Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული მთავრობის დადგენილების იმ ნორმის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემაში იყო ჩართული, საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური მომსახურების პაკეტით ისარგებლებს. ეს, მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.

56 წლის მირიან მიგინეიშვილი 2013 წლის 1 ივლისის შემდეგაც „ალდაგი ბი-სი-აის“ - ამჟამად კი „იმედი L-ის“ - დაზღვევით სარგებლობდა და ამაში ყოველთვიურად 40 ლარს იხდიდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ფასიან მომსახურებაზე უარი თქვა, რადგან, მუშაობის მიუხედავად, გაუჭირდა გადასახადის დაფარვა. ამასობაში, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაც შემოიღეს და იფიქრა, რომ ის ჩაანაცვლებდა „იმედი L-ის“ კერძო მომსახურებას, მაგრამ, როცა გამოკვლევა დასჭირდა, მიგინეიშვილი პრობლემას წააწყდა:

„როცა პოლიკლინიკაში მივედი, მითხრეს, სამი თვე უნდა გავიდეს და დაგაზღვევთ საყოველთაო დაზღვევაშიო. გავიდა სამი თვეც, ექვსი თვეც და არა, რა. მითხრეს, დაზღვეული ხარო, მაგრამ, რაც აქვთ პაკეტი, იმის ნახევარში ვარ დაზღვეული. არც აქვთ ვადა მითითებული, როდის შეიძლება სრული პაკეტი რომ მქონდეს- მითითებული არ არის. შემდეგ მივმართე ჯანდაცვის სამინისტროსაც, მაგრამ არ არის შედეგი“.

მირიან მიგინეიშვილმა დახმარებისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. ორგანიზაციამაც 2015 წლის 25 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" მთავრობის # 36 დადგენილების მე-2 მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

გიორგი გოცირიძე, რომელიც სასამართლოში მიგინეიშვილის ინტერესებს იცავს, ამბობს:

„არათანაბარ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ჰქონდათ კერძო დაზღვევა. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმა [მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლი] დისკრიმინაციულია ამ ადამიანებთან მიმართებაში და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია თანასწორობის უფლება“.

საილუსტრაციოდ იმისა, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე მთავრობის დადგენილებას სადავოდ, მოყვანილია რამდენიმე არგუმენტი. მაგალითად, სრულ მომსახურებაში, უფასო გადაუდებელი მკურნალობისა გარდა, შედის სხვადასხვა ოპერაცია - ზოგი მთლიანად უფასოდ, ზოგიც თანადაფინანსების პრინციპით; ასევე გეგმიური გამოკვლევები, მაგალითად, კარდიოგრაფია, ექოსკოპია და რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო და სხვა სახის ანალიზები. შეზღუდული სადაზღვევო პაკეტით კი, მაგალითად, უფასო ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ხდება. ასევე ძალიან არის შეზღუდული ჩამონათვალი იმისა, რაც ამბულატორიულ გამოკვლევაში შედის, თუმცა ამ შემთხვევაშიც უფასოა შარდის და სისხლის საერთო ანალიზის აღება.

ამიტომაც, მთავრობის ხსენებული დადგენილების დისკრიმინაციულ ბუნებაზეა საუბარი ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციიის მიერ მომზადებულ სარჩელშიც. ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა.
აი, რას ამბობს ორგანიზაციის იურისტი ნინო ლაცაბიძე:

„ბატონმა როინ გავაშელიშვილმა მოგვმართა, ვინც არის მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში. მას ესაჭიროებოდა ერთ-ერთი სახის მომსახურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას კერძო დაზღვევა ჰქონდა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ვერ ახერხებდა ჯანდაცვის სრული პაკეტით სარგებლობას“.

49 წლის როინ გავაშელიშვილი, ვის შესახებაც ნინო ლაცაბიძე ლაპარაკობს, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა და ხუთლარიანი სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ, საყოველთაო დაზღვევის სრული მომსახურების მიღების სურვილით, მან ჯანდაცვის სამინისტროს სამჯერ მიმართა, მთავრობას -ორჯერ, მაგრამ ყველა წერილზე უარყოფითი პასუხი მიიღო. როინ გავაშელიშვილი ჩივის, რომ ქირურგიული ჩარევა სჭირდება, მაგრამ ვერ მკურნალობს - შეზღუდული დაზღვევა ამის საშუალებას არ აძლევს:

„მოვესწრები თუ არა ოპერაციას, არ ვიცი, ამის შესახებ მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, მერე იმაზეც მივმართე, რომ არ ვმუშაობ, სოციალურად დაუცველი ვარ, სტატუსი მომეცით-მეთქი. არც სტატუსი მომცეს. უმუშევარი ვარ, შემოსავალი არ მაქვს, რომ ოპერაცია ჩემი ფულით დავაფინანსო“.

როინ გავაშელიშვილმა ისიც არ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო სარჩელს, ან, თუ დააკმაყოფილებს,- როდის. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ გავაშელიშვილის მსგავს ვითარებაში, შესაძლებელია, ბევრი სხვაც იმყოფებოდეს, ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ სასამართლოსმიმართა შუამდგომლობითაც, გადაწყვეტილების საბოლოო გამოტანამდე, მთავრობის დადგენილების სადავო ნორმა შეჩერდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG