Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ეძებენ მიხეილ სააკაშვილს?


მიხეილ სააკაშვილი ლვოვში
მიხეილ სააკაშვილი ლვოვში

ექს-პრეზიდენტის მიმართ შიდა ძებნის გამოცხადება საქართველოში სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული. თუკი ექსპერტებისთვის ეს ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურაა, ხელისუფლების ოპონენტები ძირითად მიზნად მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკურ ბრძოლას მიიჩნევენ. რა მოჰყვება შიდა ძებნას და რა მიზანი ამოძრავებს ხელისუფლებას?

ექს-პრეზიდენტის მიმართ შიდა ძებნის გამოცხადებას ”ქართული ოცნების” უსუსურ მცდელობად აფასებს ”ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ შეგნებულად არ გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა, რადგანაც მიხვდა, რომ ასეთი ნაბიჯი წინასწარვე მარცხისთვის იყო განწირული. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, ”ქართული ოცნება” სრულიად არაადეკვატურად იქცევა:

”თუ უნდოდათ საერთაშორისო ძებნის დაწყება, დაიწყებდნენ... კაცს ეძებენ ქვეყნის შიგნით, როცა მშვენივრად იციან, რომ გველაპარაკება ხან ნიუ-იორკიდან, ხან ბუდაპეშტიდან, ხან კიევიდან, ხან ვარშავიდან... თვითონაც კარგად იციან, რომ არ იმყოფება საქართველოში”.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ექს-პრეზიდენტის იმიჯის შელახვის მცდელობაზე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძეც.

პროცედურულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს ყველა იმ შესაძლო მისამართს, სადაც შესაძლოა ბრალდებული იმყოფებოდეს და, ამავდროულად, სწავლობს, ხომ არ გადაკვეთა ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები...
კახა კახიშვილი

მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს შიდა ძებნის მექანიზმს და საერთაშორისო ძებნა ამჟამინდელმა მთავრობამ მარცხის შიშით არ გამოაცხადა.

თუმცა ამ პროცესში უცნაურსა და უჩვეულოს ვერაფერს ხედავს”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შიდა ძებნაში მთელი ის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები იგულისხმება, რაც წინ უსწრებს საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. შიდა ძებნას პროკურატურის ორგანოს მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს:

”პროცედურულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს ყველა იმ შესაძლო მისამართს, სადაც შესაძლოა ბრალდებული იმყოფებოდეს და, ამავდროულად, სწავლობს, ხომ არ გადაკვეთა ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები. თუკი დადგინდა, რომ ბრალდებულმა გადაკვეთა საქართველოს საზღვრები, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს ძებნის ინიციატორს. ამის შემდეგ ძებნის ინიციატორი წყვეტს საკითხს, იშუამდგომლოს თუ არა ინტერპოლის საერთაშორისო ბიუროს წინაშე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. თუ გამომძიებელი დაადგენს, პროკურორთან ერთად, რომ მათ უნდა გამოაცხადონ საერთაშორისო ძებნა, ისინი მიმართავენ პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტს, რომელსაც სთხოვენ მიმართვას ინტერპოლის ბიუროში”.

საქართველოში დასრულდა განუკითხაობისა და დაუსჯელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე...
ირაკლი ღარიბაშვილი

ვიდრე პროცესი საერთაშორისო ძებნამდე მივა, კახა კახიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, სულ ცოტა, ერთი წელიწადი გავიდეს და, ამასთან, შეუძლებელია საბოლოო შედეგის პროგნოზირება, რადგანაც ეს თავიდან ბოლომდე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გადასაწყვეტია მას შემდეგ, რაც მას საქართველოდან ინტერპოლის ადგილობრივი ბიურო მიმართავს. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი არ დაუშვებს საერთაშორისო დევნის გამოცხადებას ამა თუ იმ პირის მიმართ, თუკი მას გაუჩნდება ეჭვი პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ დევნასთან დაკავშირებით. კახიშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისა და სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის რომელიმე ქვეყნის სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.

”დეტალები არ ვიცი... დაველოდოთ. პროკურატურა პროფესიულად მიჰყვება (პროცედურებს). ყველაფერს აკეთებენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული”, - განაცხადა 15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ექს-პრეზიდენტზე გამოცხადებულ შიდა ძებნასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კანონი უზენაესია და რომ საქართველოში ვეღარავინ დადგება კანონზე მაღლა:

”საქართველოში დასრულდა განუკითხაობისა და დაუსჯელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე”.

როგორც მთავარ პროკურატურაში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილება შიდა ძებნის შესახებ უკვე გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომი რეაგირებისთვის.

ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის პროცესი ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: დაუსწრებლად შეფარდებული წინასწარი პატიმრობა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეზე და ბრალი კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით. ესენია: დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და საბიუჯეტო თანხის 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG