Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდიან „თავისუფალი დემოკრატები“?


ერთობლივი ბრიფინგი
ერთობლივი ბრიფინგი

არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დამარცხებული პოლიტიკური ძალები ახალი გზების ძიებას განაგრძობენ და ამ პროცესში ზოგი ლიდერი ფიქრობს, ზოგი ახალი ინიციატივებით გამოდის და ზოგიც პარტიას ტოვებს. მაგალითად, 12 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა პარტიის აწ უკვე ყოფილმა კიდევ ოთხმა ლიდერმა. ანალიტიკოსთა წრეებში მიიჩნევენ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ საარჩევნო დღის ემოციები აქვთ გამოყოლილი, ჩქარობენ და გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე ღებულობენ.

საით მიდიან „თავისუფალი დემოკრატები“
please wait

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00
გადმოწერა

„თავისუფალი დემოკრატების“ რიგები ოთხშაბათს ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს და ამის შესახებ განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. ოდნავ მოგვიანებით დადასტურდა ცნობა ირაკლი ჩიქოვანის წასვლის შესახებაც. არ გამართლდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ოთხშაბათის ბრიფინგზე საზოგადოება ერთად იხილავდა პარტიის მთელ შემადგენლობას და სწორედ ასეთ რეჟიმში გაეცნობოდა წამსვლელთა თუ დამრჩენთა გეგმებს. 12 ოქტომბერს ერთობლივ ბრიფინგზე არც ირაკლი ალასანია გამოჩენილა და არც ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში 10 ოქტომბერს, დილით, გაავრცელა და, სხვათა შორის, თავად ირაკლი ალასანიასაც კი დაასწრო. პარტიიდან წასული „თავისუფალი დემოკრატები“ მადლობას უხდიან მხარდამჭერებს და ინდივიდუალურად გამოხატავენ სურვილს პარტიის დატოვებისა თუ პარტიული საქმიანობის შეჩერების თაობაზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ ლაპარაკობს იმის თაობაზე, ყველას ერთდროულად რატომ მოუნდა პარტიის დატოვება.

მინდა, პირველ რიგში, მივმართო და იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს დაშლას აანონსებს. მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდით დგას, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...
თამარ კეკენაძე

მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ პარტიიდან წასვლის სურვილი გამოხატა და უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარტიის კარებთან წამსვლელთა რიგი დადგა, ამომრჩეველმაც ლოგიკურად დაასკვნა, რომ პარტია იშლება. მომხრეთა დამშვიდება ბოლო დღეებში პარტიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, სცადა და არაერთხელ განაცხადა, რამდენიმე ლიდერი ვრჩებით, ახალი სისხლიც გვემატება და წინ, გამარჯვებებისკენ ვივლითო.

თუმცა 12 ოქტომბერს, როდესაც პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი იმართებოდა, ყველამ შეამჩნია, რომ დამრჩენთა რიგებში არ იდგა ნინო გოგუაძე. „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ეს ფაქტი ობიექტური მიზეზების არსებობით ახსნა და საზოგადოებას ძირითადად უცნობი სახეებისგან შემდგარი ჯგუფი წარუდგინა. სამაგიეროდ, კეკენაძის თქმით, პარტია წინსვლასა და გამარჯვებას აპირებს:

„მინდა, პირველ რიგში, მივმართო და იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს დაშლას აანონსებს. მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდით დგას, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ჩემს გვერდზე ახლა იმყოფება მხოლოდ მცირე ნაწილი ამ ადამიანებისა, - გამგეობის წევრები, თბილისისა და რეგიონალური ორგანიზაციის წევრები, ჩვენი მაჟორიტარული კანდიდატები, - რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოლეთ ამ არჩევნებში, ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის... კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს და ვუთხრა, რომ ჩვენ გავამართლებთ მათ ნდობას, გავაძლიერებთ პარტიას, პარტია განახლდება და ნელ-ნელა მოემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიტიკური ძალის რიგებში რჩებიან, მაგალითად, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე და ლევან სამუშია, ლიდერების ძირითადი ბირთვის წასვლის კვალდაკვალ პარტიის მომავალს კითხვის ქვეშ აყენებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ის პარტია აღარ იქნება და მას სულ თავიდან მოუწევს დაბადება და განვითარება:

„არის მცდელობა რებრენდინგისა, მაგრამ ბრენდი დაზიანებულია, ბრენდი არ არსებობს... ბრენდი კონკრეტულ ადამიანებს ნიშნავს... რადგანაც ეს არ არის ტრადიციული, ასწლოვანი ისტორიის მქონე პარტია, რომლის შემთხვევაშიც ლიდერების წასვლა-წამოსვლას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება... პარტია ისედაც მყიფე იყო და აბსოლუტური უმრავლესობა როდესაც მიდის, ფაქტია ისიც, რომ ბრენდი არ არსებობს. ნულიდან არის ყველაფერი ასაშენებელი“.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ნაჩქარევად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც, როგორც ირკვევა, ამ პოლიტიკურ ძალას ერთგვარ „ნათელ წერტილადაც“ კი თვლიდა. მას პარტიის კრიზისის კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკი უჭირს, მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილებები ემოციების თანხლებით, ცხელ გულზე იქნა მიღებული:

„მე ვფიქრობ, რომ განცხადების გაკეთება პრობლემა არ იყო არც დღეს და არც ერთი თვის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა მოეცადათ, ვიდრე საარჩევნო პროცესები დასრულდებოდა, ახალი პარლამენტი შეიკრიბებოდა და მუშაობას დაიწყებდა... როდესაც არჩევნების შემდეგ რაღაცნაირად დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, - სახელისუფლებო თუ ოპოზიციური, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, - შემდეგ შეიძლებოდა ასეთი განცხადებების გაკეთება... ახლა თუ არ უნდა ადამიანს, ძალით, რა თქმა უნდა, ვერ დაიჭერ და პოლიტიკაში ვერ დააკავებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ემოციური ფონი არცთუ ისე სასიამოვნოა“.

8 ოქტომბრის არჩევნებზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“, წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა ხმების 4.63 პროცენტი მოიპოვეს და საკმაოდ ახლოს მივიდნენ 5 %-იან ბარიერთან. შესაბამისად, პარტიის ასეთ მარცხს „ღირსეულ მარცხად“ მოიხსენიებს გია ხუხაშვილი, მაგრამ პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთი ღირსეული მარცხის შემდეგ დაწყებული დაშლის პროცესი, შესაძლოა, სხვა მიზეზებზეც მიგვანიშნებდეს და ააშკარავებდეს, რომ პარტიაში ყველაფერი რიგზე არც მანამდე იყო. გია ხუხაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს ვარაუდების გამოთქმისგან, მაგრამ მისთვის ბევრის მთქმელი იქნება, თუკი გამართლდა წინასწარი ინფორმაცია პარტიის ზოგიერთი წევრის მთავრობაში გადაბარგების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, გია ხუხაშვილის აზრით, კიდევ უფრო დამძიმდება საზოგადოების არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილება პოლიტიკოსებზე და ეს არ იქნება სასურველი დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ ეტაპზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ასეთი გეგმების არსებობას არ ადასტურებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG