Accessibility links

logo-print

ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ. შენობაში, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს დღეებში რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება იგეგმება. რეაბილიტირებული ფართები, სამინისტროს განცხადებით, იმ დევნილებს გადაეცემათ, რომლებიც ამჟამად სოციალურად დაუცველ ოჯახებთან ერთად ჰოსპიტლის შენობაში ცხოვრობენ. სამინისტრო იქ მცხოვრებ დევნილებს დროებით ქირით გაყვანასა და 300-ლარიან დახმარებას ჰპირდება. 300 ლარის ოდენობის ქირის გადახდას სთავაზობს ისნის რაიონის გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც. დევნილთა ნაწილსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხელისუფლების დაპირების არ სჯერათ და ფართების კუთვნილებაში გადაცემას მოითხოვენ.

ელა ახალაძეს ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობისკენ მივყავარ - ის ოთახი უნდა მაჩვენოს, სადაც ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად წელიწადზე მეტია ცხოვრობს. გვერდით ყველაზე უმცროსი, სამი წლის ბიჭი მოსდევს. ელა მეუბნება, რომ სახლი არასდროს ჰქონია. მისი ოჯახი ბავშვობიდან ქირით ცხოვრობდა. სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, თუმცა საკუთარი სახლი არც მის ქმარს ჰქონდა. ჰოსპიტალთან სატვირთო მანქანა დგას, ავეჯს ეზიდებიან. ყოფილი ჰოსპიტლის გრძელ, ბნელ და გაყინულ დერეფნებში სარეცხი კონწიალობს. ოთახებიდან ბავშვების ტირილის ყრუ ხმა და კვამლი გამოდის. იქაურები შეშით თბებიან. ელას ოთახში ცემენტის იატაკიდან თითქმის ნახევარი მეტრის სიმაღლეზე კედელია გამონგრეული. კედელზე ფარდა კიდია. ეს სავენტილაციო ფართია. ელას სწორედ იქ აქვს მოწყობილი საპირფარეშო. მაგიდაზე ერთი შეკვრა მაკარონი დევს და ორი ქილა მაწონი დგას. თაროზე ხახვი ყრია. ელას ერთადერთ შემოსავალს სოციალური და მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი 125-ლარიანი დახმარება წარმოადგენს. ქმარი არ ჰყავს. არ მუშაობს, რადგან ბავშვებს ვერავისთან ტოვებს. მის ოთახში ცივა. ღუმელს საღამოსკენ დაანთებს. ერთ რამეში კი გამიმართლაო, ამბობს ელა. ამ შემთხვევაში სიტყვა გამართლება აუცილებლად ბრჭყალებში უნდა მოექცეს: „არ ვიცი, მართლა გამიმართლა, რომ ჩემი შვილებიც ცოტას ჭამენ და არც მე ვარ დიდი მჭამელი, თორემ რა გვეშველებოდა?! მაწონი, მაკარონი, ზეთი, შაქარი - აი, ამის ყიდვას ვახერხებთ. ჩვენთვის ხორცი არ არსებობს. ბავშვებს ახლა ხორცი რომ მოუტანოს ვინმემ, შეიძლება არც შეჭამონ. არ აქვთ ხორციანი საჭმელი ნაჭამი“, - ამბობს ელა ახალაძე.

ელას მეზობლად ცხოვრობს მედიკო 13 წლის შვილთან ერთად. მის გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ელას ოთახისგან განსხვავებით, მედიკოსა და მისი შვილის 7-კვადრატულ ოთახს ფანჯარა არ აქვს. კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ერთი ქურთუკი კიდია. მისი შვილი მეზობელთან, ფანჯრიან ოთახშია შეკედლებული: „ეპილეფსია აქვს, ხერხემლის გამრუდება. ძალიან ცუდად ხედავს. ახლაც წამლებში მყავს. მეზობელმა მათხოვა ოთახი. აქ ფანჯარა არ გვაქვს და ხომ უნდა ისუნთქოს. აი, ახლაც 115 ლარის წამლები დამჭირდა. 15 წელი ქირით ვცხოვრობდი. ვეღარ გადავიხადეთ და აქ აღმოვჩნდი. ქმარი გარდამეცვალა. ჩვენი პატრონი არავინაა და ვცხოვრობთ ამ საშინელ პირობებში“, - ამბობს მედიკო.

ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს „უკანონოდ შეჭრილ ოჯახებს“ უწოდებენ. იქ ამჟამად 113 ასეთი ოჯახი ცხოვრობს. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათთან ერთად ჰოსპიტლის შენობაში ცხოვრობს 66 დევნილი ოჯახი. ისანში მდებარე ყოფილი ჰოსპიტლის შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სამინისტრო უახლოეს დღეებში გეგმავს შენობის რეაბილიტაციის დაწყებას. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე დღეა შენობიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყვანა მიმდინარეობს. დევნილთა ნაწილი დათანხმდა შენობის დატოვებას და სამინისტროს მიერ შეთავაზებულ 300-ლარიან ბინის ქირას იმ დრომდე, სანამ მათ სახელმწიფო რეაბილიტირებულ ფართებს კუთვნილებაში გადასცემს. მათ შორისაა აფხაზეთიდან დევნილი ცინარაც. სწორედ მის ბარგს ალაგებენ ჰოსპიტალთან მდგარ სატვირთო მანქანაში: „ერთი თვის ბავშვით გავდივარ ქირით. იმ პირობით გავდივარ, რომ ვაზიანში აშენებულ კორპუსში შემპირდნენ, შეგასახლებთო. თუკი არ შემასახლეს, მერე სხვა, ალტერნატიულ ზომებს უნდა მივმართოთ. გუშინ ჩამირიცხეს ქირის თანხა“.

ჰოსპიტლის შენობის დატოვებას არ აპირებს გალიდან დევნილი ნანა კუჭავა. ის წელიწადზე მეტია ჰოსპიტლის შენობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ნანა ამბობს, რომ იმ დევნილთა ნაწილს, რომლებსაც 8 დეკემბერს ბინების დასაქირავებლად 300-300 ლარი ჩაერიცხათ, ბანკიდან აღებული ვალების გამო თანხა ჩამოეჭრათ და მათი ნაწილი უკან, ჰოსპიტლის შენობაში, მიბრუნდა: „აქ ერთი წლია ვცხოვრობ. მანამდე ფოცხოში ჩაგვასახლეს, მაგრამ შვილი გამიხდა ცუდად და წამოვედით. ქირის ფული ოჯახებს ჩაერიცხათ, მაგრამ ბანკის ვალები ჰქონდათ და ჩამოეჭრათ მაშინვე. ერთი თვე რომ ჩაგვირიცხონ ქირის ფული და მერე ისე დავრჩეთ, სად წავიდეთ? სანამ ჩემს საკუთარ ფართს არ მომცემენ, მანამდე არსად წამსვლელი არ ვარ“, - ამბობს ნანა კუჭავა.

შენობის დატოვებასა და ისნის რაიონის გამგეობის მიერ შეთავაზებულ თვეში 300- ლარიან ქირას არ თანხმდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახები. ისინი შიშობენ, რომ რამდენიმე თვეში სახელმწიფო ქირის გადახდაზე უარს იტყვის და კვლავ თავშესაფრის გარეშე დარჩებიან. მათ შორისაა თამარ ოშაყმაშვილიც: „იმიტომ არსად არ ვართ ქირით გამსვლელები, რომ არავის არ ვენდობით. ყოველდღე იცვლებიან მინისტრები, რეორგანიზაციები ხდება მთავრობაში. ისნის გამგებელი იყო მოსული, ვახტანგ ქიზიყურაშვილი, იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ჩვენ დათმობაზე არ მივდივართ. აქ ისეთი რამ დატრიალდება, რაც არავის უქნია“, - ამბობს ის.

ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ პირობებზე საუბრობს, რომელსაც გამგეობა ჰოსპიტლის შენობაში ე.წ. შეჭრილ ოჯახებს სთავაზობს. ამ ეტაპზე, მისი თქმით, აღწერის შედეგად გამოიკვეთა, რომ შენობაში მცხოვრები 113 ოჯახიდან სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი მხოლოდ 61 ოჯახს აქვს. მისივე თქმით, შს სამინისტროსთან ერთად ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 15 ოჯახს თბილისის სხვადასხვა რაიონში საკუთრება აქვს: „პირველად რომ აღვწერეთ, 82 ოჯახი გამოვიდა. მეორე დღეს 14 ოჯახი დაემატა. თითოეულ მათგანს ვეუბნებით, გამოვიდნენ შენობიდან დროებით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, რომ ქირის თანხას ჩვენ გადავიხდით, მანამ, სანამ თქვენთვის გამოინახება სოციალური საცხოვრისები. გარეთ არავის დავტოვებთ. საქვეყნო გარანტიას ვაძლევთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ხვალ, არც ზეგ, არც მაზეგ, ისინი არ დარჩებიან გარეთ. თუმცა ერთსაც დავძენ, რომ თითოეული საკითხი მოკვლეული იქნება: ფლობს თუ არა ესა თუ ის ოჯახი საკუთრებას, რატომ მოხდა შენობაში შეჭრა. ცხადია, აქ არ არის ლაპარაკი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებზე. დანარჩენი კატეგორიები კი გამოსაკვლევია“, - ამბობს ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

ისნის გამგებლის თქმით, 8 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით, შედგა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც განიხილეს ე.წ. სოციალური საცხოვრისების მშენებლობის საკითხი. მისი თქმით, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან, საქართველოს ხელისუფლება იწყებს საცხოვრისების შენებას, სადაც სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები განთავსდებიან: „მათ სოციალური საცხოვრისები გადაეცემათ. ისინი გადაეცემათ საკუთრებაში, არა გასაყიდად ან დასაგირავებლად, არამედ მათი პირობების გასაუმჯობესებლად. მოხდება არსებული შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია, რამდენად შეესაბამება საცხოვრისებს, მოხდება მათი შეკეთება და იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ შეიძლებოდეს ამ ადამიანების იქ განთავსება. შეიძლება ძალიან დიდი ფართები არ იყოს, იყოს საკმაო ფართები, მაგრამ ამ ადამიანებისთვის იყოს ცივილური, ნორმალური პირობები“, - ამბობს ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

რაც შეეხება სამხედრო ჰოსპიტლის შენობას, როგორც რადიო თავისუფლებას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ უთხრა, შენობაში იგეგმება 160 ბინის გაკეთება, რომელიც დევნილ ოჯახებს კუთვნილებაში გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG