Accessibility links

logo-print

ბოლო ხანებში რამდენჯერმე გაისმა მოსაზრება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპები, შესაძლოა, გადაიხედოს და, შესაბამისად, კერძო დაზღვევაზე მოთხოვნაც ნაწილობრივ გაიზარდოს. ერთი რამ ფაქტია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდგომი დარტყმა სადაზღვევო სექტორმა მეტ-ნაკლებად გადაიტანა და 2014 წლიდან კვლავ აღმასვლა დაიწყო, რაც ბაზრის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას მოწმობს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით (სახელმწიფო დაწესებულებებში კორპორაციული დაზღვევები, კერძო კომპანიებში კორპორაციული დაზღვევები, ინდივიდუალური დაზღვევები) მოსარგებლეთა რაოდენობა საწყის ეტაპზე შემცირდა. 2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, პოლისების რაოდენობა 117 326-ით შემცირდა, თუმცა 2014 წლის მეორე კვარტალიდან კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2015 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, კერძო დაზღვევით 536 014 ადამიანი სარგებლობდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე არსებულ რაოდენობას მცირედით (1 241-ით) აღემატება.

ამ დღეებში დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა სადაზღვევო ბაზრის მეორე კვარტალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ბაზრის დინამიკა მეტ-ნაკლებად უცვლელია. სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 229,9 მილიონი ლარი, რაც 13 %-ით მეტია, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიების ხუთეული მოზიდული პრემიის მიხედვით ასე გამოიყურება: GPI Holding 50,6 მილიონი ლარი (ბაზრის 22.04 %–იანი წილი); IMEDI L 43 მილიონი (ბაზრის 18.73 %); ALDAGI 42,2 მილიონი (18.36 %); PSP 27,8 მილიონი (12.09 %); ARDI 15,864,442.50 (6.90 %).

სამი ძირითადი სადაზღვევო პროდუქტი, წილების მიხედვით, ასე განისაზღვრა:

სამედიცინო დაზღვევა - ბაზრის 49,30 % (წინა წლის იმავე პერიოდში იყო 48,07 %); ქონების დაზღვევა - ბაზრის 15,71 % (შედის აგროდაზღვევაც, 2015 წლის პირველ ნახევარში იყო 16,66 %); ავტოდაზღვევა - ბაზრის 14,01 % (წინა წლის პირველ ორ კვარტალში 15,15 %).

რაც შეეხება სექტორის წმინდა მოგებას, მან 12,4 მილიონი ლარი შეადგინა გასული წლის იმავე პერიოდის 2,3-მილიონიანი ზარალის შემდეგ.

შეგახსენებთ: 2014 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" გაიყო და, შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე მუშაობს სადაზღვევო კომპანია „იმედი L“. რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ეს მიმართულება „ალდაგმა“ ჩაიბარა. სწორედ ამ ფაქტის ფონზე გახდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოზიდული პრემიის მაჩვენებლით ბაზრის ლიდერი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG