Accessibility links

სად მიდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი


ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს დაიკავებს. პრემიერ-მინისტის მიერ 20 ივლისს გახმაურებულ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ახლახან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ერთმანეთისგან გამიჯვნას ისახავს მიზნად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კმაყოფილია უწყების დეპოლიტიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, რასაც ვერ ვიტყვით მის პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

„ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება. გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და ახლა უკვე ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე, როცა ის საზოგადოებას საკადრო ცვლილების მოსალოდნელობას აცნობდა და ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამომავლო პოსტისთვის წარადგინა:

„ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი. რაც მთავარია, ის არის მაღალი პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ მას აქვს კარგი მენეჯერული თვისებები – ასე რომ, მე მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს“.

ვახტანგ გომელაურს მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავრობასა თუ პარლამენტში – მათ ის შინაგან საქმეთა მინისტრადაც ძალიან მოსწონთ და წინასწარვე ზუსტად იციან, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსადაც სავსებით შესაფერისი იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვახტანგი ძალიან კარგად გაართმევს თავს... ის არის აპოლიტიკური ფიგურა, არ განეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და ამ საკადრო გადაადგილებას სისტემის დეპოლიტიზების კიდევ ერთი გამოვლინება უწოდა.

თუმცა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის წარდგენა ოპოზიციური ფლანგის მწვავე უკმაყოფილებას იწვევს. თანაგუნდელების მსგავსად, არც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს სჯერა, რომ ამ ეტაპისთვის გადადგმული ნაბიჯები სისტემის დეპოლიტიზებას უზრუნველყოფს. უფრო პირიქით:

„მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე – უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად - დაინიშნებოდა ივანიშვილის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი დაცვის ყოფილი უფროსი. სამწუხაროა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში - განსაკუთრებით, ძალოვან თანამდებობებზე - სწორედ ამგვარი ნიშნით ხდება ადამიანების დანიშვნა. ჩვენ თავიდანვე ვაკრიტიკებდით ამ გაყოფას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ფორმალური ხასიათი ჰქონდა“.

უსაფრთხოების სამსახურის მანდატი არის ძალიან ზოგადი და ძალიან ბევრი რამ შეიძლება განიმარტოს სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილად. იმ პირობებში, როცა ასეთი ბუნდოვანია, რა მანდატი აქვს, რას უნდა ემსახურებოდეს და რა ბერკეტები აქვს, ძალიან დიდია რისკი ადამიანის უფლებებში დაუსაბუთებელი ჩარევის...

საკანონმდებლო პაკეტის საბოლოო შინაარსმა უკმაყოფილო დატოვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემხრობიან შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას, მაგრამ არა ამ ფორმით. მაგალითად, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დიდი პრობლემაა, როდესაც კვლავაც ერთ სტრუქტურას – და ამჯერად უკვე უსაფრთხოების სამსახურს - ექნება უზარმაზარი ძალაუფლება: გამოძიების, სამართალდაცვითი, ოპერატიულ-სამძებრო და ანალიზის ფუნქციები და რომასეთი სამსახური იქნება საფრთხის შემცველი, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით.

ფუნქციების გაყოფას ბუნდოვანსა და გაურკვეველს უწოდებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული. შესაბამისად, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მთელ რიგ შემთხვევებში ხდება ფუნქციების დუბლირება და სამომავლოდ კვლავაც მაღალი იქნება როგორც საპოლიციო, ასევე უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკები:

„უსაფრთხოების სამსახურის მანდატი არის ძალიან ზოგადი და ძალიან ბევრი რამ შეიძლება განიმარტოს სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილად. იმ პირობებში, როცა ასეთი ბუნდოვანია, რა მანდატი აქვს, რას უნდა ემსახურებოდეს და რა ბერკეტები აქვს, ძალიან დიდია რისკი ადამიანის უფლებებში დაუსაბუთებელი ჩარევის და, იმის გათვალისწინებით, რომ არის ძალიან დახურული უწყება, ძალიან რთული იქნება მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ამიტომ ამ სამსახურის კანონიერების კონტროლი იქნება ძალიან გართულებული“.

ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 6-წლიანი ვადით დაამტკიცებენ, ვახტანგ გომელაურს დეპუტატები საკომიტეტო სხდომებზე მოუსმენენ. პოსტზე დასამტკიცებლად მას 76 დეპუტატის ხმა ესაჭიროება და წინასწარვე ცხადია, რომ ამ პროცესში წინააღმდეგობა არ შეხვდება.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წიაღიდან უსაფრთხოების ფუნქციების გამოყოფასა და 1 აგვისტოდან ახალი სამსახურის ამოქმედებას ისახავს მიზნად, საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს დაამტკიცა, 15 ივლისს კი დოკუმენტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თუმცა როგორც მისმა მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განმარტა იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებას საწყის, მაგრამ არასაკმარის ნაბიჯად მიიჩნევს და თვლის, რომ რეფორმები უახლოეს მომავალში „სწრაფად და კარგად გააზრებულად“ უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრს, ამ პოსტისთვის ახალ კანდიდატურას, წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას 2–3 დღეში წარუდგენს.

თუ ეს პროცედურა სამსახურის უფროსის დანიშვნით 1 აგვისტომდე, როცა კანონის უმეტესი ნაწილის ამოქმედებაა გათვალისწინებული, არ დასრულდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG