი გაიაზიარებს ჩემს დამოკიდებულებას, რადგანაც ის იყო სიმბოლო საქართველოსი“.

იოსებ სტალინს ბევრს უმღეროდნენ სიცოცხლეში, პიროვნების კულტის მხილების შემდეგ კი მას ნაკლებად ახსენებდნენ. სტალინის პოპულარობა ასევე დაბალი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა ბოლო წლებში სტალინის მოწონების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. რუსეთში მოქმედი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის, „ლევადას ცენტრის“ მიერ 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მოსახლეობის 45 პროცენტი ამართლებს სტალინის მიერ ჩადენილ დანაშაულს. როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც.

„იზრდება ნოსტალგია საბჭოეთის მიმართ და ეს საბჭოეთი, რა თქმა უნდა, ასოცირდება სტალინთან, რომლის გარეშე საბჭოთა კავშირი წარმოუდგენელია. სტალინი არის საბჭოთა კავშირი. მან შექმნა ეს ქვეყანა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. ამასთან, საქართველოში მუდმივად მოქმედებს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, რადგან სტალინი ქართველია, ამიტომაა კარგი. და ეს დამოკიდებულება დღემდე მოქმედებს. ამას შეიძლება ემატებოდეს „ძლიერი ხელის“ სურვილი და ამ „ძლიერი ხელის“ უკეთესი განსახიერება, ვიდრე სტალინია, არამცთუ ჩვენს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც კი ძნელი წარმოსადგენია“, უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, როგორც ჩანს, ძლიერი ხელი სჭირდებათ არა ყველასთვის თანაბრად, არამედ რეალური თუ შესაძლო ოპონენტებისთვის, რომლებიც თითქოსდა კეთილშობილური მიზნების მიღწევაში უშლიან ხელს. როგორც რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა იხუმრა, სტალინი სჭირდებათ არა თავისთვის, არამედ მეზობლისთვის. ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც ამბობს, რომ სტალინზე ოცნება ნიშნავს საკუთარი უპასუხისმგებლობის აღიარებას, ანუ სტალინის უკვდავება და რეინკარნაცია გინდა იმისთვის, რომ არაფერზე აიღო პასუხისმგებლობა და არაფერი გააკეთო:

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

„ეს იმას ნიშანვს, რომ გინდა ძალაუფლების ისეთი სისტემის, ისეთი ვერტიკალის შექმნა, რომელშიც ყველაფერი იქნება დამოკიდებული ერთ (გინდა დანიშნულ, გინდა არჩეულ) მმართველზე და მთელი პასუხისმგებლობა მერე იმას გადააბარო - მმართველობის ისეთი სისტემა შექმნა, რომელშიც არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი და, შესაბამისად, ყოველგვარი ინიციატივა არის მკვდარი. და როდესაც ამბობს გოგი თოფაძე, რომ მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება სტალინი, ის, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს იმას, რომ კაბინეტი, ანუ მმართველობის სისტემა, იქნება მთლიანად ავტორიტარული და საზოგადოება - ყოველ შემთხვევაში, გოგი თოფაძის მსგავსი პოლიტიკოსების სურვილია - იყოს ისეთი უპასუხისმგებლო, რომ არავის არ მოეთხოვოს არაფერი ან ვერ მოეთხოვოს ვერაფერი, იმიტომ რომ სტალინი იქნება უკვე. მეორე მხრივ, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სურათის დაკიდებაში ის პერსონალურად არ გულისხმობს სტალინის პორტრეტს, ის გულისხმობს სტალინის ხატს, რისი ხიფათიც დგას ჩვენს სინამდვილეში“.

ზვიად ქორიძის თქმით, რუსული და ქართული კლერიკალური ხედვა სწორედ აქეთკენ იხრება, რომ სტალინი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის საკრალიზაცია და წმინდანად შერაცხვა უნდა მოხდეს.

„შეიძლება ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ ეს სახება გახდეს უკვე ხატება და დაიკიდოს ყველა კაბინეტში, ისევე როგორც დღეს ძალიან ბევრი ხატი კიდია კაბინეტებში, ანუ უკვე სხვა - მისტიური, ირაციონალური - ზემოქმედება ჰქონდეს სტალინს, არამხოლოდ ისეთი, რომ ფსევდონაციონალისტური, ფსევდოჰუმანისტური, ფსევდოსოციალური თანასწორობის მებაირახტრის ჰიპოსტასი როგორიც აქვს დღეს სტალინს, ეს ჩაანაცვლოს მისმა ირაციონალურმა ბუნებამ... რომ ეს იმდენად ძლიერი მისტიკოსი იყო, იმდენად ძლიერი მოაზროვნე და იმდენად დიდი სულიერება, რომ ის უნდა იყოს წმინდანი. დღეს ერთი და მეორე მიდგომაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება გაწირონ არა მხოლოდ უპასუხისმგებლობისათვის, არამედ უპერსპექტივობისთვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ, რომლის თქმით, ამ ადამიანებს მოუწევთ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მან უარი თქვას პროგრესზე, განვითარებაზე და დაბრუნდეს წარსულში, რაც ძნელად მისაღწევი ამოცანაა. პასუხისმგებლიანი საზოგადოება პირდაპირ უქმნის საფრთხეს უპასუხისმგებლო და წყალწაღებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტალინის სახით ხავსს ეჭიდებიან.

ზაზა ფირალიშვილი

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კი ფიქრობს, რომ სტალინის ფენომენით აღტაცებული ადამიანები გულისხმობენ არა კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც კრემლში იჯდა, მშობლები ჰყავდა და გადაწვეტილებას იღებდა, არამედ გულისხმობენ ერთგვარ მითოლოგიზებულ ხატებას:

„ხატებას, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისათვის ფსიქოლოგიური კომპენსაციის როლს თამაშობს. ხანდახან ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სახე ერთგვარი კომპენსაციისა და შურისძიების ფორმაა იმ ადამიანებისათვის, რომელთა წარსულში უმძიმესი სამი-ოთხი საუკუნე იყო და თავიანთი ქართველობით მთელ სამყაროზე შეუძლიათ შური იძიონ. აი, ქართველმა, რომელიც გორის ჯურღმულებიდან წამოვიდა, შეძლო და უპირველესი ადამიანი გახდა დედამიწის ზურგზე“.

თუმცა, რაც უნდა იყოს სტალინზე ოცნების მიზეზი, ზაზა ფირალიშვილი და სხვა ქართველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ კვალიფიციური მსჯელობით ერთხელ და სამუდამოდ უკან უნდა მოიტოვოს თავისი ისტორიის მანკიერი პერიოდი. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, საქართველოში სტალინიზმი ვერ იქნა დაძლეული რამდენიმე მიზეზის გამო:

ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე

„ვერასოდეს ვერ მოვახერხეთ ლუსტრაციის გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი პოლიტიკური ზრდისათვის და, საერთოდ, მომავლისკენ სვლაში. საქართველოში ვერ მოვახერხეთ ის, რომ სერიოზულად შევისწავლოთ ჩვენი საბჭოთა წარსული, რომ თვალსაჩინოდ დავინახოთ თუნდაც სტალინი და საქართველო: რას აკეთებდა სტალინი ცუდს და რას აკეთებდა კარგს საქართველოსთან მიმართებით, თუ ასეთს აკეთებდა, და როგორი იყო ამ უძღები შვილისა და სამშობლოს ურთიერთობა. დღემდე სერიოზული კვლევები ამასთან დაკავშირებთი არ არსებობს და არც ქართული მედია არ იწუხებს ამით დიდად თავს. ამასთან დაკავშირებთი უნდა გაიმართოს სერიოზული საზოგადოებრივი დისკუსიები, რომ სტალინისა და სტალინიზმის დადებით კონტექსტში მოხსენიებამიუღებელი აზრი იყოს. ისე, როგორცმაგალითად, მარგინალური ჯგუფების გარდა, გერმანიაში წარმოუდგენელია, რომ ვინმემ თქვას, რომ ჰიტლერი კარგი კაცი იყო, იმიტომ რომ, მაგალითად, ავტობანები ააშენა. ანუ იქ საზოგადოება შეთანხმებულია, რაც შეუძლებელია საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, სტალინიზმის დაძლევაში ასევე მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სკოლამ, სადაც ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, შესაბამისად, თაობიდან თაობას გადაეცემა ერთგვარი პროვინციული დამოკიდებულება სტალინის პიროვნებისადმი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პატარა, მიკარგული ქვეყნის შვილი იყო, უზარმაზარი იმპერიის მმართველი გახდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG